1. გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციიდან მოხსნის/რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების შემდეგ გემის რეგისტრაციის მოწმობის მთავარი რეგისტრატორისათვის ჩაუბარებლობა –
გამოიწვევს გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარით.
2. საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციისას წყალწყვის არასწორად მითითება, რამაც გამოიწვია გემის სარეგისტრაციო საფასურის მნიშვნელოვანი შემცირება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
3. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების მიერ ნაოსნობის სახელმწიფო სარეგისტრაციო პროცედურებით მოთხოვნილი აუცილებელი განმასხვავებელი ნიშნების გარეშე განხორციელება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.
4. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის გამოყენება საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალებისათვის, რომელზედაც არ გაცემულა აღნიშნული მოწმობა, –
გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.
5. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში აღნიშნული ტონაჟის შეზღუდვის უგულებელყოფა და სატვირთო ოპერაციის განხორციელებისას უფრო მეტი ტვირთის გადასაზიდად შეზღუდული ტონაჟის მოცულობის გამოყენება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
6. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ –
გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.
7. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის მიერ ნაოსნობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო მოწმობის გარეშე განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა, –
გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარით.
8. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ საერთაშორისო ნაოსნობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, ნაოსნობისათვის დახურულ ნავსადგურში შესვლა, –
გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის დაჯარიმებას 10 000 ლარით.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015