(შპს "კაპიტალ ენერჯი"-ს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11055-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 11055 -15

 

 

 

 

 

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში

მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2015 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს „კაპიტალ ენერჯი”

წარმომადგენელი (დირექტორი): ზეზვა ობგაიძე

 

მოთხოვნა: შპს „კაპიტალ ენერჯის“ მიმართ

          გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2015 წლის 9 ივნისს შპს „კაპიტალ ენერჯის“ დირექტორმა ზეზვა ობგაიძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „კაპიტალ ენერჯის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის განმარტებით, ფინანსური სირთულეების გამო შპს „კაპიტალ ენერჯის“ შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. საზოგადოებას აქვს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მიმართ 304 155,27 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანება და მოთხოვნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიმართ 69 344,65 აშშ დოლარის ოდენობით. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ მოთხოვნა ხანდაზმულია, თუმცა მოვალის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაშიც კი შპს „კაპიტალ ენერჯი“ ვერ უზრუნველყოფს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მიმართ ვალდებულების სრულად შესრულებას. საზოგადოების საკუთრებაში არ არის უძრავი და მოძრავი ქონება. მოვალე არის გადახდისუუნარო და იგი ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანებისა და საპროცესო ხარჯების გადახდას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 მაისის ცნობის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, შპს „კაპიტალ ენერჯის” საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. სსიპ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 28 მაისის ცნობის მიხედვით, შპს „კაპიტალ ენერჯის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით, განმცხადებელს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა მტკიცებულების წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მან მიმართა შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” დავალიანების გადახდის მოთხოვნით.

2015 წლის 25 ივნისს შპს „კაპიტალ ენერჯის“ დირექტორმა ზეზვა ობგაიძემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის” 2015 წლის 25 ივნისის წერილი, რომლის თანახმადაც კომპანია არ აღიარებს შპს „კაპიტალ-ენერჯის“ მიმართ არსებულ დავალიანებას. წერილის თანახმად, შპს „კაპიტალ ენერჯის” აქვს დავალიანება შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ 305 130,47 ლარის ოდენობით.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „კაპიტალ ენერჯის“ უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

ამდენად, ვინაიდან შპს „კაპიტალ ენერჯის“ არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კაპიტალ ენერჯის“ (ს/ნ 205259913) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „კაპიტალ ენერჯის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                 ლაშა ქოჩიაშვილი