აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/22529-2014 (შპს თბილისის N4 კლინიკური საავადმყოფო"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/22529-2014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/22529-2014

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების

და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპ ს ”თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფო”

მოთხოვნა: შპ ს ”თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპ ს ”თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს” გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით  შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. მოვალის განცხადებით და ასევე მეურვის მოხსენების მიხედვით,  შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს” სახელზე რეგისტრირებული იყო ორი ავტომანქანა: ,,მოსკვიჩი 21412” და ,,უაზ 3962”, რომელიც სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2010 წლის 22 ივლისის ბრძანების საფუძველზე ამოღებული იქნა საწესდებო კაპიტალიდან სხვა ქონებასთან ერთად და გადაეცა სახელმწიფოს. სხვა მოძრავი ან უძრავი ქონება მოვალეს არ გააჩნია. ს.ს. ,,თიბისი ბანკში” გახსნილ ანგარიშზე მოვალეს რიცხება 133 ლარი და 45 თეთრი.  შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს” დებიტორები არიან: ზაალ კუნჭულია და ლენა კუკულაძე – 9145 ლარი, ს.ს. ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია” – 1977 ლარი 48 თეთრი, ირმა ჩიქობავა – 1549 ლარი. მეურვის ინფორმაციით ფიზიკურ პირებს ქონება არ გააჩნიათ, ხოლო ს.ს. ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია”-ს მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება.

 კრედიტორთა კრებაზე კრედიტორებმა თანხმობა გამოთქვეს შეწყდეს მოვალის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება, ვინაიდან მოვალეს ქონება არ აქვს და საპროცესო ხარჯების დაფარვასაც ვერ უზრუნველყოფს, ხოლო დებიტორული დავალიანებებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც შეუძლებელია  შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს” მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით შეწყდა შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 02 აპრილს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფო” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფო” (ს/კ 200010095) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

მოსამართლე                                                                 ლაშა ქოჩიაშვილი