ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №214 |
|
2015 წლის 18 მაისი ქ. თბილისი |
|
წინამდებარე წესი ადგენს ციფრულ მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 70001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის, ციფრული მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობით უზრუნველყოფის პრინციპებსა და პროცესში მონაწილე ორგანიზაციების ვალდებულებებს.
წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის, გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით რეგისტრირებული, 70001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახები;
ბ) შესაბამისი აღჭურვილობა - ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობა (სეთ-თოფ-ბოქსი);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) სარეიტინგო ქულა - პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია;
ე) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მაუწყებლობის სააგენტო;
ვ) მიმწოდებელი - პირი, რომელიც სააგენტოსთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შესაბამისი აღჭურვილობის გადაცემას.
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის პროცესი წარიმართება პრინციპით - „ერთი ოჯახი - ერთი სეთ-თოფ-ბოქსი“, რომლებიც მათ საკუთრებაში გადაეცემათ. პროცესი, მასში მონაწილე ორგანიზაციების მიერ, ხორციელდება ეტაპობრივად და საჯაროდ.
2. სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მონაცემების დასადგენად, ხელმძღვანელობს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მისთვის გადაცემული ინფორმაციით.
3. შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვას და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საკუთრებაში მათ გადაცემას ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სააგენტო.
4. შესაბამისი აღჭურვილობის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაცემა/ჩაბარება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ, მას და სააგენტოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, რისთვისაც სააგენტო მიმწოდებელს გადასცემს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციას და მიღებულ შესაბამის აღჭურვილობას.
5. სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, მიმწოდებელი უზრუნველყოფს: საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირით მათ საცხოვრებელ ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობის ჩაბარებას, ხოლო სოციალურად დაუცველი დანარჩენი კატეგორიის ყველა ოჯახებისთვის, მათი საცხოვრებელი ადგილის ტერიტორიულ ზონაში მდებარე უახლოეს საფოსტო სერვისცენტრებში გაცემას.
6. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის გაცემა/ჩაბარება განხორციელდება სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვით, ეტაპობრივად, შემდეგი თანმიმდევრობით და სააგენტოს მიერ განსაზღვრული გრაფიკით: I ეტაპი - ქ. თბილისში - სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისთვის და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის პირით; II ეტაპი - საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში და სოფლებში, სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისთვის.
7. მიმწოდებლის სერვისცენტრებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს მათთვის განკუთვნილი, შესაბამისი აღჭურვილობის მიღების შესაძლებლობა უნდა გააჩნდეთ 2015 წლის ბოლომდე.
8. შესაბამისი აღჭურვილობის ჩაბარების/მიღების (როგორც მისამართზე, ასევე, სერვისცენტრში) უფლება აქვს სოციალურად დაუცველი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს, საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირით ოჯახის შემთხვევაში - აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე ან მის მზრუნველს/მეურვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მზრუნველობის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სხვა კანონიერ წარმომადგენელს - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
9. მიმწოდებელი აწარმოებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის შესაბამისი აღჭურვილობის გაცემის ყოველდღიურ აღრიცხვას და ინფორმაციას, ყოველი სამუშაო კვირის ბოლოს, წარუდგენს სააგენტოს, ხოლო სააგენტო, ყოველი ორი სამუშაო კვირის ბოლოს, ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის გაცემის პროცესის დასრულების შესახებ, შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
11. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, შესაბამისი აღჭურვილობის გაცემის პროცესის მიმდინარეობის და მისი დასრულების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად საჯაროდ ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე.
12. 2016 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, გაუცემელი შესაბამისი აღჭურვილობა განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით.