საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №238
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018622
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.06.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №238
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ლ“ და „უ“ ქვეპუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს, საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესის მიზანია საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების, სააგენტოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ძალისხმევისა და რესურსების (შემდგომში − საგარეო დახმარების) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული სახელმწიფო სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტებით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებზე ეფექტიანად მიმართვის მიზნით, უფლებამოსილ დაწესებულებათა კოორდინაციის წესებისა და მექანიზმების განსაზღვრა.
2. წინამდებარე წესის მიზნებისთვის:
ა) დონორი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, ან უცხო ქვეყნის კერძო ორგანიზაცია, რომელიც ხელშეკრულების ან წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სტრატეგიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით უწევს დახმარებას საქართველოს.
ბ) დახმარება გულისხმობს ფინანსურ (გრანტები, კრედიტები), მატერიალურ-ტექნიკურ (ტექნოლოგიები, დანადგარები), ჰუმანიტარულ (საკვები, მედიკამენტები, ტანისამოსი და სხვა) და/ან ექსპერტულ (გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება) დახმარებას.
3. წინამდებარე წესი არ ვრცელდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში განსახორციელებელ იმ საგარეო დახმარებებზე, რომლებიც განკუთვნილია შეიარაღების, ტექნიკისა და აღჭურვილობის საქართველოსათვის გადმოცემისა და არსებულის მოდერნიზაციისათვის, შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესის მხარდასაჭერად და ახალი ტექნოლოგიების დასანერგად.
მუხლი 2🔗. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფლებამოსილება
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საგარეო დახმარების კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის (შემდგომში − პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი) მეშვეობით.
2. დონორების მიერ ქვეყნის განვითარებაზე მიმართული პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების საჭიროების განსაზღვრა არის საქართველოს შესაბამისი სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების უფლებამოსილება, დარგობრივი პოლიტიკის შესაბამისად.
3. პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი ხელს უწყობს სახელმწიფო პრიორიტეტების შესაბამისად, საგარეო დახმარების მიმდინარეობისა და შედეგიანობის გაუმჯობესებას, სტრატეგიულ საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციის და დონორებთან კომუნიკაციის წარმატებული პრაქტიკის დამკვიდრებას. დასახული მიზნის მისაღწევად პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ქვეყნის მასშტაბით საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია;
ბ) საქართველოს მთავრობის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკასთან საგარეო დახმარების თავსებადობის მიზნით, სხვადასხვა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციას და დახმარების მიმღებ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის კოორდინაცია;
გ) საქართველოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა;
დ) საგარეო დახმარების ურთიერთგადაფარვის თავიდან აცილების მიზნით, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე გამართულ დიალოგში დონორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა;
ე) დონორებისთვის ქვეყნის განვითარების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების ხელშეწყობა და ამ მიზნით უწყებათაშორისი მუშაობის კოორდინაცია;
ვ) სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზების მიზნით, საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობა და სახელმწიფო უწყებებისთვის საგარეო დახმარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ევროკავშირის დახმარების ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეროგატივას;
ზ) დონორებისთვის, საქართველოს საჯარო დაწესებულებებისთვის, სამოქალაქო და ფართო საზოგადოებისთვის საქართველოში საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კომუნიკაცია;
თ) დონორების დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების, მათ შორის თანხების მიზნობრიობის ანგარიშების ანალიზი.
4. პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გამჭვირვალე კომუნიკაციას საქართველოს ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, მათ შორის რეგულარულ კოორდინაციას საგარეო დახმარების მიღების საკითხებში ტრადიციულ პარტნიორებთან: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. რეგულარული კოორდინაცია განხორციელდება აგრეთვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან (რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე საგარეო დახმარების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით).
მუხლი 3🔗. დონორების კოორდინაციის ძირითადი მექანიზმები
1. საგარეო დახმარების ეფექტურ კოორდინაციას, სახელმწიფო პრიორიტეტებთან ჰარმონიზაციისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს შემდეგი მექანიზმებით:
ა) დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის ორგანიზება;
ბ) თემატური საკოორდინაციო ჯგუფების მუშაობის ორგანიზება;
გ) საგარეო დახმარების ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვა;
დ) სექტორული საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა.
2. დონორების კოორდინაციის მექანიზმები შეიძლება მოიცავდეს დაუგეგმავ და პროგრამულ საკოორდინაციო შეხვედრებსაც, რომლებიც განპირობებულია სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე დონორი ორგანიზაციის ან საქართველოს რომელიმე სამთავრობო უწყების მოთხოვნით. ასეთი საკოორდინაციო შეხვედრების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზების საჭიროების შესახებ პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტს უნდა გაეგზავნოს შეტყობინება 5 სამუშაო დღით ადრე.
3. დახმარების მიმღები საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრის აპარატები აცნობებენ საგარეო დახმარების საკვანძო საკითხების შესახებ (როგორიცაა ახალი პრიორიტეტების შეტანა დახმარებაში, ახალი პროექტის დაწყება ან შეჩერება და სხვ.) პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტს, რაც განაპირობებს საგარეო დახმარების მონაცემთა რეგისტრაციას და ხელმისაწვდომობას.
4. საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრის აპარატები დონორებთან ახალი საპროექტო ინიციატივის შესახებ, რომელიც აღემატება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს ან ეხება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხს, ოფიციალური ფორმით ატყობინებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. თუ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საპროექტო ინიციატივა არ შეესაბამება სამთავრობო გეგმებს, ან ადგილი აქვს სხვა უწყების საპროექტო ინიციატივის გადაფარვას ან დუბლირებას, ინიციატივის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 7 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ პროცესის შეუფერხებლად, იგი წერილობით ატყობინებს ამის შესახებ შესაბამის უწყებას და რეკომენდაციას აძლევს მას, თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს, მისი აზრით, ასეთი შეუსაბამობა, გადაფარვა ან დუბლირება. თუ საპროექტო ინიციატივის ავტორი უწყება ეთანხმება ასეთ რეკომენდაციას, იგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დაზუსტებულ საპროექტო წინადადებას, ხოლო თუ არ ეთანხმება, საპროექტო ინიციატივის ავტორი უწყება და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 5 სამუშაო დღის ვადაში გამართავენ ერთობლივ კონსულტაციებს სავარაუდო შეუსაბამობის, გადაფარვის ან დუბლირების დაძლევის მიზნით. თუ ასეთი კონსულტაციების შედეგად მხარეები ვერ მივლენ შეთანხმებამდე, საკითხი განხილულ იქნება საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
მუხლი 4🔗. დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი
1. დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი (შემდგომში − ფორუმი) იმართება წელიწადში ერთხელ. ფორუმს ესწრებიან საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების და დონორების წარმომადგენლები.
2. ფორუმის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ფორუმის უპირველესი ამოცანაა სტრატეგიული დიალოგი, სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის წარდგენა და სამთავრობო გეგმებთან დაკავშირებით დონორების მხარდაჭერის გაძლიერება.
3. ფორუმის ორგანიზაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით.
მუხლი 5🔗. თემატური საკოორდინაციო ჯგუფები
1. თემატური საკოორდინაციო ჯგუფები ფუნქციონირებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ჯგუფები იკრიბებიან წელიწადში ერთხელ, წინასწარ შეთანხმებული თარიღების და დღის წესრიგის შესაბამისად, რომელსაც ამზადებს პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებთან შეთანხმებით.
2. თემატური საკოორდინაციო ჯგუფების მიზანია კომუნიკაცია და სტრატეგიული დიალოგი დონორებთან, საგარეო დახმარების სახელმწიფო პრიორიტეტებთან ჰარმონიზაციისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან აცილების მიზნით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იქმნება შემდეგი თემატური საკოორდინაციო ჯგუფები:
ა) საჯარო მმართველობა;
ბ) კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება;
გ) ეკონომიკური ზრდა;
დ) ადამიანური კაპიტალის განვითარება;
ე) სოციალური კეთილდღეობა;
ვ) ეროვნული რესურსების მდგრადი გამოყენება;
4. თემატური საკოორდინაციო ჯგუფის თემა შესაძლოა შეიცვალოს პერიოდულად, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე.
5. თემატური საკოორდინაციო ჯგუფის წევრები არიან საქართველოს სამინისტროების, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და დონორების წარმომადგენლები, რომლებიც თემატური საკოორდინაციო ჯგუფების ფარგლებში ახორციელებენ აქტივობებს.
6. თითოეულ თემატურ საკოორდინაციო ჯგუფს უძღვება საქართველოს ერთი ან რამდენიმე სამინისტრო, წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის შესაბამისად. თემატური საკოორდინაციო ჯგუფების სამდივნოს ფუნქციას ასრულებს პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი.
7. თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრების მომზადება ხორციელდება საქართველოს სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების და პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ, ერთობლივი ძალისხმევით. აღნიშნული შეხვედრების მომზადების მიზნით:
ა) პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი ამზადებს საგარეო დახმარების შესახებ თემატურ ანალიზს;
ბ) შეხვედრის მონაწილე სახელმწიფო უწყებები წარმოადგენენ შესაბამისი დარგობრივი პოლიტიკის საჭიროებების ანალიზს.
8. თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის დღის წესრიგის პროექტს, პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, თითოეული თემატური საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს წარუდგენს, ჯგუფის შეხვედრამდე 12 სამუშაო დღით ადრე, მხარეებთან შესაბამისი საკონსულტაციო პროცესის გათვალისწინებით.
9. თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებზე განიხილება:
ა) სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარე შესაბამის სექტორულ სტრატეგიებთან და სამთავრობო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები;
ბ) მიმდინარე საგარეო დახმარება, თემატური შეხვედრის ფარგლებში;
გ) საგარეო დახმარების საჭიროებები;
დ) კოორდინაციის შემდგომი გაუმჯობესების ახალი წინადადებები.
10. პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მოვალეობაში შედის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციის გზით თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრების ოქმის შედგენა. ოქმი შეიცავს სამომავლო ქმედებათა ჩამონათვალს მონაწილეთა შორის სათანადოდ განაწილებული პასუხისმგებლობებით. თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრის მონაწილეებს, შეხვედრების ოქმი მიეწოდებათ, შეხვედრის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღეში.
მუხლი 6🔗. სექტორული საკოორდინაციო შეხვედრები
სექტორული საკოორდინაციო შეხვედრები იმართება საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მიერ დონორებთან, მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნულის შესახებ პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტს ეგზავნება სახელმწიფო უწყებებისგან წინასწარი შეტყობინება.
მუხლი 7🔗. საგარეო დახმარების ელექტრონული მონაცემთა ბაზა
1. ინფორმაცია საქართველოში საგარეო დახმარების შესახებ თავმოყრილია პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ადმინისტრირების ქვეშ არსებული ვებგვერდის (http://eaims.ge/) მონაცემთა ბაზაში. მონაცემების განახლება ხდება რეგულარულად.
2. საქართველოს სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატები, მონაცემთა ბაზაში ახდენენ მათი კომპეტენციის ფარგლებში, დონორების დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის შეფასებას წელიწადში ერთხელ, პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.