საქართველოს სანიტარიულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს სანიტარიული კოდექსი 08.05.2003
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სანიტარიულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს სანიტარიულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 91) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-13 მუხლის:
ა) პირველი – მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მინისტრის ადმინისტრაციული აქტით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კოდექსითა და მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი.
4. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელების სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის კომპეტენცია არის:
ა) ქვეყნის ტერიტორიაზე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ სანიტარიული ნორმების დაცვასა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე კონტროლი;
ბ) პროდუქციის, მათ შორის, ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებებისა და საშუალებების, ფიზიკური ფაქტორების წარმომქმნელი დანადგარის, მოწყობილობის, სამრეწველო დანიშნულებისა და სახალხო მოხმარების სხვა ნაწარმის ჰიგიენური სერტიფიკაცია და პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა (გარდა ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური ექსპერტიზის საფუძველზე სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებული ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებებისა და საშუალებებისა);
გ) პროდუქციის, მომსახურების, ტექნოლოგიური პროცესის, მოწყობილობის, ხელსაწყოებისა და სამუშაო ინსტრუმენტების ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის პროექტებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
დ) დასახლებული ადგილისა და კურორტის დაგეგმარების და განაშენიანების პროექტებსა და გენერალურ გეგმებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ე) კურორტისა და საკურორტო ადგილის, აგრეთვე ზღვის წყალსარგებლობის რაიონის სანიტარიული დაცვის ზონის პროექტებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ვ) დასახლებული ადგილისა და კურორტის ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისათვის შერჩეულ წყლის ობიექტებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ზ) დასახლებული ადგილისა და კურორტის ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) პროექტებზე, აგრეთვე წყალმომარაგების წყაროების სანიტარიული დაცვის ზონის პროექტებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
თ) დასახლებული ადგილისა და კურორტის კანალიზაციის სისტემების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) პროექტებზე, აგრეთვე კანალიზაციის ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების პირობებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ი) დასახლებული ადგილისა და კურორტის კანალიზაციის სისტემების ექსპლუატაციისას სანიტარიული ნორმების შესრულებასა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე კონტროლი;
კ) ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების (ამ ობიექტიდან წყლის ამოღების) პირობებისა და წყლის ობიექტის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობაზე კონტროლი;
ლ) სანიტარიული კლასიფიკაციით I, II და III კლასს მიკუთვნებული საწარმოების, ბირთვული, რადიაციული და რადიოტექნიკური ობიექტების, ფიზიკური ფაქტორების წარმომქმნელი სხვა ობიექტების, აგრეთვე ერთი მილიონი ლარისა და მეტი საპროექტო ღირებულების ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) საპროექტო ტექნიკურ დოკუმენტაციაზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
მ) სანიტარიული კლასიფიკაციით I, II და III კლასს მიკუთვნებული საწარმოების, რადიო-ტექნიკური და ფიზიკური ფაქტორების წარმომქმნელი სხვა ობიექტების ჰიგიენური სერტიფიკაცია და ობიექტების ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა, აგრეთვე ამ ობიექტების მოწყობის, შენახვის სანიტარიული ნორმების დაცვასა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე კონტროლი;
ნ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების ჰიგიენური სერტიფიკაცია, ობიექტის ჰიგიენური სერტიფიკატისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პასპორტის გაცემა;
ო) საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვა-დასაწყობების, მოხმარების, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, გადამუშავების, გაუვნებლობისა და განთავსების პირობებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, აგრეთვე სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი, საშიში ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო რეგისტრაცია და ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
პ) რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვების, მიღების, დამზადების, წარმოების, ექსპორტის, იმპორტის, გამოყენებისა და ჩამარხვის პირობებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, აგრეთვე სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი;
ჟ) ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროების გამოყენების პირობებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, აგრეთვე სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი;
რ) ადამიანის აღზრდის, სწავლებისა და პროფესიული მომზადების პროგრამებზე, მეთოდებსა და რეჟიმზე, სწავლების ტექნიკურ საშუალებებსა და სახელმძღვანელოებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, აგრეთვე სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი;
ს) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმატივების პროექტებისა და წყალსარგებლობის პირობების საფუძველზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, ამ პროექტებითა და წყალსარგებლობის პირობებით დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;
ტ) საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამუშავების, გაუვნებლობის, ჩამარხვისა და უტილიზაციის მეთოდებისა და პირობების სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის განხილვა და ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
უ) პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე ჰიგიენური დასკვნის გაცემა, მათი გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი;
ფ) ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების აღმოცენების, გავრცელების მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, ამ დაავადებებისა და მოშხამვების პროფილაქტიკისათვის სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე კონტროლი;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროდუქციის სინჯის (ნიმუშის) აღება ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მიზნით, პროდუქციის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის განხილვა და ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ღ) სასმელი და სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროების წყლების, საბანაო, სპორტული, მოსახლეობის დასვენებისა და სამკურნალო მიზნებისათვის გამოყენებული წყლის ობიექტებისა და ზღვის სანაპირო ზოლის წყლების, აგრეთვე ნიადაგისა და ჰაერის სინჯების აღება ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მიზნით, წყლის, ნიადაგისა და ჰაერის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის განხილვა და ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ყ) ქვეყანაში საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი;
შ) სატრანსპორტო (საჰაერო, სანაოსნო) საშუალებაზე სანიტარიული ნორმების დაცვასა და პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე კონტროლი;
ჩ) ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიული დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე და გამოვლენილი სანიტარიული ნორმების დარღვევის აღმოფხვრის შესახებ მიწერილობის შედგენა;
ც) საბაჟო ორგანოსთვის დასკვნის წარდგენა პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის გადაადგილებაზე თანხმობის შესახებ, ან იმ პროდუქციის ან/და ტვირთის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის დროებით შეჩერების ან აღკვეთის შესახებ, რომელთა მიმართ სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას დადგინდება, რომ მათი გადაადგილება გამოიწვევს ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებების (მოშხამვების) გავრცელების საშიშროებას;
ძ) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების მხრივ არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრისა და სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრების რეგისტრაცია;
წ) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების შეზღუდვისა და აღკვეთის მიზნით, იმ ადამიანის (ადამიანთა ჯგუფის), რომელიც ეპიდემიური თვალსაზრისით ინფექციური დაავადების გავრცელების წყაროა, ქვეყნის სასაზღვრო ზოლში ან საბაჟო ზონებში გადაადგილების შეზღუდვა ან დროებით აკრძალვა;
ჭ) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების მხრივ (გარდა ვეტერინარული და ფიტოსაკარანტინო დაავადებებისა) არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან ჩამოსულ სატრანსპორტო (საჰაერო, სანაოსნო) საშუალებაზე სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება;
ხ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის სინჯის (ნიმუშის) აღება ლაბორატორიული გამოცდის, კვლევის მიზნით, პროდუქციის სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის განხილვა და ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ჯ) ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ წარდგენილი პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის განხილვა, აგრეთვე ამ პროდუქციის ან/და ტვირთის გადასაადგილებლად გადაწყვეტილების მიღების მიზნით ჰიგიენური შეფასება;
ჰ) სატრანსპორტო საშუალებით საკვები პროდუქციის გადაზიდვისას სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლი და სანიტარიული პასპორტის გაცემა;
ჰ1) ფიზიკური პირის მოთხოვნით ან/და მისი თანხმობის საფუძველზე საცხოვრებელი ბინის კვლევა და საცხოვრებელი პირობების შესახებ ჰიგიენური დასკვნის გაცემა;
ჰ2) სანიტარიული ნორმების დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ჰ3) ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დამატებითი პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე და გამოვლენილი სანიტარიული ნორმების დარღვევის აღმოფხვრის შესახებ მიწერილობის შედგენა;
ჰ4) სანიტარიული ნორმების დარღვევის აღმკვეთი ზომების გამოყენება.“;
ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
2. მე-14 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსს (მოადგილეს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.
3. კოდექსის 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის დებულება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 25 ივნისი.
№250-რს