1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ან დგომა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2261 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022