ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.07.2015
ძალის დაკარგვა 07.03.2016
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.137.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 18.03.2015
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2015 წლის 7 ივლისი
დ. ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ე.გ“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 115-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 მარტის №16 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.137.016168; 23/03/2015).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების
პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის,
საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის,
ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების საფუძველზე და განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას – საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას – ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – გამგებელი;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი – ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას – კანონით განსაზღვრული პირი;
დ) განკარგვა − ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა;
ე) პრივატიზება − ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად;
ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად;
ზ) მართვის უფლებით გადაცემა − ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად;
თ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა – ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი;
ი) პრივატიზაციის გეგმა – ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ;
კ) წარმომადგენელი (რწმუნებული) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიმღების მოძიებას და პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემის ინიციირების გზით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემის ხელშეწყობას, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. წარმომადგენელი (რწმუნებული), საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს საკადასტრო აზომვით ნახაზებს, ხოლო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემისას – აუქციონის ორგანიზებას, ამ წესით დადგენილი წესით;
ლ) უპირობო აუქციონი – აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
მ) პირობებიანი აუქციონი – აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
ნ) ვადაგაგრძელებული აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და, ამასთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
ო) განმეორებითი აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და, ამასთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
პ) აუქციონატორი – ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი/წარმომადგენელი (რწმუნებული);
ჟ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია;
რ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;
ს) ბე – აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბე-ს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში;
ტ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული წილები და აქციები;
უ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება ელექტრონულად – საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში;
ფ) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე ქონება;
ქ) მომხმარებელი – შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი;
ღ) საგარანტიო თანხა – ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა.
მუხლი 3🔗.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
თავი II
ელექტრონული აუქციონი
მუხლი 4🔗.
ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება
1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის მიხედვით, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
2. ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო ელექტრონული აუქციონისას, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება.
3. ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4 .ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას უზრუნველყოფს აუქციონატორი.
5. ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ან წესისი მე-6 თავის შესაბამისად.
6. ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზებისას ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ამ წესის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ან პირთა გაერთიანება, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას – კანონით განსაზღვრული პირი.
7. ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონი ცხადდება აუქციონატორის მიერ.
8. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ კონფიდენციალურია.
მუხლი 5🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებს 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 15 კალენდარული დღით აღემატება ადიგენის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას, მაშინ შეიძლება, მისი ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი საგარანტიო თანხის გამოყენება, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის თანხმობით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ხორციელდება გააქტიურებით (ელექტრონულად).
4. თუ ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ მიიღო ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს, ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდეგ, მისი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. აუქციონატორი, ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე – www.eauction.ge.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონატორის დასახელებას;
ბ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი;
დ) საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას;
ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს;
ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას;
კ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
7. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან წილების საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში;
ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
8. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს ქონების საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს ადიგენის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს.
10. იმ შემთხვევაში, როდესაც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ელექტრონული აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს (რწმუნებული), მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასური;
ბ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ ფარგლებში, განსაზღვრული წარმომადგენელის (რწმუნებული) ავანსის ან/და მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
მუხლი 6🔗.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება;
გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა;
დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, ინტერნეტბანკინგის საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად).
3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოტის პრივატიზებისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულად) ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ადიგენის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტისათვის ცალ-ცალკე.
4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 7🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისა და საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს.
2. ელექტრონული უქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც, ონლაინრეჟიმში, ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითებული მომენტიდან. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.
7. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად), განხორციელებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ გადახდა და წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად) შესაბამის სისტემაში აისახება ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე.
8. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით, გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
11. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ადიგენის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
13. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები.
მუხლი 8🔗.
მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. აუქციონატორი უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონული აუქციონის დასრულების დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
3. აუქციონატორი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად).
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უფლებამოსილია:
ა) შეიძინოს ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია:
ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები;
ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს ადიგენის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.
მუხლი 9🔗.
ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე ადიგენის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.
2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით.
3. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა ხორციელდება ამ წესის გათვალისწინებით, აუქციონატორის მიერ განსაზღვრული წესით, საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებით.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 10🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება).
2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში – ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის ადიგენის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას.
3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
4. ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადიგენის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, ქონების შემძენი პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება ქონების შემძენს გადაეცემა შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ.
6. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
7. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს დიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.
მუხლი 11🔗.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა
1. თუ ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
3. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. ქონების შემძენის მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს.
5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
6. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.
7. ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
8. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი, აგრეთვე, პრივატიზებული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.
მუხლი 12🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებული იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
2. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.
თავი III
საჯარო აუქციონი
მუხლი 13🔗.
საჯარო აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება
საჯარო აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 14🔗.
საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს (რწმუნებული), გამოიყენება ამ წესის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ადიგენის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონატორის დასახელებას;
ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში);
გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი) და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
5. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მონაცემებს.
6. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს ადიგენის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს.
8. ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები და განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. აღნიშნული სააუქციონო კომისია აუქციონატორის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.
მუხლი 15🔗.
საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს:
ა) განაცხადს ამ წესის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში - მონაწილე) სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადის მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან/და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
8. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას, კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ხოლო საჯარო აუქციონი ტარდება ამ წესის შესაბამისად. საჯარო აუქციონის ორგანიზების, ჩატარების, აგრეთვე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის და საჯარო აუქციონში გამარჯვებულის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდისა და ამ ღირებულების თანამესაკუთრეთა შორის განაწილების წესი, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების წერილობითი შეთანხმებით.
მუხლი 16🔗.
საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება ადიგენის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს, დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას). სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე, რომელმაც სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. საჯარო აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.
8. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.
9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ და უბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
11. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი ქონების სრული ღირებულება ირიცხება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 17🔗.
საჯარო აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
1. თუ არ მოხდება საჯაროა უქციონის ფორმით გატანილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით საჯარო აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით საჯარო აუქციონზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
2. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 18🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.
2. საჯარო აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2–მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 19🔗.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონის შემთხვევაში
საჯარო აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ წესის მე-11 მუხლით დადგენილი წესით.
თავი IV
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მუხლი 20🔗.
ზოგადი დებულებები
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია:
ა) ვადით და სასყიდლით;
ბ) უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
გ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას.
3. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
მუხლი 21🔗.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ვადები
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
3. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. პირდაპირი განკარგვის წესით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე, გადასცემს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
მუხლი 22🔗.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემა
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემა ხორციელდება აუქციონის, მათ შორის ელექტრონული აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. ქონების გადაცემის ფორმის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების ვადიანი სარგებლობისათვის ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
4. აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუციონის შემთხვევაში) ადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ადიგენის მუნიციპალიტეტის გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
5. ბეს სახით გადახდილი თანხა აუქციონში გამარჯვებულს ეთვლება ბოლო წლის ქირის გადახდის ანგარიშსწორებისას.
6. აუქციონში გამარჯვებულის ინიციატივით, ასევე აუქციონში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ბეს სახით გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება.
მუხლი 23🔗.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საერთო პირობები
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემული ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.
4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის ფორმდება ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება (შემდგომში - სარგებლობის ხელშეკრულება).
5. ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი) ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
6. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ, უნდა დაუბრუნდეს ადიგენის მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 24🔗.
აუქციონის ორგანიზება
ადიგენი მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 25🔗.
პირდაპირი განკარგვის წესით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
1. პირდაპირი განკარგვის წესით ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ.
2. პირდაპირი განკარგვის წესით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის აღამასრულებელი ორგანო იხილავს შესულ განაცხადებს 30 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას).
3. პირდაპირი განკარგვის წესით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას).
4. პირდაპირი განკარგვის წესით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი პირი, განაცხადით მიმართავს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღამასრულებელ ორგანოს და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
მუხლი 26🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში.
4. მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები აღნიშნულიქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესის 27-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები;
ვ) ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ზ) ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.
მუხლი 27🔗.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
თავი V
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა
მუხლი 28🔗.
ზოგადი დებულებები
1. აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მისი მართვის უფლებით გადაცემის შესახებ.
3. აქციებისა და წილების მართვის უფლემით გადაცემის ვადას განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 29🔗.
აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება და პირობები
1. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი აუქციონი) შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
4. აუქციონის პირობებს ადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, მართვის უფლებით გადასაცემი აქციების ან/და წილების მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 30🔗.
აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი.
2. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
3. ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესებით დადგენილი გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, დამატებით, შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას აქციების საერთო რაოდენობის შესახებ, ნომინალური ღირებულების მითითებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის წილის ოდენობას სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებებს.
4. საჭიროების შემთხვევაში აუქციონის პირობებად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი და ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში).
მუხლი 31🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, გარიგებათა გაფორმებისას, გამოიყენება ამ წესის მე-10 ან მე-18 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 32🔗.
აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
1. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, მოთხოვნისთანავე, წარუდგენს ინფორმაციას (ანგარიში) შესაბამისი ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
2. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღებს ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს: საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს საწარმოს საკუთრებაში არსებული ან ბალანსზე რიცხული ქონება, ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილები. ამასთან, აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა.
3. შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება აუქციონის ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. თუ წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღებს ჩამოერთმევა აქციების ან წილების მართვის უფლება.
თავი VI
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა
მუხლი 33🔗.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
მუხლი 34🔗.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის 33-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 35🔗.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის ოდენობას განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის საფასურს – ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყის საფასურს, ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნით განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით.
3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემისას, ქირის საფასური განისაზღვრება ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 36🔗.
წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
1. წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
2. წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვრება ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
მუხლი 37🔗.
საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს
თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
მუხლი 38🔗.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, დაადგინოს ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, კოდექსით და ამ წესით გათვალისწინებულის გარდა, დამატებითი წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება და გამომდინარეობს მათგან.