„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2450
სარეგისტრაციო კოდი
110.040.000.04.001.002.068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 28/12/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.“.

2. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

3. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით.“.

4. მე-40 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე, ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მათ უნდა განეხორციელებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. ეს კომპენსაცია, ხელფასის სრული ოდენობით იცვლება უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია გაანგარიშდება ამ კანონის 36-ე მუხლთან შესაბამისობაში მოსაყვანად.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ამ კანონის 36-ე მუხლი 2006 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება პენსიის მიმღებ ყველა მოსამართლეზე პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2450_რს