ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს „შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმო“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/603-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქმე №2/603-15

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 27 მაისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმო’’ (ს/ნ 237070049).

დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’

წარმომადგენელი: ბიძინა ჩიკვილაძე.

მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმოს’’ (წარმომადგენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2015 წლის8 აპრილს შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმოს’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ კომპანია წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. შსს მომსახურების სააგენტოს წერილით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმოს’’ სახელზე 2008 წლის 9 ივლისიდან რეგისტრირდება სატრანსპორტო საშუალება ,,გაზ 3507’’ (ძრავის №113947, შასის №1283166, ფერი ლურჯი 2/8, გამოშვების წელი _ 1990 წელი). რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული აქვს სახელმწიფო სანომრე ნიშანი BMშ-446 და გაცემულია ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ნომრით №LV0002662. ამჟამად აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობა დაუდგენელია. ასევე დაუდგენელია მისი ნარჩენი ღირებულებაც. სატრანსპორტო საშუალება გაზ-3507-ის გარდა, შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმოს’’ სხვა მოძრავი ქონება არც საკუთრებაში და არც ბალანსზე არ ერიცხება. შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმოს’’ არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი თანხით – 150086,46 ლარი. განმცხადებლის განმარტებით, საზოგადოებას დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, საზოგადოებას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი არ აქვს არცერთ ბანკში, თანხა არ ერიცხება არც სალაროში. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვს შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმოს’’ გაკოტრებას.

2015 წლის 8 აპრილს განჩინებით შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმოს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმოს’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 22 აპრილს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმო’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმოს’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმო’’ (ს/ნ 237070049) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,შემოქმედის ექსპერიმენტალური ჩაის საწარმოს’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                გენადი მაკარიძე