ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი (26 აპრილი) მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება მოქმედი ინტელექტუალური საკუთრება
მიღების თარიღი 03.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 050070000.48.065.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე | სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი (26 აპრილი) მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება
№5
2015 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი (26 აპრილი) მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის ,,ლ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი (26 აპრილი) მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე კონკურსის თანდართული დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარენიკოლოზ გოგილიძე
დანართი №1
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი (26 აპრილი) მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე კონკურსის
დებულება
მუხლი 1🔗.
კონკურსის მიზანი
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი (26 აპრილი) მიძღვნილი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების შერჩევა და გამარჯვებული ავტორის გამოვლენა.
მუხლი 2🔗.
ზოგადი დებულებები
1. კონკურსს ერთობლივად აცხადებენ: სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“ (შემდგომში - საქპატენტი) და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია.
2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა საკონკურსო კომისიის წევრისა და/ან მისი ახლო ნათესავისა.
3. თანაავტორობის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ავტორთა საერთო განაცხადით.
4. კონკურსის სამუშაო ენა არის ქართული.
5. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ ორი კონკურსანტის მონაწილეობის შემთხვევაში.
მუხლი 3🔗.
საკონკურსო კომისია
1. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს საკონკურსო კომისია (შემდგომში კომისია), რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით ქმნის საქპატენტის თავმჯდომარე.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 7 წევრით (საქპატენტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, ქალაქ თბილისის საკრებულოს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წარმომადგენლებით და მუსიკალური პროდუსერით. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს მოწვეული ექსპერტი/სპეციალისტი).
3. კომისიას თავმჯდომარეობს საქპატენტის თავმჯდომარე.
4. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის სხდომის გამართვის დროს.
5. კომისიას შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი. კომისიას ყავს კომისიის მდივანი.
6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.
8. კომისიის სხდომა დახურულია.
9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვება ოქმს.
10. კონკურსის შედეგების მიხედვით კომისია აცხადებს გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოების ავტორს, ან გამოაქვს გადაწყვეტილება ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ.
11. კონკურსის მონაწილეებს 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობება კომისიის მიერ მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.
12. გამოცხადებული კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად თუ კომისიამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოები.
მუხლი 4🔗.
კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსს აცხადებს საქპატენტის თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.
2. განცხადება კონკურსის შესახებ ქვეყნდება ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით.
3. განცხადება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურისის ჩატარების მიზანს;
ბ) კონკურსის პირობებს;
გ) ინფორმაციას ჯილდოს შესახებ;
დ) განაცხადის წარდგენის ფორმას და ვადას;
ე) განაცხადის წარდგენის მისამართს.
მუხლი 5🔗.
კონკურსის პირობები
1. კონკურსზე წარმოდგენილი მუსიკალური ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა შეიცავდეს ტექსტს და იყოს შექმნილი პირადად კონკურსანტ(ებ)ის მიერ;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ნაწარმოების შემსრულებელი სხვა პირია, კონკურსანტ(ებ)ს უნდა ეკუთვნოდეს მისი შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რის თაობაზეც წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება;
გ) უნდა იყოს ორიგინალური;
დ) მისი შექმნით, არ უნდა დაირღვეს მესამე პირების საავტორო და მომიჯნავე უფლებები;
ე) კონკურსანტ(ებ)ის მიერ მუსიკალურ ნაწარმოებზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები არ უნდა იყოს გადაცემული მესამე პირებისათვის;
ვ) მუსიკალურ ნაწარმოებზე არ უნდა იყოს განხორციელებული სხვა ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ან შეუძლებელი გახადოს ნაწარმოების გამოყენება ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა მიერ;
ზ) მუსიკალური ნაწარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს;
თ) მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი უნდა გამოხატავდეს საავტორო უფლებებისადმი პატივისცემას, მოწოდებას მისი დაცვისა და დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ტექსტში გამოყენებული უნდა იყოს 2015 წლის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის (26 აპრილი) სლოგანი ქართულ ენაზე: ,,ხმა აიმაღლე მუსიკისთვის” (Get Up, Stand up. For Music). მისამღერი უნდა იყოს ორენოვანი (ქართული და ინგლისური) და შეიცავდეს ამავე სლოგანს ინგლისურ ენაზე: “Get Up, Stand up. For Music”. ტექსტი არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას ძალადობისა და დისკრიმინაციისკენ. მუსიკალური ნაწარმოები სასურველია იყოს მაჟორული და შეესაბამებოდეს ასეთი კატეგორიის მუსიკალური ნაწარმოებისადმი დამახასიათებელ მოთხოვნებს.
2. საკონკურსო ნაწარმოებს კონკურსანტ(ებ)ი წარმოადგენს კონვერტით. ნაწარმოები უნდა იყოს, ჩაწერილი ნებისმიერ ინფორმაციის ციფრულ მატარებელზე, mp3 ან wav ფორმატში, რომელიც იძლევა მისი რეპროდუცირების საშუალებას, ასევე, უნდა ახლდეს ნაწარმოების ტექსტი ნაბეჭდი სახით.
3. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
4. მუსიკალური ნაწარმოების ჩანაწერის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც ბგერების თავისუფლად აღქმის საშუალებას იძლევა.
5. კონვერტზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტ(ებ)ის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
6. საკონკურსო ნაწარმოები წარმოდგენილი უნდა იყოს პირადად კონკურსანტ(ებ)ის მიერ, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რამიშვილის ქ. №4.
7. კონკურსი ტარდება ერთ ეტაპად.
8. საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადის გასვლიდან არაუმეტეს ხუთ სამუშაო დღეში საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (სამუშაო დღის ბოლოს) გამოცხადდება გამარჯვებული.
9. ფულადი ჯილდოს ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
მუხლი 6🔗.
გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული ჯილდო
კონკურსში გამარჯვებულისათვის საქპატენტისა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ, ერთობლივად დაწესებულია ჯილდო 1000 (ათასი) ლარი და მობილური ტელეფონი (სმარტფონი). კონკურსში გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოები ჩაიწერება სტუდიაში და გამოიცემა CD-დისკზე, ასევე მუსიკალურ ნაწარმოებზე შეიქმნება ვიდეო რგოლი.
მუხლი 7🔗.
კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები
1. გამარჯვებული ნაწარმოები წარმოადგენს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შექმნილ ნაწარმოებს, რომელზეც განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები სრულად ეკუთვნის საქპატენტს და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას.
2. გამარჯვებული ნაწარმოების შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლებები სრულად ეკუთვნის საქპატენტს და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას.
3. კონკურსში მონაწილე ყველა სხვა ნაწარმოებზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები რჩებათ შესაბამის ავტორებს და ნაწარმოებები მოთხოვნისთანავე უბრუნდებათ მათ.