ს.ს."გეჯეთი 2000"-ის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/935-2015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/935-2015

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

 

2015 წლის 5 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: სს ,,გეჯეთი 2000’’  (ს/ნ 239862261)

დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’

წარმომადგენელი : ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა –  მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,გეჯეთი 2000’’-ის (წარმომადგენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2015 წლის 1 ივნისს  სს ,,გეჯეთი 2000’’-ის  სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ კომპანია წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს.

სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის წერილიდან ირკვევა, რომ სს ,,გეჯეთი 2000’’-ის სახელზე  რეგისტრირებულია: ა) უძრავი ქონება, მდებარე სენაკის რაიონში, სოფელი გეჯეთი; ნაკვეთის ფუნქცია – არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი, 1374,00 კვ. მეტრი, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი №1, საერთო ფართი – 973,87 კვ მეტრი (ს/კ 44.14.23.059). ბ) უძრავი ქონება, მდებარე სენაკის რაიონში, სოფელი გეჯეთი, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი 813,00 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, საერთო ფართი, 613,88 კვ მეტრი, №2 საერთო ფართობი – 5,6 კვ. მ (ს/კ 44.14.23.060), დ) უძრავი ქონება, მდებარესენაკის რაიონში, სოფელი გეჯეთი, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართობი – 2077,00 კვ. მეტრი, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი №1 საერთო ფართი 380,77 კვ მეტრი (ს/კ 44.14.23.061). 

ამჟამად ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება.

სს ,,გეჯეთი 2000’’-ს საკუთრებაში არ ერიცხება ასევე მოძრავი ქონება. სს ,,გეჯეთი 2000’’-ს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, თანხით 8257,32 ლარი. განმცხადებლის განმარტებით საზოგადოებას დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, ასევე არ ერიცხება თანხა საბანკო ანგარიშზე და სალაროში.

 

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ითხოვს სს ,,გეჯეთი 2000’’-ის  გაკოტრებას.

 სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოება უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე არ არის (ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ცნობა სსიპ – მომსახურების სააგენტოდან), საზოგადოებას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება (ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან და ბანკიდან), არ გააჩნია დებიტორული დავალიანება. ამავდროულად, კომპანიას ერიცხება უზუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, თანხით 8 257,32 ლარი.

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

 სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,გეჯეთი 2000-ს’’  (წარმომადგენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’,  ბიძინა ჩიკვილაძე) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                        გენადი მაკარიძე