სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №265
სარეგისტრაციო კოდი 470120010.10.003.018650
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- სახელმწიფო ქონების შესახებ 21.07.2010
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №265
2015 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და
პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს დებულება „სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დებულება
სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის (შემდგომში − ჰოსპიტალი) მფლობელობაში არსებული სისხლის კომპონენტების განკარგვის, გადაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. სისხლის კომპონენტების განკარგვის პირობები
1. სისხლის კომპონენტების უსასყიდლოდ გადაცემა შესაძლებელია, თუ სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით დგინდება, რომ სამედიცინო დაწესებულებას სისხლის კომპონენტები ესაჭიროება:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისთვის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებისათვის, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის (კადეტები);
ბ) სამინისტროდან დათხოვნილი სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისათვის (სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე), თუ მათ სამინისტროდან დათხოვნის დღისათვის წარმოექმნათ კომპენსაციის/პენსიის მიღების უფლება;
გ) მარჩენლის (სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის) გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისათვის, თუ მოსამსახურე ამორიცხულია პირადი შემადგენლობის სიებიდან გარდაცვალების გამო;
დ) 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპული პირის ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);
ე) ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე მცირეწლოვანი პაციენტებისათვის.
2. სისხლის კომპონენტების შეღავათიანი პირობით (დამტკიცებულ ტარიფზე 45%-იანი ფასდაკლებით) გადაცემა შესაძლებელია, თუ სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით დგინდება, რომ სამედიცინო დაწესებულებას სისხლის კომპონენტები ესაჭიროება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრისათვის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა).
3. სამედიცინო დაწესებულებას სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობით გადაეცემა იმ პირობით, თუ ამ სამედიცინო დაწესებულების წერილობით მოთხოვნაში ფიქსირდება, რომ მიღებული სისხლი უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობით მოხმარდება წერილობით მიმართვაში მითითებულ პაციენტს.
4. ჰოსპიტლის დირექტორის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულებისათვის სისხლის კომპონენტების უსასყიდლოდ გადაცემა შესაძლებელია, თუ ამოწურულია ჰოსპიტლის სისხლის ბანკში არსებული რეზერვიდან სისხლის კომპონენტების შენახვისათვის დადგენილი ვადის 70%, მხოლოდ ჰემატოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების საჭიროებისათვის.
მუხლი 3🔗. სისხლის კომპონენტების განკარგვის წესი
1. სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობით შეიძლება, გადაეცეს სამედიცინო დაწესებულებას ამ დაწესებულების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) სისხლის კომპონენტების დასახელება, რაოდენობა;
ბ) ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის დამადასტურებელი ინფორმაცია;
გ) სამედიცინო დაწესებულების ვალდებულება, რომ ჰოსპიტლის მიერ მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული და მოხმარებული სისხლის კომპონენტების საფასური არ აისახება:
გ.ა) სამედიცინო დაწესებულებისათვის პაციენტის მიერ გადასახდელ წილში;
გ.ბ) ფაქტობრივ ხარჯში.
2. გადაწყვეტილებას სისხლის კომპონენტების განკარგვის შესახებ იღებს ჰოსპიტლის დირექტორი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სისხლის კომპონენტების განკარგვის პირობების, სამინისტროსა და ჰოსპიტლის საჭიროებების, აგრეთვე სისხლის კომპონენტების ვარგისიანობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჰოსპიტლის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:
ა) სისხლის კომპონენტების მიმღები სამედიცინო დაწესებულების დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) სისხლის კომპონენტების დასახელებასა და რაოდენობას;
გ) დასაბუთებას ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული სისხლის კომპონენტების უსასყიდლოდ განკარგვის პირობების არსებობის თაობაზე.
4. სისხლის კომპონენტები სამედიცინო დაწესებულებას გადაეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში დაუყოვნებლივ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) სისხლის კომპონენტების დასახელებასა და რაოდენობას;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების რეკვიზიტებს;
გ) ჰოსპიტლისა და სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირების ხელმოწერას.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ჰოსპიტალი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აგრეთვე სამინისტროს, უგზავნის მიღება-ჩაბარების აქტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების ასლებს.
7. სისხლისა და სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ჰოსპიტალი უფლებამოსილია, გააფორმოს ხელშეკრულება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებთან და სამშობიარო სახლებთან, რომელშიც წინასწარ განისაზღვრება ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ტარიფის შესაბამისად სისხლის კომპონენტის საფასური. ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორებით.