საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.06.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №269
სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.018654
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების
დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №269
2015 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების
დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დებულება
საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულება (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს საქართველოს დაზვერვის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად წვევამდელთა შერჩევის, ჩარიცხვის, მომზადებისა და მათ მიერ სამსახურის გავლის წესს.
მუხლი 2🔗
1. წვევამდელის მიერ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის სახით. საკონტრაქტო სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. წვევამდელის მიერ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაითვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად.
3. წვევამდელები სამსახურში საკონტრაქტო სამსახურს გადიან თანდართული კონტრაქტის საფუძველზე.
4. წვევამდელზე, რომელიც სამსახურში სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით, ვრცელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება, სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება, სამსახურის უფროსის ბრძანებები და სხვა სამართლებრივი აქტები.
თავი II
საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის წესი
მუხლი 3🔗
1. საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის წვევამდელი, ფლობს სახელმწიფო და უცხო ენას, პიროვნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეძლებს, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.
2. საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველი წვევამდელი სამსახურს მიმართავს შესაბამისი განცხადებით.
3. განცხადება მიიღება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს წერილობით ეცნობება წვევამდელის სპეციალურ შესწავლაში აყვანისა და საკონტრაქტო სამსახურში შესაძლო ჩარიცხვის შესახებ.
მუხლი 4🔗
1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის სურვილის მქონე წვევამდელთან ტარდება გასაუბრება და შესაბამისი ტესტირება, რომლის დროსაც მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლების დონე და ინტელექტუალური მონაცემები.
2. შერჩეული კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას, ხოლო მისი შევსებიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში სამსახურს სავალდებულო წესით წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) პირადობის, დაბადების, ქორწინების (არსებობის შემთხვევაში), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს;
ბ) ახლო ნათესავების პირადობის, დაბადებისა და ქორწინების (არსებობის შემთხვევაში) მოწმობების, გარდაცვალების ცნობის ასლებს;
გ) ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან;
დ) ცნობას სასწავლებლიდან (სტუდენტის შემთხვევაში);
ე) ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ვ) ფოტოსურათებს ზომით 3X4 და 9X12 (2-2 ეგზემპლარსა და ელ. ვერსიას);
ზ) პირადი საქმის სრულყოფისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებს სამსახურის მოთხოვნით.
3. კანდიდატმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებთან ერთად, სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტების დედნები, რომლებიც დაუბრუნდება ასლების დედნებთან შედარების შემდეგ.
მუხლი 5🔗
1. საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი შესაბამისი მიმართვით იგზავნება სამედიცინო კომისიაზე.
2. კანდიდატები სამსახურის სასწავლო ცენტრში აბარებენ ფიზიკური მომზადების ნორმატივებს.
მუხლი 6🔗
1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე ხორციელდება კანდიდატის სპეციალური შესწავლა.
2. საკონტრაქტო სამსახურის სახით სამხედრო ვალდებულების მოსახდელად შერჩეული წვევამდელები სამსახურის უფროსის ბრძანებით ჩაირიცხებიან სამსახურში და უფლებამოსილი პირის მიერ უფორმდებათ კონტრაქტი თანდართული ნიმუშის (დანართი) შესაბამისად. მათ მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა აითვლება ჩარიცხვის დღიდან.
3. საკონტრაქტო მოსამსახურე გადის ერთთვიან სპეციალურ მომზადებას, რომლის დასრულების შემდეგ დებს ფიცს, მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება „დაზვერვის რიგითი“ და ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე.
4. საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 7🔗. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულთა სიას სამსახური აცნობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.
თავი III
საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი
მუხლი 8🔗
1. საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება ამ დებულებით.
2. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა და დათხოვნა ხორციელდება სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურეები სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით, შესაბამის თანამდებობაზე და შესაბამისი ანაზღაურებით.
4. სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ხორციელდება ცვლიანი (სამ დღეში − ერთი დღე) სამსახურის სახით.
5. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, საკონტრაქტო მოსამსახურეები გარკვეული ვადით შეიძლება გადაყვანილ იქნენ დღეგამოშვებით მუშაობის რეჟიმზე.
6. სამსახურებრივი რეჟიმის გაძლიერებისა და განგაშის (გარდა სასწავლო) შემთხვევაში, თავისუფალ ცვლაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი საკონტრაქტო მოსამსახურე ვალდებულია, სასწრაფოდ გამოცხადდეს სამუშაო ადგილას. თუ ეს შეუძლებელია, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს და იმოქმედოს ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 9🔗
1. საკონტრაქტო მოსამსახურე, საკუთარი ინიციატივით ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, გათავისუფლდება სამსახურიდან კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად და საერთო წესით დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.
2. საკონტრაქტო მოსამსახურის ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტად ჩაითვლება:
ა) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;
ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა;
გ) ფიცის გატეხა;
დ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა.
მუხლი 10🔗. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლების მქონე წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება სამსახურში, შესაბამისი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, სამხედრო სამსახურს გაივლის სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების კანონით დადგენილი საფუძველი. საკონტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს, უარი თქვას აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე.
მუხლი 11🔗
1. სამსახური საკონტრაქტო მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ფულადი სარგოთი, ფორმის ტანსაცმლით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით.
2. საკონტრაქტო მოსამსახურე ვალდებულია, გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ (მინდობილ) ქონებას, ხოლო აღნიშნული მატერიალური ფასეულობების მისი ბრალეულობით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს ზიანი.
თავი IV
საკონტრაქტო მოსამსახურის შვებულება და
სამსახურებრივი მივლინება
მუხლი 12🔗
1. საკონტრაქტო მოსამსახურეს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ერთჯერადად, წახალისების მიზნით, შეიძლება, მიეცეს 5-დღიანი შვებულება უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, გარდა საკონტრაქტო სამსახურის ბოლო თვისა.
2. საკონტრაქტო მოსამსახურეს ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა პატივსადები მიზეზით (დაოჯახება, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან მათი მძიმე ავადმყოფობა, სტიქიური უბედურება, რომლის დროსაც დაზარალდა მოსამსახურის ოჯახი) შეიძლება, ბოლო თვესთან დაკავშირებული შეზღუდვის გარეშე მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით.
3. შვებულება ფორმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის უფროსის ბრძანებით, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია საკონტრაქტო მოსამსახურის გამოძახება შვებულებიდან (შვებულების შეწყვეტა).
მუხლი 13🔗
1. საკონტრაქტო მოსამსახურეს კონტრაქტი ვადამდე შეუწყდება და დათხოვნილი იქნება სამსახურიდან კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად, თუ მისი დროებით შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი აღემატება ერთ თვეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მოსამსახურეზე, რომლის დროებით შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა გამოწვეულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანებით.
მუხლი 14🔗
1. საკონტრაქტო მოსამსახურეები სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება, გაიგზავნონ სამსახურებრივ მივლინებაში.
2. საკონტრაქტო მოსამსახურის სამივლინებო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება
მუხლი 15🔗
1. კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ეცნობება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.
2. კონტრაქტის ვადის გასვლის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციას მოსამსახურის სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვის მიზნით და გადასცემს მას სამხედრო ბილეთს.
დანართი
კონტრაქტი №
საქართველოს დაზვერვის სამსახურში
სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესახებ
ერთი მხრივ, საქართველოს დაზვერვის სამსახური (შემდგომში – სამსახური)
---------------------------------------------------------------------------------------- სახით და, მეორე მხრივ, ----------------------------------------------------------------------------------------
____________________________________________________________________
(შემდგომში – მოსამსახურე), საქართველოს კანონების, „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებისა და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით:
1. კონტრაქტის საგანი
კონტრაქტის საგანს წარმოადგენს სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქის (წვევამდელის) საკონტრაქტო სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად მიღება.
2. კონტრაქტის ძალაში შესვლის პირობები
საკონტრაქტო სამსახურის დაწყების ვადა აითვლება საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან.
3. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
3.1. სამსახური ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და ფულადი ანაზღაურებით;
ბ) გააცნოს მოსამსახურეს ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით, ასევე სამსახურის უფროსის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები;
გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე;
დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებში ცნობების გაგზავნა ამ მოსამსახურის ნამსახურობის აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით.
3.2. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური მომზადების საკარანტინო პერიოდი;
ბ) მტკიცედ დაიცვას სამხედრო და სამსახურის მოსამსახურის ფიცი;
გ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და ზედმიწევნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
3.3. კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა მხარეებს ეკისრებათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. კონტრაქტის მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები
4.1. კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება _____ თვით.
4.2. კონტრაქტის მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია:
− კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლა;
− კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა.
4.3. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
− კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;
− სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა;
− ფიცის გატეხა;
− სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა;
− დადგენილზე მეტი ვადით ავადმყოფობა.
5. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები
5.1. კონტრაქტი ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები.
5.2. მოსამსახურე საკუთარი ინიციატივით ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, გათავისუფლდება სამსახურიდან კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად და საერთო წესით დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.
5.3. მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის, ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. მოსამსახურე მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო, სამსახურის სახით.
5.4. წინამდებარე კონტრაქტიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა მხარეთა შორის წყდება მოლაპარაკებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დამატებითი პირობები
6.1. მხარეები მიმართავენ ყოველგვარ ძალისხმევას, რათა შეთანხმდნენ კონტრაქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც შეიძლება, გამოწვეული იყოს ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებით. კონტრაქტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის გაფორმების გზით.
6.2. კონტრაქტი შედგენილია ქართულ ენაზე, 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.
7. მხარეთა რეკვიზიტები
საქართველოს დაზვერვის
სამსახური მოსამსახურე
––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
„–––––“ –––––––––––––– 20 წ. „––––“ ––––––––––––––– 20 წ.
ბ.ა