ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.07.2015
ძალის დაკარგვა 11.06.2018
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2015 წლის 6 ივლისი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 2🔗.
გადაწყვეტილების მიზანი
წინამდებარე წესის მიღების მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მოწესრიგება.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გეოგრაფიული ობიექტები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, სასაფლაო, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი;
ბ)სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, აეროპორტი, აეროდრომი;
გ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან უკვე სახელმინიჭებული ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
დ ) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო, ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში.
მუხლი 4🔗.
გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება
1. სახელი ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (აბრაზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, სახელწოდება დასაშვებია მიეთითოს სხვა ენაზეც.
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დაადგინოს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი ნიშნების დიზაინი და ფორმები.
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იცვლება საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული შემორჩენილი სახელწოდებები;
ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
გ) არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;
დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება.
მუხლი 6🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ან/და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან/და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა 1/3 -ის ინიციატივის შემთხვევაში.
2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდებისას, მათი გვარ-სახელები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“).
3. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგ., „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“).
4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა”).
5. თუკი საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ., „მეფე დემეტრე თავდადებული”).
6. ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ. „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“),ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში, გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ., „26 მაისის მოედანი“).
7. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, კვანძების, გადასაჯდომი სადგურების თუ ტერმინალების დასახელებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტების დასახელებებთან.
8. საქალაქო ტრანსპორტის ერთი და იგივე, თუ სხვადასხვა სახეობის მარშრუტების გადაკვეთაზე არსებულ გაჩერებებს, სატრანსპორტო კვანძებს, სადგურთაშორისო სადგურებს თუ ტერმინალებს უნდა ჰქონდეთ იდენტური დასახელება.
9. დასაშვებია მოკლე ჩიხების, გასასვლელების თუ შესახვევების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი, გასასვლელი თუ შესახვევი (მაგ., დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში, სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც, გასასვლელსაც და შესახვევსაც.
10. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის №109 ბრძანებულების შესაბამისად.
11. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერაციულად , არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმებით .
12. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით , უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით დაწერის ფორმას.
მუხლი 7🔗.
უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ან ამ დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრებულოს წევრთა 1/3;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელი;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
3. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წარედგინება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას (შემდგომში – კომისია).
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება (არა მარტო სახელწოდების, არამედ მისი კავშირი კონკრეტულ ადგილთან);
ბ) ობიექტის აღწერა;
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ;
დ) კომისია უფლებამოსილია კონკრეტული ინიციატივის შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა( გეოგრაფიული ობიექტის XY კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში, არსებობის შემთხვევაში, საკადასტრო მონაცემები; ორთოფოტო, იმ პირთა ხელმოწერები, ვისაც, შესაძლოა შეეხოს საკრებულოს გადაწყვეტილება).
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
6. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაღვრული დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში-სამთავრობო კომისია).
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მიმართვას უნდა ერთვოდეს:
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესააბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი;
გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეგორაფიული ობიექტის მონიშვნით;
დ) გეგორაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.
9. ქ.ბოლნისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას, სამთავრობო კომისიისათვის მიმართვას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების ნაცვლად, უნდა დაერთოს:
ა)პროსპექტის (გამზირი), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანდას, ბულვარის, ხეივნის სახელდებისას - სიტუაციური რუკა(ქაღალდის ვერსია). რუკაზე წერტილებით და ხაზებით უნდა იყოს აღწერილი ქუჩის ფორმა და გავრცელების არეალი. ქუჩის დასაწყისი და დასასრული უნდა აღიწეროს წერტილებით, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.
ბ) ზონის მიკრორაიონის, მოედნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისას - რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი ობიექტის ფორმა და გავრცელების არეალი, საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ხლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.
10. სამთავრობო კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის განიხილავს სამი თვის ვადაში.
11.სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესხებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
12. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - განკარგულება, რეაგირებისათვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონსძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).
13. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი, ამ მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ან/და ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.