ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭებისა და დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 07.07.2015
ძალის დაკარგვა 10.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №321
სარეგისტრაციო კოდი 010330000.10.003.018706
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭებისა და დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №321
2015 წლის 7 ივლისი
ქ.თბილისი
ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭებისა და დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოში ხელოვნებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარებისა და სტიმულირების, შემოქმედთა და მეცნიერთა ღვაწლის აღიარებისა და დაფასების მიზნით:
1. დამტკიცდეს ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭების დროებითი წესი №1 დანართის შესაბამისად.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მიენიჭოთ შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები №2 დანართში მითითებულ პირებს.
3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკუთარი ასიგნებებიდან ანაზღაურებით წარმოქმნილი ხარჯის შევსების საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებებით მიმართონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია სამი თვის ვადით.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭების დროებითი წესი
მუხლი 1🔗.
ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემა
ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები გაიცემა:
ა) შოთა რუსთაველის სახელობის პრემია შემდეგ დარგებში - მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
ბ) საქართველოს ეროვნული პრემია შემდეგ დარგებში - მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, ტელევიზია, პუბლიცისტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და იურიდიული მეცნიერებები, სამედიცინო და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, საინჟინრო მეცნიერებები.
მუხლი 2🔗.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მინიჭების პირობები და ოდენობა
1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება:
ა) ხელოვნების დარგში - უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო, საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით;
ბ) მეცნიერების დარგში - მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნის მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში.
2. პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო. ავტორთა კოლექტივისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში, საპრემიო თანხა ნაწილდება თანაბრად.
მუხლი 3🔗.
საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების პირობები
1. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება:
ა) ხელოვნების დარგში - მაღალმხატვრული ნაწარმოებისათვის, რომელიც ასახავს თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს, ნერგავს თავისუფლებისა და მომავლის რწმენას და მოიპოვებს საერთო ეროვნულ აღიარებას;
ბ) მეცნიერების დარგში - მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მეცნიერების, ქვეყნის სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში.
2. პირს, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ეროვნულ პრემიას, მიენიჭება საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ვერცხლის მედალი და ფულადი ჯილდო. ავტორთა კოლექტივისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში, საპრემიო თანხა ნაწილდება თანაბრად.
მუხლი 4🔗.
კონკურსის შედეგების გამოცხადების წესი
შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსების საბოლოო შედეგები და პრემიების ლაურეატთა სიები მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ და ცხადდება საჯაროდ.
დანართი №2
ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები მიენიჭოთ
1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია:
ხელოვნების დარგში:
მსახიობ გივი ბერიკაშვილს
მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; თეატრსა და კინოში შექმნილი რჩეული სახეებისათვის.
2. საქართველოს ეროვნული პრემია:
ხელოვნების დარგში:
1. მწერალ ივანე (ვანო ) ჩხიკვაძეს
ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისათვის; თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
2. მუსიკათმცოდნე ნანა ქავთარაძეს
სამუსიკათმცოდნეო წერილების კრებულისათვის „ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების“ (2013).
3. მხატვარ ჯემალ კუხალაშვილს
ბოლო წლებში შექმნილი მაღალმხატვრული ფერწერული ნამუშევრებისათვის; თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
4. რეჟისორ ლევან წულაძეს
თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში განხორციელებული სპექტაკლისათვის - უილიამ შექსპირის „როგორც გენებოთ“.
მეცნიერების დარგში:
5. ფილოლოგ ენრიკო გაბიძაშვილს
ფილოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომისათვის - „ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები“ (ექვს ტომად, 2004 -2012).
6. ავტორთა ჯგუფს:
ფიზიკოსებს: ვახტანგ გოგოხიასა და ავთანდილ შურღაიას
სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის - „ველის კვანტური თეორიის ძირითადი მდგომარეობის ტოპოლოგიური და დინამიკური სტრუქტურა“.
7. ავტორთა ჯგუფს:
ექიმ-რადიოლოგ ქეთევან ლაშხს
ექიმ-რადიოლოგ ქეთინო ტორონჯაძეს
ექიმ-ენდოსკოპისტ მამუკა გურგენიძეს
ექიმ-ენდოსკოპისტ თეიმურაზ იოსელიანს
სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის - „ჰეპატოპანკრეატოდუოდენური ზონის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობის სტრატეგია თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში“.
8. ავტორთა ჯგუფს:
ექიმ-პედიატრ ივანე ჩხაიძეს
ექიმ-პულმონოლოგ თამაზ მაღლაკელიძეს
ექიმს, ბავშვთა ქირურგ პაატა გვეტაძეს
ექიმ-პულმონოლოგ თამაზ ლობჟანიძეს
სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის - „რესპირაციული მედიცინა 21-ე საუკუნის დასაწყისში“.