კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.04.2015
ძალის დაკარგვა 05.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №46/04
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 10.11.2023
- კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 04.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№46/04
2015 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ,,კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) მოიცავს ამ ბრძანების დანართი N1 –ით გათვალისწინებული ,,კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე კომერციული ბანკის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაციის წარმოდგენის წესს.
2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დისტანციური ზედამხედველობის (შედგომში – დისტანციური ზედამხედველობა) მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ კომერციულ ბანკში (შემდგომში – ბანკი) არსებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, ბანკის შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.
3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი ბანკები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, ინდივიდუალური მეწარმე;
გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;
დ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) რეგისტრირებული – შექმნილი - იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე - ფიზიკური პირის შემთხვევაში;
ზ) კლიენტი – ნებისმიერი პირი (გარდა ბანკისა), რომელიც მიმართავს ბანკს, ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით;
თ) ესქრო მომსახურება – მომსახურება, როდესაც ანგარიშის გახსნისას ფორმდება სამმხრივი (ან მრავალმხრივი) ხელშეკრულება (ბანკი და ტრანზაქციის მონაწილე ორი (ან მეტი) მხარე). საბანკო ანგარიშზე აღირიცხება კონკრეტულ ტრანზაქციაში მონაწილე მხარეების ფულადი სახსრები. ბანკის მიერ ფულადი სახსრების გაცემა შესაბამის მხარეზე ხდება მას შემდეგ, რაც მოხდება მხარეებს შორის არსებული ვალდებულებების შესრულება ან ბანკი მიიღებს შესაბამის დავალებას ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე.
ი) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო.
მუხლი 3🔗.
ანგარიშგების მომზადება
1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება ბანკის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება ბანკის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.
2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე–19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს (გარიგებებს). უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
4. ანგარიშგების არც ერთ ველში არ აისახება ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები, საყოფაცხოვრებო (ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო) მომსახურების გადახდები (გარდა იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საყოფაცხოვრებო გადახდებისა), ასევე, მემორიალური ორდერებით შესრულებული ოპერაციები (გარდა სესხის გაცემისა და საყურადღებო/საეჭვო/არაკოოპერირებად ზონაში რეგისტრირებული პირის ანგარიშზე დეპოზიტის პროცენტის დარიცხვისა) და ერთი ბანკის ფარგლებში ერთი და იმავე კლიენტის ანგარიშებს შორის თანხების მოძრაობა. გამონაკლისს წარმოადგენს ამ წესის მე–7 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
5. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე–17 მუხლის 27–ე და 28–ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
მუხლი 4🔗.
ანგარიშგების ფორმები
1. ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:
ა) ინფორმაცია კომერციული ბანკის შესახებ (ფორმა N1);
ბ) ინფორმაცია კომერციული ბანკის კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა N2);
გ) ინფორმაცია საბანკო პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა N3);
დ) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა N4);
ე) ინფორმაცია საქართელოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა N5);
ვ) ინფორმაცია კომერციული ბანკის მიერ განსაზღრული საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა N6);
ზ) ინფორმაცია რისკის მატარებელი საბანკო პროდუქტების შესახებ (ფორმა N7);
თ) ინფორმაცია ანგარიშის მქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა N8);
ი) ინფორმაცია ანგარიშის არმქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა N9);
კ) ინფორმაცია სწრაფი გზავნილის სისტემების შესახებ (ფორმა N10);
ლ) სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგაზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა N11);
მ) ინფორმაცია მოკორესპონდენტო ბანკების შესახებ (ფორმა N12);
ნ) ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი ანგარიშის მქონე პირების შესახებ (ფორმა N13).
მუხლი 5🔗.
ინფორმაცია კომერციული ბანკის შესახებ (ფორმა N1)
1. ფორმა მოიცავს ბანკის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, დირექტორების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალების და შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების), საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წარმომადგენლობების, ასევე ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის (ადგილზე ინსპექტირების) და მინიჭებული რისკის დონის შესახებ ინფორმაციას.
2. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალების არსებობის შემთხვევაში მიეთითება მათი რაოდენობა და ქვეყნების ჩამონათვალი.
3. საქართველოს ფარგლებს გარეთ შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების) და წარმომადგენლობების არსებობის შემთხვევაში მიეთითება მათი დასახელება და ქვეყნების ჩამონათვალი.
მუხლი 6🔗.
ინფორმაცია კომერციული ბანკის კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა N2)
1. ანგარიშგების ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით ბანკმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.
3. ანგარიშის მქონე კლიენტების ოპერაციების მოცულობა ანგარიშდება საკრედიტო და სადებეტო ბრუნვების აბსოლუტური სიდიდეების დაჯამებით.
4. ანგარიშგების ფორმა მოიცავს ანგარიშის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა საბანკო ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
5. ერთი კომერციული ბანკის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში, ხოლო იურიდიული პირის ანგარიშზე ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება მხოლოდ იურიდიული პირის ბრუნვის მოცულობაში.
6. თუ ანგარიშის მქონე ფიზიკური პირები ოპერაციებს ახორციელებენ პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე (გარდა იურიდიულ პირის ანგარიშზე ნაღდი ფორმით ოპერაციის განხორციელებისა), მონაცემები აისახება მათ ანგარიშებზე განხორციელებულ ბრუნვებთან ერთად.
7. ანგარიშის არმქონე კლიენტების შესახებ ინფორმაციაში აისახება იმ პირების შესახებ მონაცემები, რომელთაც განახორციელეს ვალუტის კონვერტაცია ნაღდი ფორმით, თანხის გადარიცხვა, ფიზიკური პირის ანგარიშზე თანხის განთავსება ან/და სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემის მეშვეობით თანხის გაგზავნა/მიღება.
8. ვალუტის ნაღდი ფორმით კონვერტაციის შემთხვევაში აისახება მხოლოდ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.
9. ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა შესატყვისი ქვეფაქტორები არ არის გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმით, აისახება სხვა რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული/ფიზიკური პირების შესაბამის ქვეფაქტორებში.
10. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ ბანკს გააჩნია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მის მიერ გახორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ასახულ უნდა იქნას ფაქტორის „პირები, რომელთაც არ აქვთ ანგარიშები“ შესაბამის ქვეფაქტორში.
11. თუ ანგარიშს განკარგავს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში), ფორმაში აისახება როგორც ერთი კლიენტის შესახებ ინფორმაცია.
12. რისკის შესაბამის ქვეფაქტორში აისახება ადმინისტრაციული ორგანოების და მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო სუბიექტების მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებელი და არ ფიქსირდება მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
მუხლი 7🔗.
ინფორმაცია საბანკო პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა N3)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება როგორც ანგარიშის მქონე, ასევე ანგარიშის არმქონე პირების მიერ განხორციელებულ გარკვეული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში აისახება ანგარიშის მქონე და ანგარიშის არმქონე პირთა დავალებით და მათ სასარგებლოდ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციების (მათ შორის, ფორმაში მითითებული ოპერაციების გათვალისწინებით) მოცულობის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები, საყოფაცხოვრებო (ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო) მომსახურების გადახდები და მემორიალური ორდერით შესრულებული სესხის გაცემის ოპერაციები.
3. ფორმაში არ აისახება ადმინისტრაციული ორგანოების და მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო სუბიექტების შესახებ ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა (მთლიანი ბრუნვა).
4. ნაღდი ანგარიშსწორებით ვალუტის ყიდვა–გაყიდვის შემთხვევაში აისახება პირის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.
5. ნაღდი ფორმით მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებზე თანხების განთავსების შესახებ მონაცემების ასახვისას, თუ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანა ხდება მიმდინარე ანგარიშის გამოყენებით, აღირიცხება მხოლოდ ერთ–ერთ ანგარიშზე განხორციელებული შენატანის შესახებ ინფორმაცია.
6. იმ შემთხვევაში, თუ ბანკომატით ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (სწრაფი გადახდის ტერმინალები და სხვ.) ხდება თანხის ანგარიშზე განთავსება, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ბანკომატით ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განხორციელებული შეტანების შესახებ მონაცემებში.
7. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს იმ საბანკო ჩეკის განაღდების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ემიტირებულია სხვა ბანკის მიერ.
8. ბანკომატით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით (სწრაფი გადახდის ტერმინალები და სხვ.) ქვეყნის გარეთ განხორციელებული გადარიცხვების შესახებ ინფორმაციაში არ აისახება საზღვარგარეთ არსებული ზემოჩამოთვლილი ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის ოპერაციები.
9. ფორმაში აღირიცხება საანგარიშო პერიოდში ათვისებული (მათ შორის, რევოლვირებადი) სესხების შესახებ ინფორმაცია და არ მოიცავს რესტრუქტურიზებულ და რეფინანსირებულ სესხებს.
10. თუ სესხის უზრუნველყოფა არის შერეული (მოიცავს, მაგალითად, დეპოზიტსა და ძვირფას ლითონებს), სესხის მოცულობა აისახება ფორმით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ–ერთ ქვეფაქტორში.
11. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება ინფორმაცია სესხის შესახებ, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფილია ფორმაში ასახული უზრუნველყოფის საშუალებით და უძრავი ქონებით ან გირავნობის სხვა ნებისმიერი საგნით.
12. საბლანკო სესხის (მათ შორის, ოვერდრაფტი) შესახებ ინფორმაციის ასახვისას, არ აღირიცხება მონაცემები ხელფასით უზრუნველყოფილი სესხების, განვადების და საკრედიტო ბარათების შესახებ.
13. ფორმაში აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა აღემატება 5000 ლარს (ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში) და უზრუნველყოფას წარმოადგენს ძვირფასი ლითონები, ქვები, ანტიკვარიატი ან/და ხელოვნების ნიმუშები.
14. ფორმაში აღირიცხება ისეთი წინასწარი გადახდის ბარათების შესახებ ინფორმაცია, რომელთა მფლობელიც არ არის იდენტიფიცირებული.
15. სხვა მაღალრისკიანი საბანკო პროდუქტებში/ოპერაციებში უნდა აისახოს კომერციული ბანკის მიერ მაღალრისკიანად კლასიფიცირებული ის საბანკო პროდუქტები/ოპერაციები, რომელიც განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.
16. როგორც ანგარიშგების ფორმაში მოცემული, ასევე, ბანკის მიერ განსაზღრული მაღალრისკიანი საბანკო პროდუქტების/ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, უნდა მოიცავდეს მხოლოდ იდენტიფიცირებული კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემებს, ხოლო ინფორმაცია იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული ოპერაციების შესახებ აღირიცხება დიფერენცირებულად –შესაბამის ქვეფაქტორში.
მუხლი 8🔗.
ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა N4)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყნების მიხედვით SWIFT-ის და სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემებით განხორციელებული ჩარიცხვა–გადარიცხვის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ქვეყნების მიხედვით ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია აისახება კონტრაჰენტის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. ფორმაში არ აისახება ადმინისტრაციული ორგანოების და მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო სუბიექტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია.
მუხლი 9🔗.
ინფორმაცია საქართელოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა N5)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ეროვნული ბანკის, როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა.
2. ანგარიშგების ფორმაში ასახულ უნდა იქნას თოთოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი.
3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს ბანკის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.
მუხლი 10🔗.
ინფორმაცია კომერციული ბანკის მიერ განსაზღრული საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა N6)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ბანკის მიერ მიჩნეულ იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ.
2. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს ინფორმაცია, ქვეყნის ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის საეჭვო ზონად კლასიფიცირების თარიღის, იმ საფუძვლებისა და წყაროს შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც მოხდა მისი საეჭვო ზონად მიჩნევა.
მუხლი 11🔗.
ინფორმაცია რისკის მატარებელი საბანკო პროდუქტების შესახებ (ფორმა N7)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც რისკის მატარებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით).
2. ანგარიშგების ფორმაში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის აღწერილობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და ბანკის მიერ რისკების შემცირების მიზნით გატარებულ ზომებს.
მუხლი 12🔗.
ინფორმაცია ანგარიშის მქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა N8)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით ანგარიშის მქონე პირების მიერ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ანგარიშის მქონე პირის მიერ და მის სასარგებლოდ ნებისმიერ სისტემით (SWIFT, სწრაფი ფულადი გზავნილი და სხვ.) განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრანზაქციებს.
3. ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ანგარიშის მქონე პირის მიერ საკუთარ ანგარიშზე (მათ შორის, მესამე პირის მიერ თანხის შეტანა მის ანგარიშზე), ასევე პირადი ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებულ ოპერაციებს. ანგარიშის მქონე პირის მიერ სხვა პირის ანგარიშზე თანხის შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება ორივე კლიენტის შემოსავალში, ხოლო, გატანის შემთხვევაში – ორივე კლიენტის გასავალში.
4. ნაღდი ანგარიშსწორებით ვალუტის ყიდვა–გაყიდვის შემთხვევაში აისახება პირის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.
5. ანგარიშგების ფორმა ასევე მოიცავს ანგარიშის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა საბანკო ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
6. თუ ანგარიშს განკარგავს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში), ფორმაში ინფორმაცია აისახება სტანდარტულად (ერთი კლიენტი), ბანკის მიერ აღრიცხული რეზიდენტობის მიხედვით.
7. ველში ,,სხვა“ აისახება ინფორმაცია მოქალაქეობის არმქონე პირთა, ასევე, იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში.
8. ფორმაში არ აისახება ადმინისტრაციული ორგანოების და მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო სუბიექტების შესახებ ინფორმაცია.
მუხლი 13🔗.
ინფორმაცია ანგარიშის არმქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა N9)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით ანგარიშის არმქონე პირების მიერ, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ანგარიშის არმქონე პირის მიერ და მის სასარგებლოდ ნებისმიერი სისტემით (SWIFT, სწრაფი ფულადი გზავნილი და სხვ.) განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ტრანზაქციებს.
3. ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის და ანგარიშის მქონე პირის ანგარიშზე თანხის შეტანის ოპერაციების მონაცემებს.
4. ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციის შესახებ აისახება მხოლოდ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.
5. ანგარიშგების ფორმა ასევე მოიცავს ანგარიშის არმქონე პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
6. ველში ,,სხვა“ აისახება ინფორმაცია მოქალაქეობის არმქონე პირთა, ასევე, იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში.
7. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ ბანკს გააჩნია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ასახულ უნდა იქნას ანგარიშგების ფორმაში.
მუხლი 14🔗.
ინფორმაცია სწრაფი გზავნილის სისტემების შესახებ (ფორმა N10)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს ბანკში არსებული თითოეული სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. ანგარიშგების ფორმაში, ასევე, ასახულ უნდა იქნას სწრაფი ფულადი გზავნილის თითოეული სისტემის და ბანკის მიერ განსაზღვრული ლიმიტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ იფორმაცია.
მუხლი 15🔗.
სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგაზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა N11)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.
2. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ ზღვარს ზემოთ ოპერაციების შესახებ ანგარიშგება ერთდროულად რამდენიმე ნიშნით არის გაგზავნილი, ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთ–ერთი ნიშნის მიხედვით.
მუხლი 16🔗.
ინფორმაცია მოკორესპონდენტო ბანკების შესახებ (ფორმა N12)
1. ანგარიშგების ფორმაში მიეთითება მოკორესპონდენტო ბანკების ჩამონათვალი ნოსტრო და ლორო ანგარიშების მიხედვით.
2. ფორმაში ასევე უნდა აისახოს მოკორესპოდენტო ბანკების რეგისტრაციის ქვეყანა, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი და ბანკის მიერ მინიჭებული რისკის დონე.
მუხლი 17🔗.
ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი ანგარიშის მქონე პირების შესახებ (ფორმა N13)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი ანგარიშის მქონე პირების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა საბანკო ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
3. ანგარიშის მქონე კლიენტების ოპერაციების მოცულობა ანგარიშდება საკრედიტო და სადებეტო ბრუნვების აბსოლუტური სიდიდეების დაჯამებით.
4. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო კომპანიებს, ასევე საადვოკატო, საბუღალტრო, აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს.
5. ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების შესახებ ინფორმაციის ასახვის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას ასევე ონლაინ სამორინეების და აზარტული თამაშების მომწყობი პირების, ტოტალიზატორების შესახებ ინფორმაცია.
6. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან, ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა ასევე მოიცავს აუქციონის მომწყობ პირებს, ლომბარდებს, ძვირფასეულობის, ანტიკავრიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს.
7. ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაცია ფორმაში აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ საბანკო ანგარიშის გამოყენება ხდება ხსენებული საქმიანობისთვის.
8. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება ხელოვანი პირების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.
9. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის და ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა არაკოოპერირებად, საყურადღებო ან საეჭვო ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოებისა.
10. ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საქმიანობას ქიმიური ნივთირებებით ვაჭრობა ან/და წარმოება წარმოადგენს, არ მოიცავს საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ან/და რეალიზატორ კომპანიებს.
11. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე მოიცავს გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარების გამცემ პირებს, რელიგიურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და სხვ.
12. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვ.) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.
13. ფორმაში გათალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.
14. ფორმაში არ აისახება იმ საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შექმნილნი არიან საქართველოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით.
15. ფორმაში აისახება ინფორმაცია დეველოპერული კომპანიების შესახებ, რომელთა საქმიანობას უძრავი ქონების პროექტების მართვა და რეალიზება წარმოადგენს.
16. ფორმაში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.
17. ფორმაში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანიების შესახებ, რომლებიც ახდენენ კლიენტების სახსრების (მათ შორის, საპენსიო დანაგროვთა) მართვასა და ინვესტირებას.
18. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ მოახდინოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.
19. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, გარდა კომერციული ბანკებისა.
20. სესხის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა არის სესხის გაცემა (მათ შორის, ონლაინ სესხის გამცემი პირები) და ამავდროულად არ წარმოადგენენ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებად ფინანსურ ინსტიტუტებს.
21. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება კლიენტის მიერ განხორციელებული ოპერაციების (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციების) ჯამური მოცულობა.
22. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინასური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში გარიგების მონაწილე მხარეები არიან ბანკის კლიენტები, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ორივე მათგანი და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციების) ჯამური მოცულობა.
23. გარიგების დადების მცდელობის საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული გარიგების თანხა, ასევე გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ განხორციელებული ოპერაციების (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციების) ჯამური მოცულობა.
24. ფორმაში გათვალისწინებული არააქტიური ანგარიშის მქონე პირები მოიცავს ისეთი კლიენტების შესახებ ინფორმაციას, რომელთა არც ერთ საბანკო ანგარიშებზე 1 წლის ან მეტის განმავლობაში ბრუნვა არ დაფიქსირებულა და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ანგარიშზე ან ანგარიშებზე განხორციელებული საკრედიტო ბრუნვა აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს.
25. ფორმაში, რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა სადამფუძნებლო სტრუქტურა, ვერტიკალურ ჭრილში, მოიცავს იურიდიული პირების ორ ან მეტ დონეს.
26. კომერციული ბანკის მიერ ფორმაში ასევე ასახულ უნდა იქნას მის მიერ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული მაღალი რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ ეს ნიშნები განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.
27. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ–ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშება ფმს–ში გაიგზავნა საეჭო სტატუსით“, ,,არააქტიური ანგარიშის მქონე პირები“ და ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“ სადაც დაშვებულია ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდრულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.
28. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდრულად შეესაბამება ფაქტორებს ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშება ფმს–ში გაიგზავნა საეჭო სტატუსით“, ,,არააქტიური ანგარიშის მქონე პირები“ და ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, ინფორმაცია აღირიცხება სამივე ფაქტორში.
მუხლი 18🔗.
ბანკის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია
1. ამ ბრძანების დანართი N1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ბანკში არსებულ ყველა პოლიტიკა–პროცედურას და დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ამ წესის მე–19 მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. პოლიტიკა–პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარმოდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.
4. ბანკისგან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.
მუხლი 19🔗.
ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები
1. ბანკი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:
ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 ივლისისა;
ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) - არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
2. ამ წესის მე–18 მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა–პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას ბანკი წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.
3. კონკრეტული ბანკის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, ბანკის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს ბანკის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
მუხლი 20🔗.
ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი
1. ბანკი ამ წესის მე-19 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge
2. ბანკი ამ წესის მე-19 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ამ წესის მე–18 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge
3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია.
მუხლი 21🔗.
გარდამავალი დებულებები
1. ანგარიშგებით გათვალისწინებული კომერციული ბანკის კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა N2) ინფორმაციის წარმოდგენა ქვეფაქტორების შემადგენელი ნაწილების ჩაშლით მოხდეს 2016 წლის პირველი ნახევარი წლის ანგარიშგებაში.
2. ანგარიშგებით გათვალისწინებული ანგარიშის არმქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა N9) ინფორმაციაში რეზიდენტობის მიხედვით ანგარიშის არმქონე პირების რაოდენობრივი მაჩვენებლის ასახვა მოხდეს 2015 წლის მეორე ნახევარი წლის ანგარიშგებაში.
3. ანგარიშგებით გათვალისწინებული მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი ანგარიშის მქონე პირების შესახებ (ფორმა N13) ინფორმაციის წარმოდგენა მოხდეს 2016 წლის პირველი ნახევარი წლის ანგარიშგებაში.