თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/5967-15 (სს.ს."საგარეჯოს რაიონული საავადმყოფო"-ს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5967-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/5967-15

 

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: სს,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფო”

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” , დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2015 წლის 31 მარტს სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფო” წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და სს „საგარეჯოს რაისავადმყოფოს” (ს/კ 238111404), შპს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სადგური „იმედის” (ს/კ 238112332), შპს „საგარეჯოს რაიონის სამშობიარო სახლის” (ს/კ 238115696) და შპს „საგარეჯოს ნარკოლოგიური ცენტრის” (ს/კ 238134577) სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას. საწარმო არ ფუნქციონირებს. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს’’ 2015 წლის 2 მარტის წერილის თანახმად, სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” (ს/კ 238143200) და მისი წინამორბედი ორგანიზაციების სს „საგარეჯოს რაისაავადმყოფოს” (ს/კ 238111404), შპს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სადგურ „იმედის” (ს/კ 238112332), შპს „საგარეჯოს რაიონის სამშობიარო სახლის” (ს/კ 238115696) და შპს „საგარეჯოს ნარკოლოგიური ცენტრის” (ს/კ 238134577) სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 27 თებერვლის წერილის შესაბამისად, სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს”(ს/კ 238143200) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება ,,VAZ 21213’’ სახელმწიფო სანომრე ნიშნით KFK-827. სს „საგარეჯოს რაისაავადმყოფოს” (ს/კ 238111404) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება ,,UAZ 39621’’ სახელმწიფო სანომრე ნიშნით RBD-169. ხოლო, შპს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სადგურ „იმედის” (ს/კ 238112332), შპს „საგარეჯოს რაიონის სამშობიარო სახლის” (ს/კ 238115696) და შპს ”საგარეჯოს ნარკოლოგიური ცენტრის” (ს/კ 238134577) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა.

განმცხადებლის მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს’’ (ს/კ 238143200) შორის 2011 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული, მოძრავი ქონების უსასყიდლოდ/საჩუქრად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა ორანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალების ,,VAZ 21213’’ სახელმწიფო სანომრე ნიშნით KFK-827 და სხვა მოძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ,,UAZ 39621’’ სახელმწიფო სანომრე ნიშნით RBD-169, რომლის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, ადგილმდებარეობა დაუდგენელია. ზემოღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გარდა სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს’’ (ს/კ 238143200) სხვა მოძრავი ქონება საკუთრების უფლებით არ ერიცხება.

სს ,,საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოს’’ (ს/კ 238143200) არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც საზოგადოების დავალიანება შეადგენს 2896,28 (ორი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტ ლარს და ოცდარვა თეთრს) ლარს. საწარმოს დებიტორული მოთხოვნები არ გააჩნია. სს „საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოს” ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს,,ლიბერთი ბანკში’’. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე ერიცხება 40,73 (ორმოცი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარი. სს „საგარეჯოს რაიონული საავადმყოფო” გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით სს,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან სს ,,საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოს” არ გააჩნდა იმ ღირებულების ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 16 აპრილს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფო” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფო’’ (ს/კ 238143200) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს სს ,,საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს“  რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე                                                                        ლაშა ქოჩიაშვილი