⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.10.2016)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.06.2015
ძალაში შესვლა 01.06.2015
ძალის დაკარგვა 11.10.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №236
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018620
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 956 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.06.2015 მიღება
01.06.2015 ძალაში შესვლა
11.10.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №236 2015 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3  და მე-6  მუხლების შესაბამისად და  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა განხორ­ცი­­ელდეს ამავე კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრა­ციისა­თ­ვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივნისიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი  (შემდგომში - ცენტრი) შექმნილია საქართველოში საერთაშორისო განათლების ხარისხის,  საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 2. ცენტრი არის საქართველოს მთავრობის   სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 3. ცენტრი საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, არსებული (მოქმედი)  საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. ცენტრი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო,  ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7. მუხლი 2🔗. ცენტრის ამოცანები ცენტრის ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეებს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებაში; ბ) გააძლიეროს ქვეყნის საჯარო და საზოგადოებრივი სექტორი მაღალკვალიფიციური კადრების სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებსა და კურსებზე მომზადებით, კვალიფიკაციის ამაღლების გზით და კურსებში კვალიფიკაციის მიღების  საშუალებით;  გ) ხელი შეუწყოს საქართველოს ახალგაზრდობის   საერთაშორისო აკადემიურ და ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობას;  დ) კოორდინაცია გაუწიოს პროგრამების კურსდამთავრებულთა შემდგომ საქმიანობას;  დაეხმაროს კურსდამთავრებულებს პროფესიული პროგრამებისა და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებაში; ე) ხელი შეუწყოს საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარებას აკადემიური, ადმინისტრაციული და სასწავლო პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამებით; ვ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების  ინტეგრაციასა და მათ მიმართ ნდობის გაზრდას. მუხლი 3🔗. ცენტრის ფუნქციები ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ამოცანების მისაღწევად ცენტრი: ა) ამზადებს საგანმანათლებლო საპროექტო წინადადებებს, აკადემიურ სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამებს, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, საზაფხულო სკოლის პროგრამებს; ბ) თანამშრომლობს  საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებთან,  საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო განათლების სააგენტოებთან, უცხოურ უნივერსიტეტებთან მიზნობრივი პროგრამების, აკადემიური გაცვლითი პროგრამების, უმაღლესი განათლების კონსორციუმული პროგრამების შექმნის მიზნით; გ) უზრუნველყოფს არსებული პროგრამების  კოორდინაციას სახელმწიფო, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინფორმაციისა და  საერთო საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებით; დ) უზრუნველყოფს ცენტრის პროგრამების  დაგეგმარებას, მართვას და ადმინისტრირებას; უზრუნველყოფს დადგენილი პროგრამებით გათვალისწინებული საკონკურსო პროცესის ღიად, გამჭვირვალედ და გამართულად წარმართვას; ე) თავისი საქმიანობით ხელს უწყობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან ახალი აკადემიური და პროგრამული ინიციატივების განხორციელებაში; ვ) თავისი საქმიანობით მოიზიდავს დამატებით პროგრამულ და ტექნიკურ რესურსებს  საგანმანათლებლო ინიციატივებისთვის; ზ) თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო წარმომადგენლობებსა და ორგანიზაციებთან კურსდამთავრებულთა დასაქმებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცვლისა და ხელშეწყობისათვის; თ) ახორციელებს  (დამოუკიდებელ) დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში - დირექტორი), რომელსაც თანამდებობობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. დირექტორს ჰყავს მოადგილე/პროგრამების დირექტორი (შემდგომში - დირექტორის მოადგილე) რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. 3. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე.   მუხლი 5🔗. დირექტორის უფლება-მოვალეობები დირექტორი: ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს ცენტრის მართვას, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას და წარმოადგენს ცენტრს; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს; გ) აკონტროლებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; დ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ე) იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; ზ) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; თ) კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავებას; ი) ამტკიცებს ცენტრის ლოგოს და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტებს; კ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 6🔗. დირექტორის მოადგილის უფლება-მოვალეობები დირექტორის მოადგილე: ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს ცენტრის  სტრუქტურულ მართვას და მის კოორდინაციას როგორც შიდა, ასევე გარე სამუშაო ჯუფებთან; ბ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს; გ) დირექტორთან ერთად აკონტროლებს ცენტრის შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; დ) დირექტორის კოორდინაციით უზრუნველყოფს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავებას; ე) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 7🔗. ცენტრის სტრუქტურა 1. ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. 2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ა) აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების  სამსახური; ბ) იურიდიული სამმართველო; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; დ) ადმინისტრაციული, ფინანსებისა და შესყიდვების სამმართველო. 3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები განისაზღვრება ცენტრის სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელიც მტკიცდება დირექტორის ბრძანებით. 4. დირექტორის ბრძანებით სტრუქტურული ერთეული შეიძლება სამსახურებრივად დაექვემდებაროს დირექტორის მოადგილეს. 5. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი. 6. დირექტორის ბრძანებით ცენტრის სტრუქტურულ ერთეულში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფი  სამმართველოს, საკონსულტაციო ერთეულის ან სამუშაო ჯგუფის სახით. მუხლი 8🔗. ცენტრის დაფინანსება და ანგარიშგება 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური; გ) კერძო, საზოგადოებრივი, სახელმწიფო  და საერთაშორისო მიზნობრივი გრანტები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საჩუქრისა და შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. 3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი, ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია 1. ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.