თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/5967-15 სს ”საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/5967-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2015 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფო”
წარმომადგენელი: შპს ”რეაბილიტაცია” დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2015 წლის 31 მარტს სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფო” წარმოადგენს 100% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და სს ”საგარეჯოს რაისავადმყოფოს” (ს/კ 238111404), შპს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სადგური „იმედის” (ს/კ 238112332), შპს „საგარეჯოს რაიონის სამშობიარო სახლის” (ს/კ 238115696) და შპს „საგარეჯოს ნარკოლოგიური ცენტრის” (ს/კ 238134577) სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას. საწარმო არ ფუნქციონირებს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს’’ 2015 წლის 2 მარტის წერილის თანახმად, სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” (ს/კ 238143200) და მის წინამორბედი ორგანიზაციების სს „საგარეჯოს რაისაავადმყოფოს” (ს/კ 238111404), შპს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სადგურ „იმედის” (ს/კ 238112332), შპს „საგარეჯოს რაიონის სამშობიარო სახლის” (ს/კ 238115696) და შპს „საგარეჯოს ნარკოლოგიური ცენტრის” (ს/კ 238134577) სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 27 თებერვლის წერილის შესაბამისად, სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს”(ს/კ 238143200) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება ,,VAZ 21213’’ სახელმწიფო სანომრე ნიშნით KFK-827. სს „საგარეჯოს რაისაავადმყოფოს” (ს/კ 238111404) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება ,,UAZ 39621’’ სახელმწიფო სანომრე ნიშნით RBD-169. ხოლო, შპს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სადგურ „იმედის” (ს/კ 238112332), შპს „საგარეჯოს რაიონის სამშობიარო სახლის” (ს/კ 238115696) და შპს „საგარეჯოს ნარკოლოგიური ცენტრის” (ს/კ 238134577) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა.
განმცხადებლის მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს’’ (ს/კ 238143200) შორის 2011 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული, მოძრავი ქონების უსასყიდლოს/საჩუქრად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა ორანიზაციის ბალანსზე არსებული სატრასპორტო საშუალების ,,VAZ 21213’’ სახელმწიფო სანომრე ნიშნით KFK-827 და სხვა მოძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. ხოლო, სატრანსპორტო საშუალების ,,UAZ 39621’’ სახელმწიფო სანომრე ნიშნით RBD-169, რომლის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, ადგილმდებარეობა დაუდგენელია. ზემოღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გარდა სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს’’ (ს/კ 238143200) სხვა მოძრავი ქონება საკუთრების უფლებით არ ერიცხება.
სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს’’ (ს/კ 238143200) არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც საზოგადოების დავალიანება შეადგენს 2896,28 (ორი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტ ლარს და ოცდარვა თეთრს) ლარს. საწარმოს დებიტორული მოთხოვნები არ გააჩნია. სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს,,ლიბერთი ბანკში’’. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე ერიცხება 40,73 (ორმოცი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარი. სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფო” გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ სს „საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოს” უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.ა” ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების საფასური განისაზღვრება, თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.
აღნიშნული ღირებულების ქონება კი სს ”საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოს” არ გააჩნია და შესაბამისად საპროცესო ხარჯების დაფარვასას ვერ უზრუნველყოფს, რის გამოც უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” (ს/კ 238143200) განცხადება არ იქნას მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი