⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.09.2015)

პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.06.2015
ძალის დაკარგვა 25.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №61/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016967
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,360 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2015 მიღება
25.09.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
საგამოცდო ბარათი
ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება საგნის გამოცდაზე
მუხლი 2
საგამოცდო ცენტრი
საგნის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი
მუხლი 2
საგამოცდო სექტორი
საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აპლიკანტები განთავსდებიან საგნის გამოცდის მიმდინარეობისას
მუხლი 2
ტექნიკური კონტროლი
საგნის გამოცდის ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით
მუხლი 2
შეფასების ზოგადი კრიტერიუმი
საგამოცდო საგნების მიხედვით, საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, ცენტრის მიერ აპლიკანტისათვის და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა
მუხლი 2
შეფასების სქემა
ამ წესით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ ეროვნულ სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისათვის შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც ხორციელდება ნაშრომების გასწორება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №61/ნ 2015 წლის 12 ივნისი ქ. თბილისი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, ,,მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N72 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის შეფასების წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ქვეპუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი ეს წესი განსაზღვრავს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის (შემდგომში - საგნის გამოცდის) ჩატარების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აპლიკანტი - პირი, რომელიც საგნის გამოცდაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით; ბ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  (შემდგომში - ცენტრი) მიერ დადგენილი კოდირების სისტემა; გ) საგამოცდო ბარათი – ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება საგნის გამოცდაზე; დ) საგამოცდო ცენტრი – საგნის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი; ე) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აპლიკანტები განთავსდებიან საგნის გამოცდის მიმდინარეობისას; ვ) საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი - ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები, რომლებსაც აპლიკანტი პასუხს სცემს კომპიუტერის და/ან საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ზ) საცდელი ტესტირება - ტესტირება, რომელიც ტარდება დავალებების აპრობაციის მიზნით, რათა დადგინდეს დავალებების ფსიქომეტრული მაჩვენებლები (მაგ. სირთულე, დისკრიმინაციის ინდექსი); თ) ტესტი - საგნის გამოცდის მიხედვით, ცენტრის მიერ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმა) და ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტის (შემდგომში - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) შესაბამისად  შედგენილი ტესტური დავალებები და  პასუხების ფურცელი, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე; ი) ტექნიკური კონტროლი – საგნის გამოცდის ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით; კ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – საგამოცდო საგნების მიხედვით, საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, ცენტრის მიერ აპლიკანტისათვის და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა; ლ) შეფასების სქემა – ამ წესით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ ეროვნულ სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისათვის შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც ხორციელდება ნაშრომების გასწორება.  მუხლი 3🔗. საგნის გამოცდების ენა 1. საგნის გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 2. საგნის გამოცდა მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტში და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე აპლიკანტებისთვის, რომელთაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში. 3. უსინათლო აპლიკანტებისთვის ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში გამოიყენება ბრაილის სისტემა. თავი II საგნის გამოცდა მუხლი 4🔗. საგნის გამოცდა 1. საგნის გამოცდა ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში: ა) ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); ბ) მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); გ) ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); დ) ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები); ე) ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ვ) ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ზ)  მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); თ) საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): თ.ა) ისტორია; თ.ბ) გეოგრაფია; თ.გ) სამოქალაქო განათლება. ი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ი.ა) ფიზიკა; ი.ბ) ქიმია;  ი.გ) ბიოლოგია. კ) უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): კ.ა) ინგლისური; კ.ბ) გერმანული;  კ.გ) ფრანგული; კ.დ) რუსული. ლ) ესთეტიკური აღზრდის საგნები: ლ .ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ლ .ბ) მუსიკა. მ) სპორტი; ნ) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 2.  საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს საგნის გამოცდის ტესტში ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი ქულების დაგროვებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საგნის გამოცდის ჩატარებამდე, არა უგვიანეს 2 თვისა. 4. საგნის გამოცდა მოიცავს წერილობით ან/და პრაქტიკულ ნაწილს. საგნის გამოცდა ტარდება ტესტირების გზით. მუხლი 5🔗. საგნის გამოცდაში მონაწილეობის უფლება 1. საგნის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურებით საგნის  გამოცდაზე დარეგისტრირებულ პრაქტიკოს მასწავლებელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკოსი მასწავლებლის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან  მოწოდებულ ინფორმაციას.  მუხლი 6🔗. საგნის გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები 1. საგნის გამოცდის ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. საგნის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი. 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები ვალდებულნი არიან ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს აპლიკანტთა რეგისტრაციასა და საგნის გამოცდის ჩატარებას. 4. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება საგნის გამოცდისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას. თავი III საგნის გამოცდის ორგანიზება მუხლი 7🔗. ტესტის, შეფასების ზოგადი კრიტერიუმებისა და შეფასების სქემის მომზადება 1. საგნის გამოცდის თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი. 2. საგნის გამოცდის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საგნის გამოცდების დაწყებამდე. 3. საგნის გამოცდების შემდეგ თითოეული საგნის შესაბამისად ცენტრში იქმნება პირველადი შეფასების სქემები. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება აპლიკანტთა პასუხების ფურცლების პირველადი გასწორების შემდგომ.  მუხლი 8🔗. რეგისტრაცია 1. საგნის გამოცდის ჩატარების მიზნით პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში –რეგისტრაციის ვებგვერდი) გამოყენებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე უთითებს ელექტრონული ფოსტის მისამართს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ ცენტრი პირს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კოდის მიღების შემდეგ პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს, დაბადების წელს და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კოდს. 6. პირს სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ ის შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია. 7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს: ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; ბ) იმ საგანს, რომლის ჩაბარებაც მას სურს. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს მხოლოდ ერთი საგნის გამოცდა; გ) სასურველი საგამოცდო ქალაქს ; დ) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას. 8. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით. 9. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები. 10. პირი საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაადასტურებს, რომ პირს უფლება აქვს გავიდეს საგნის გამოცდაზე. მუხლი 9🔗. მონაცემთა ელექტრონული ბაზა 1. საგნის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრი ქმნის საგნის გამოცდაში აპლიკანტთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის საფუძველზე ხდება საგნის გამოცდების დაგეგმვა. 2. ცენტრი უფლებამოსილია მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნის დროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საგნის გამოცდების ჩატარების მიზნით, ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებით.  თავი IV ტესტირება მუხლი 10🔗. საგნის გამოცდის დანიშვნა საგნის გამოცდა ტარდება წლის განმავლობაში ორჯერ - ზაფხულში და ზამთარში ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში. მუხლი 11🔗. საგნის გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი 1. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში. 2. საგნის გამოცდა შესაბამის საგანში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად. საგნის გამოცდა შესაძლოა ჩატარდეს ორი დღის განმავლობაში. 3. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში საგნის გამოცდის ჩატარების თარიღი. მუხლი 12🔗. საგნის გამოცდის მიმდინარეობის პროცესზე დასწრება 1. საგნის გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგნის გამოცდის მიმდინარეობას. მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით აპლიკანტის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა. მუხლი 13🔗. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია 1. საგნის გამოცდის ჩაბარების მიზნით აპლიკანტი ვალდებულია: ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე; ბ) თან იქონიოს: ბ.ა) საგამოცდო ბარათი; ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 2. საგნის გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტი არ დაიშვება საგნის გამოცდაზე, გარდა ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აპლიკანტი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებასა და მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აპლიკანტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ აპლიკანტს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს, აპლიკანტი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების დასრულების შემდგომ ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აპლიკანტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება. 5. საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობა აპლიკანტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი საგნის გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. 6. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ დროს. 7. ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში იმ აპლიკანტების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს. 8. აპლიკანტი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს საგნის გამოცდის დაწყებამდე. მუხლი 14🔗. ტესტირების მიმდინარეობა 1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით. 2. საგნის გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით. 3. ტესტირებისათვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, საგნის გამოცდის შესაბამისად, ადგენს ცენტრი. 4. ტესტზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს კალმით. 5. საგნის გამოცდის მიმდინარეობისას აპლიკანტს უფლება აქვს თან იქონიოს: ა) წყალი; ბ) პირადი ჰიგიენის საგნები; გ) ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 6. საგნის გამოცდის მიმდინარეობისას აპლიკანტს ეკრძალება: ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა; ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა გამოყენება. ფურცლების გამოყენება შესაძლებელია საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის დროს მეთვალყურესთან/კურატორთან შეთანხმებით; გ) პასუხების ფურცლის შესავსებად  ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა, სხვა კალმის გამოყენება,  აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან; დ) საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის დროს სახელისა და გვარის და სხვა ისეთი სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას; ე) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; ვ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად; ზ) წერითი გამოცდის დროს მერხზე ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება; საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის დროს ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა; თ) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე; ი) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ  მუშაობის გაგრძელება. 7. ცენტრი საგნის გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით. მუხლი 15🔗. საგნის გამოცდის მიმდინარეობის წესის დარღევევა 1. საგნის გამოცდის მიმდინარეობისას აპლიკანტი  მიიღებს გაფრთხილებას: ა) ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში; ბ) ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ე“ – ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. 2. ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აპლიკანტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი. 3. ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-6 პუნქტის  ,,ბ“, „გ“ და „ე“– ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აპლიკანტი  იხსნება საგნის გამოცდიდან, რაც ფორმდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმის შესაბამისად. 4. გაფრთხილების გარეშე აპლიკანტის  საგნის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია: ა) ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში; ბ)  წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში. 5. გაფრთხილების გარეშე აპლიკანტის საგნის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმის შესაბამისად. მუხლი 16🔗. ტესტების და  ტესტის პასუხების გამოქვეყნება  ცენტრი, საგნის გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა,  უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 17🔗. ტესტებისა და პასუხების ფურცლების განადგურების პროცედურა ცენტრი, ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ტესტების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან: ა) 6 თვის შემდეგ უზრუნველყოფს ტესტური დავალებების განადგურებას; ბ) 12 თვის შემდეგ უზრუნველყოფს პასუხების ფურცლების განადგურებას. თავი V საგნის გამოცდის შედეგები მუხლი 18🔗. ნაშრომების გასწორება და საგნის გამოცდის შედეგები 1. ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება. 2. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. 3. აპლიკანტის ნაშრომები ცენტრის გამსწორებლის მიერ სწორდება საგნის გამოცდის დასრულებიდან 40 დღის ვადაში. 4. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცლები სწორდება:  ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით; ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა. 5. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება. საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის დროს ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, არ გასწორდება. 6. ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აპლიკანტის ნაშრომი  არ გასწორდება. 7. საგნის გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. საგნის გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის. 8. ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების შედეგებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში. 9. საგნის გამოცდის ქულების გამოცხადებიდან  2 თვის შემდეგ ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პრაქტიკოს მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა. თავი VI გარდამავალი დებულებანი მუხლი 19🔗. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესის ძალაში შესვლამდე ცენტრის მიერ, 2015 წლის 23 თებერვლიდან საგნის გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები (ტესტების მომზადება და აპლიკანტთა რეგისტრაცია), ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განხორციელებულად. 2. 2015 წლის საგნის გამოცდებთან დაკავშრებით ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საგნის გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა. 3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების განხორციელება და ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ.ბ“ და  ,,მ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საგნის გამოცდის ჩატარება ცენტრმა უზრუნველყოს 2016 წელს.