თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/4647-15 (განმცხადებელი: შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანება” ) -გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/ 4647 - 15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
201 5 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანება” (ს/კ 236690103)
წარმომადგენელი: დირექტორი შპს „რეაბილიტაციის’’ წარმომადგენლობა/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ და ითხოვა შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03”-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანება” (ს/კ 236690103) წარმოადგენს 100% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს, რომელიც წარმოადგენს შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების” (ს/კ 236685636), შპს „ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინი დამხარების სამსახური 03”-ის (ს/კ 236688401), შპს ”მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლების ეროვნული ცენტრის” (ს/კ 202887288), შპს „მტკვარი 2005”-ის (ს/კ 223104138), შპს „ა.მაკარიძის სახელობის წინწკილის ფსიქონერვოლოგიური საავადმყოფოს” (ს/კ 231991146), შპს „მესტიის რაიონული საავადმყოფოს” (ს/კ 235891102) და შპს „მკურნალის” (ს/კ 238726312) სამართალმემკვიდრეს (მითითებული საწარმოების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ საწარმოს). დღეის მდგომარეობით შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანებას” (ს/კ 236690103) შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა, მას არ აქვს ვადამოსული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. არც ბალანსზე, არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. რაც შეეხება კრედიტორებს, საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორი კი არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 276 906.99 (ორას სამოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ექვსი მთელი ოთხმოცდაცხრამეტი მეასედი) ლარს.
ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03-ის გაერთიანების” (ს/კ 236690103) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანებას” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანების” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. კრედიტორებს ასევე მიეთითა, რომ თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ისინი განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მისი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 16 აპრილს, სსიპ – შემოსავლების სამსახურს კი ჩაჰბარდა 2015 წლის 14 აპრილს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანებას” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანების” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანება” (ს/კ 236690103) გამოცხადდეს გაკოტრებულად და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია.
2. შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანებას” (ს/კ 236690103) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე