თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/3642-15 შპს "თი ენდ ჯი+"-ის გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/3642-15 ( 330210315737171)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „თი ენდ ჯი +”
წარმომადგენელი: გიორგი ზედგინიძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „თი ენდ ჯი+”-ის (ს/კ 205291183) წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ და მოითხოვა შპს „თი ენდ ჯი+”-ის (ს/კ 205292283) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „თი ენდ ჯი+”- (ს/კ 205291183) დაფუძნდა 2009 წლის 30 ოქტომბერს. საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო საქონლით საცალ ო ვაჭრობა. დღეისათვის საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ერიცხება დავალიანება 240 553,88 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანების გამო საწარმოს მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო იპოთეკა და გირავნობა. დღეისათვის კომპანიის საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ირიცხება, ის არც არის რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრეა, არ ფლობს არანაირ მატერიალურ აქტივს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზები. 2015 წლის 10 მარტს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „თი ენდ ჯი +” -ის წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ; მან წარმოადგინა კანონის მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობა; ცნობა – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „თი ენდ ჯი +” (ს/კ 205291183) არ არის რეგისტრირებული სხვა რაიმე სამეწარმეო საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან პარტნიორად. ასევე წარმოადგინა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლის თანახმადაც საწარმოს ანგარიში გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „თი ენდ ჯი +”-ს (ს/კ 205291183) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „თი ენდ ჯი +” (ს/კ 205291183)მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 25 მარტს, ხოლო კრედიტორს – შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2015 წლის 20 მარტს (იხ. გზავნილი ჩაბარების დასტური). განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „თი ენდ ჯი +”-ს (ს/კ 205291183) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, არსებობს შპს „თი ენდ ჯი +”-ს (ს/კ 205291183) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თი ენდ ჯი +” (ს/კ 205291183) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია.
2. შპს „თი ენდ ჯი +”-ს (ს/კ 205291183)დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე