მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 040210010.22.027.016583
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,126 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 30.04.2019 მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 25.12.2025 საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 11.04.2016 შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონი 84% 04.05.2017 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 08.02.2021

დოკუმენტის ტექსტი

მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №79/№01-18/ნ 2015 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1191​1 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების თანდართული წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი მუხლი 1🔗.ზოგადი დებულება მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსის დადგენისა და შესაბამისი სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის მიზნით განცხადების წარდგენასთან, განხილვასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე, შესაბამისი სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა რეესტრის  წარმოების წესს. მუხლი 2🔗. მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსის დადგენის ძირითადი პირობები 1. მარტოხელა დედის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, თუ: ა) დედა არ იმყოფება ქორწინებაში, ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის მონაცემები ან მონაცემების მითითება მოხდა დედის განცხადებით (ბავშვის მამის სახელი განისაზღვრა დედის განცხადებით და მამის გვარად განისაზღვრა დედის გვარი); ბ) მშვილებელი ქალი,  რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოდგენს ბავშვის დაბადების აქტში მამის მონაცემების არსებობა, აგრეთვე  მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად. 2. მარტოხელა მამის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს/საქართველოში მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, თუ: ა) მამა არ იმყოფება ქორწინებაში, ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი  ბავშვის დედის მონაცემები; ბ) მშვილებელი კაცი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოდგენს ბავშვის დაბადების აქტში დედის მონაცემების არსებობა, აგრეთვე  მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად. მუხლი 3🔗. კომუნიკაციის სახეები 1. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ან/და მისი ტერიტორიული სამსახურების მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების ან/და განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში). 2. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე, განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და შესაბამის სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე – ელექტრონული ფორმით. მუხლი 4🔗 . განცხადების წარდგენის უფლებამოსილება 1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს: ა) სტატუსის მაძიებელ პირს 16 წლის ასაკიდან, თუ ქორწინების საფუძველზე შეძენილი აქვს  ქმედუნარიანობა; ბ) სტატუსის მაძიებელ 18 წლამდე პირის ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს, გარდა ამ პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) მხარდაჭერის მიმღებს მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი; დ) ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მინდობილ პირს; ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ. 2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენისას, სტატუსის მაძიებელს (განცხადების წარმდგენს) განემარტება განმცხადებლის უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე, სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების შესახებ. მუხლი 5🔗. წარსადგენი დოკუმენტები 1. სტატუსის დადგენის მიზნით, პირი, შესაბამისი განცხადებით, მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტ(ებ)ს: ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობას; გ) სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობას, თუ სტატუსის მაძიებელი არასრულწლოვანია და განცხადების წარდგენა ხდება კანონიერი წარმომადგენლის მიერ; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებას, თუ სტატუსის მაძიებელი პირი არის მხარდაჭერის მიმღები; ე) სხვა დოკუმენტებს, რაც აუცილებელია სტატუსის დადგენისათვის. 2. ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განხორციელების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს დამატებით უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და არ შეუძლია წარმოადგინოს დაბადების მოწმობა, აღნიშნული დოკუმენტის ნაცვლად, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს, მშობლების ვინაობას და დაბადების აქტის რეგისტრაციის მონაცემებს. 4. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს მონაცემთა  ელექტრონული ბაზა ან/და სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას. 5. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთები სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა წარედგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანით. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესრულებული თარგმანი წარმოდგენილი უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული სახით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის  აუცილებელი უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით  დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს  საერთაშორისო ხელშეკრულებით  ან შეთანხმებით,  ასევე ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარმოდგენის გარეშე, თუ  შესაძლებელია  ამ  დოკუმენტების  აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის  ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის გადამოწმების დამადასტურებელი   დოკუმენტები   მატერიალური  ან  ელექტრონული   ფორმით  უნდა  დაერთოს  შესაბამის საქმისწარმოების მასალებს. 7. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 6🔗. განცხადების განხილვა 1. მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე საქმისწარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება. 2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია, ბავშვის უცხო ქვეყანაში გაცემულ დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, სხვა ქვეყნის  ან/და საქართველოს უფლებამოსილი ორგანოდან გამოითხოვოს/გადაამოწმოს  შესაბამისი ინფორმაცია. 3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია, სტატუსის მაძიებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე. წარმოების პროცესში შესაძლებელია მოწვეულ იქნეს მოწმეები და სხვა დაინტერესებული პირები. 4. გასაუბრებაზე მოწვეული პირი უფლებამოსილია წარმოადგინოს  სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დოკუმენტი (ინფორმაცია). გასაუბრებას ატარებს (ატარებენ) სტატუსის დადგენის თაობაზე განცხადების განმხილველი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი (პირები). გასაუბრების შესახებ დგება ოქმი. 5. არასრულწლოვან ან მხარდაჭერის მიმღებ სტატუსის მაძიებელ პირთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის, მეურვის (მზრუნველის) ან მხარდამჭერის თანდასწრებით. 6. სტატუსის მაძიებელი ვალდებულია, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურს  წარუდგინოს სტატუსის დასადგენად საჭირო ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ასევე, ითანამშრომლოს სტატუსის დადგენის მიზნით საჭირო გარემოებების დასადგენად, დასადასტურებლად და გადასამოწმებლად. 7. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, სააგენტოს ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურს  წარუდგინონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სტატუსის დადგენის საკითხის გადაწყვეტაზე. მუხლი 7🔗. გადაწყვეტილება სტატუსის დადგენის თაობაზე 1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30-ე დღეს.  თუ სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დოკუმენტის (ინფორმაციის) მოპოვება, გადაწყვეტილების გამოტანის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება სააგენტოს მიერ ამ დოკუმენტაციის (ინფორმაციის) მოპოვებამდე, მაგრამ არა უმეტეს განცხადების წარდგენიდან 6 თვემდე. თუ ამ ვადაში გამოთხოვილი დოკუმენტი (ინფორმაცია) ვერ იქნება მიღებული, სააგენტო ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 2. სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილი და სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის  მიერ მოპოვებული დოკუმენტების (ინფორმაციის) საფუძველზე, სააგენტოს შესაბამისი ტერიტორული სამსახური გამოსცემს გადაწყვეტილებას (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს) სტატუსის მაძიებლისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ. 3. განმცხადებელს, მისი მოთხოვნის შესაბამისად, გადაწყვეტილება გადაეცემა პირადად ან ეგზავნება ფოსტის საშუალებით მისი გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, განმცხადებელს გადაეცემა/ეგზავნება ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ. 4. გადაწყვეტილებაში  უნდა მიეთითოს ყველა ის ბავშვი, რომელთან მიმართაც პირს დაუდგინდება მარტოხელა მშობლის სტატუსი. მუხლი 8🔗. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება და საქმისწარმოების შეწყვეტა 1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული, თუ: ა)  შეტყობინების მიუხედავად, სტატუსის მაძიებელი თავს არიდებს გასაუბრებაზე გამოცხადებას ან/და იგი არ ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რაც საჭიროა სტატუსის დადგენისთვის საჭირო გარემოებების გამოსავლენად; ბ) უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, წარმოების დასრულებამდე სამსახურმა ვერ მიიღო გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტი (ინფორმაცია); გ) სტატუსის მაძიებელმა მოითხოვა განცხადების განუხილველად დატოვება. 2. სტატუსის დადგენის შესახებ საქმისწარმოება შეწყდება, თუ: ა) სტატუსის მაძიებელი გარდაიცვალა; ბ) გარდაიცვალა ბავშვი, რომელთან დაკავშირებითაც  სტატუსის მაძიებელი ითხოვს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას; გ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო გადაწყვეტილება, სტატუსის მაძიებლის ან/და ბავშვის გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ. მუხლი 9🔗. სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები 1. სტატუსის მაძიებელს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ: ა) სტატუსის მაძიებელი პირი იმყოფება ქორწინებაში; ბ) შესაბამისი წესით ბათილად იქნა ცნობილი იმ ბავშვის შვილად აყვანა, რომლის მიმართაც სტატუსის მაძიებელი ითხოვს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას; გ) ბავშვი, რომლის მიმართაც სტატუსის მაძიებელი ითხოვს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას, გახდა 18 წლის ან დაქორწინდა; დ) ბავშვს, რომლის მიმართაც სტატუსის მაძიებელი ითხოვს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას, დაუდგინდა მეორე მშობელი; ე) გაშვილდა ბავშვი, რომელთან დაკავშირებითაც სტატუსის მაძიებელი ითხოვს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას; ვ) მოძიებულ იქნა ბავშვის დაბადების შესახებ დოკუმენტი, სადაც ფიქსირდება ბავშვის მამის შესახებ მონაცემები (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბავშვის მამის სახელი დაფიქსირებულია დედის განცხადებით, ხოლო მამის გვარად მითითებულია დედის გვარი); ზ) სტატუსის მაძიებელი პირი აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; თ) სტატუსის მაძიებელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება; ი) სტატუსის მაძიებელმა სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. 2. თუ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე შეიცვალა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილების გამოტანის დღეს არსებული გარემოებები. მუხლი 10🔗. სტატუსის გაუქმება 1. პირისათვის ამ წესის შესაბამისად მინიჭებული მარტოხელა მშობლის სტატუსი უქმდება ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-9 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში. პირი მარტოხელა მშობლის სტატუსს ინარჩუნებს, თუ მას ჰყავს ერთი ბავშვი მაინც, რომლის მიმართაც პირს დაუდგინდა შესაბამისი სტატუსი და ამ ბავშვის მიმართ არ არსებობს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-9 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. 2. სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, წერილობითი ფორმით, შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან 30-ე დღეს. თუ სტატუსის გაუქმების შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დოკუმენტის (ინფორმაციის) მოპოვება, გადაწყვეტილების გამოტანის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება სააგენტოს მიერ ამ დოკუმენტაციის (ინფორმაციის) მოპოვებამდე, მაგრამ არა უმეტეს განცხადების წარდგენიდან 6 თვემდე. 3. ადმინისტრაციული ორგანოები, თუ მათთვის ცნობილია, ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ სტატუსის გაუქმების საფუძვლების შესახებ და არსებობის შემთხვევაში მიაწოდონ სათანადო დოკუმენტები. მუხლი 11🔗. სტატუსის გაუქმების წესი 1. სააგენტო უფლებამოსილია, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ან/და მე-9 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, დაიწყოს წარმოება სტატუსის გაუქმების თაობაზე. 2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია საქმისწარმოების დაწყების თაობაზე აცნობოს სტატუსის მქონე პირს (პირის კანონიერ წარმომადგენელს) ან/და მხარდამჭერს და ჩართოს იგი საქმისწარმოებაში. საქმისწარმოების დაწყების შესახებ სამსახური იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ საქმისწარმოებაში ჩართვის მიზნით, ვერ ხდება დაინტერესებული პირის მოძიება, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი პირის მონაწილეობის გარეშე. 4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მქონე პირი თავს არიდებს სტატუსის გაუქმების თაობაზე საქმისწარმოებაში მონაწილეობას, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე. მუხლი 12🔗. სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის წესი მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში  ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს, თუ: ა) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს სურს გადაწყვეტილებაში დაემატოს  იმ ბავშვის შესახებ მონაცემები, რომელიც არ იყო ასახული გადაწყვეტილებაში; ბ) შეიცვალა სტატუსის მქონე პირის ან/და ბავშვის პერსონალური საიდენტიფიკაციო მონაცემები და დაინტერესებულ პირს სურს გადაწყვეტილებაში ცვლილებების ასახვა; გ) სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილებაში მითითებულ ბავშვთან მიმართებით წარმოიშვა მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი. მუხლი 13🔗. სტატუსის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი 1. სტატუსის დადგენაზე განცხადების განუხილველად დატოვების, სტატუსის დადგენაზე უარის თქმის ან სტატუსის გაუქმების შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სააგენტოში კანონით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ან/და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას. მუხლი 14🔗. სტატუსის შესახებ ცნობის  განმეორებით გაცემის წესი 1. მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ ცნობა განმეორებით გაიცემა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე.   2. ცნობის განმეორებით გაცემაზე მოთხოვნის წარდგენისა და ცნობის მიღების უფლებამოსილება გააჩნიათ  ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ პირებს. 3. ცნობის განმეორებითი  გაცემაზე მოთხოვნა წარედგინება და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური. 4. ცნობის განმეორებით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, ცნობა გაიცემა სტატუსის დადგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. 5. ცნობის ფორმა დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 15🔗. სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა რეესტრის  წარმოების წესი 1. სააგენტო უზრუნველყოფს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა ელექტრონული რეესტრის წარმოებას (რეესტრის ფორმირებასა და მასში ცვლილებათა ასახვას). 2. სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ელექტრონულ რეესტრში არსებულ მონაცემებთან დაშვებისა და მათი დამუშავების საკითხები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით. მუხლი 16🔗. სოციალური დახმარებების ან სხვა შეღავათების გავრცელება მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირზე მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირზე სოციალური დახმარებების ან სხვა შეღავათების გავრცელებასთან, შეწყვეტასთან ან, ცალკეულ შემთხვევებში, შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით. მუხლი 17🔗. გარდამავალი დებულებები 1. თუ  2015 წლის 1 აპრილამდე ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალური შეფასება სასამართლოს არ განუხორციელებია 2019 წლის 1 აპრილამდე, შესაბამის პირის ინდივიდუალურ შეფასებამდე, მას ამ წესით გათვალისწინებულ ურთიერთობებში წარმოადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე). 2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, პირებს, რომლებიც ამ წესის ამოქმედებამდე სარგებლობდნენ მარტოხელა მშობლისთვის განკუთვნილი, კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დახმარებებით ან სხვა სახის შეღავათებით, უნარჩუნდებათ შესაბამისი შეღავათები 2015 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შესაბამისი განცხადებით სააგენტოსთვის 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიმართვის შემთხვევაში – სააგენტოს მიერ სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სააგენტოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ამ წესის შესაბამისად მინიჭებული მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების შესახებ). 3. 2015 წლის 1 სექტემბრამდე მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების მიზნით სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს არა უგვიანეს 3 თვისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ წესის თანახმად, ეს ვადა გრძელდება 6 თვემდე.