თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/5231-15 (შპს "ჩუღურეთი"-ს გაკოტრების საქმის წარმოების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/5231-15 (330210315757124)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ჩუღურეთი” (ს/კ 202886154)
წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ჩუღურეთის” (ს/კ 202886154) დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა შპს „ჩუღურეთის” (ს/კ 202886154) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, შპს
„ჩუღურეთი” (ს/კ 202886154) არის სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო, რომელიც დღეისათვის არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში მოძრავი ქონება არ ერიცხება, ხოლო რაც შეეხება უძრავ ქონებას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 მარტის №61190 წერილით ირკვევა, რომ ტექაღრიცხვის არქივში წარმოდგენილია ორი უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით ქ. თბილისი, ცაიშის ქ. №36, რომლის შესაბამის გრაფაშიც მოსარგებლე/მესაკუთრედ მითითებულია შპს „მექანიკური ქარხანა ჩუღურეთი”;
ხოლო მეორე ქონება კი წარმოადგენს კერძო სახლთმფლობელობას და ის აღრიცხულია თედო მაღალდაძის სახელზე. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება და შენობა-ნაგებობები ამოღებულია ორგანიზაციის კაპიტალიდან. ორგანიზაციას არ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო უზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ორგანიზაციის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 26079.05 (ოცდაექვსი ათას სამოცდაცხრამეტი მთელი ხუთი მეასედი) ლარს. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს
„ჩუღურეთის” (ს/კ 202886154) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინებით შპს „ჩუღურეთის” (ს/კ 202886154) განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, განმცხადებელს დაევალა წარმოედგინა ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ის არ ფლობს წილს სხვა რაიმე სამეწარმეო საზოგადოებაში.
2015 წლის 03 აპრილს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ჩუღურეთის” (ს/კ 202886154) წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ და წარმოადგინა ცნობები სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „ჩუღურეთი” (ს/კ 202886154) არ არის რეგისტრირებული სხვა რაიმე სამეწარმეო საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან პარტნიორად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ჩუღურეთს” (ს/კ 202886154) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ჩუღურეთის” (ს/კ 202886154) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. კრედიტორებს ასევე განემარტათ, რომ თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც გახდებოდა მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 1 მაისს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „ჩუღურეთის” (ს/კ 202886154) კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
აღნიშნული კი საფუძველია შპს „ჩუღურეთის” (ს/კ 202886154) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩუღურეთი” (ს/კ 202886154) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. შპს „ჩუღურეთს” (ს/კ 202886154) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე; განჩინების გამოქვეყნების ხარჯები გადახდეს მოვალეს.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე
ბესიკ სისვაძე