სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და არის საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და გარედან მოზიდვას, მათი გამოყენებით ახალ წარმოებათა შექმნას და არსებულ წარმოებათა ტექნიკურ განახლებას, აგრეთვე სხვა ინოვაციური საქმიანობის ყოველმხრივ ხელშეწყობას (ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სიახლეთა შექმნა-გამოყენება);

ბ) საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებიდან გამომდინარე, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენას და მათი განვითარების ხელშეწყობას;

გ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს დემოკრატიულ მართვას, მის დემონოპოლიზაციას, ინოვაციური საქმიანობის თვითრეგულირების ხელშეწყობას, სამეცნიერო მოღვაწეობის თავისუფლებას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში სამეცნიერო საზოგადოების მონაწილეობას;

დ) სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაციის ხელშეწყობას;

ე) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მეწარმეობისა და კონკურენციის მხარდაჭერას;

ვ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5504 - ვებგვერდი, 12.07.2016