თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/3773-15 -ინდივიდუალური მეწარმე დიმიტრი მულაძე (გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3773-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2015 წლი ს 19 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: ინდივიდუალური მეწარმე დიმიტრი მულაძე
წარმომადგენელი: გია ფოლადიშვილი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ინდივიდუალური მეწარმე დიმიტრი მულაძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2015 წლის 02 მარტს ი/მ დიმიტრი მულაძის წარმომადგენელმა გია ფოლადიშვილმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ი/მ დიმიტრი მულაძის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით ი/მ დიმიტრი მულაძის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 935416,36 ლარს და მას არ გააჩნია ქონება. საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ცნობის მიხედვით ი/მ დიმიტრი მულაძის სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 მარტის განჩინებით განმცხადებელს განემარტა განცხადებაში არსებული ხარვეზის შესახებ და დაევალა მოვალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლის წარმოდგენა, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე იმყოფება; ასევე სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენა, რომ მოვალე არაა რეგისტრირებული მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ და/ან მოსარგებლედ.
2015 წლის 17 მარტს ი/მ დიმიტრი მულაძის წარმომადგენელმა გია ფოლადიშვილმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც დიმიტრი მულაძის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა ი/მ დიმიტრი მულაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოვალე გადახდისუუნაროა.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და საქმეში არსებულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ ი/მ დიმიტრი მულაძეს უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ მოვალეს ქონება არ აქვს და ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც ინდ. მეწარმე დიმიტრი მულაძეს უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდივიდუალური მეწარმე დიმიტრი მულაძეს (ს/ნ 01021003220) განცხადება არ იქნას მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს ინდივიდუალური მეწარმე დიმიტრი მულაძის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი