(შპს "ვიპ-ავია"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8846-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/8846-15

 

 

 

 

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს „ვიპ-ავია’’

წარმომადგენელი (დირექტორი): ირაკლი გუგუშვილი

მოთხოვნა: შპს „ვიპ-ავიას’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ვიპ-ავიას’’ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2015 წლის 8 მაისს შპს „ვიპ-ავიას” წარმომადგენელმა ირაკლი გუგუშვილმა  განცხადებით მომართა სასამართლოს  შპს „ვიპ-ავიას” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით,  შპს „ვიპ-ავიას” შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. მისი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 17 023.93 ლარს. კომპანიის საკუთრებაში არ არის მოძრავი და უძრავი ქონება. მოვალე არის გადახდისუუნარო და ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების გადახდას. კომპანიას არ ჰყავს სხვა კრედიტორები და დებიტორები. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით, შპს „ვიპ-ავიას” სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის განჩინებით შპს „ვიპ-ავიას’’ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „ვიპ-ავიას’’ არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ვიპ-ავიას’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 19 მაისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს,,ვიპ-ავია’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს,,ვიპ-ავიას’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ვიპ-ავია’’ (ს/კ 230866765) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ვიპ-ავიას’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                 ლაშა ქოჩიაშვილი