აღსრულების ეროვნული ბიურო- თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/4233-2015 (სს "ახალციხის რაიონული საავადმყოფო"-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/4233-2015
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2015 წლი ს 29 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს” კრედიტორთა კრებაზე განიხილა სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით, სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს” განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. განცხადების მიხედვით,საზოგადოებას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ლიბერთი ბანკში’’ და სს ,,საქართველოს ბანკში’’, თუმცა ორგანიზაციას საბანკო ანგარიშებზე და არც სალაროში თანხა არ ერიცხება. სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს” უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან ორგანიზაციის თანამშრომლები: ვლადიმერ ბაშელეიშვილი, ამირან დადვანი და სერგო ჭონქაძე. სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს” ბიუჯეტის მიმართ ერიცხება ზედმეტობა 23 245.10 (ოცდასამიათას ორას ორმოცდახუთი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით.
კრედიტორთა კრებაზე მეურვის მიერ წარმოდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის წერილი, რომლის მიხედვით სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს” უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით. კრედიტორებმა განაცხადეს, რომ დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით დავის დაწყებაზე არ გააჩნიათ ინტერესი მეურვის მეირ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის და კრედიტორთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს” მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს” (ს/ნ 224066891) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მომართონ სასამართლოს სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი