ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/688-15 (შპს "ქუთაისის აეროპორტი"-ს გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/688-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/688-15

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 30 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,ქუთაისის აეროპორტი’

(საიდენტიფიკაციო კოდი – 212671973).

დირექტორი – ალექსანდრე კუპატაძე.

მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ქუთაისის აეროპორტის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს ,,ქუთაისის აეროპორტის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა დირექტორმა ალექსანდრე კუპატაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. მას გააჩნია კრედიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ თანხით – 74143,07 ლარი, რომელიც არის უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორია – ვლადიმერ სიროვატკინი თანხით 8708 ლარი (საწარმოო ტრამვის შედეგად დანიშნული ყოველთვიური პენსია). საზოგადოებას ამჟამინდელი მდგომარეობით უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება, მას ბალანსზე და საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალებები არ გააჩნია, მოძრავი ქონების სახით ერიცხება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღები: მაკაროვის სისტემი პისტოლეტი – 22 ცალი 22 მჭიდით; ,,ტტ’’ სისტემის პისტოლეტი – 1 ცალი 2 მჭიდით; სასწავლო პისტოლეტი ,,მაკაროვი’’ – 2 ცალი 2 მჭიდით; მოსინის სისტემის ,,კარაბინი’’ – 6 ცალი; გლუვლულიანი სანადირო თოფი ,,იჟ-18’’ – 6 ცალი; გლუვლულიანი სანადირო თოფი ,,იჟ 17’’ – 2 ცალი; 9 მმ ვაზნა (მაკაროვი) – 15 ცალი; 7,26 მმ ვაზნა (ტტ) – 10 ცალი; 7,62 მმ ვაზნა (კარაბინი) – 83 ცალი. ორგანიზაციას დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, ასევე არ ერიცხება თანხა საბანკო ანგარიშზე და სალაროში.

2015 წლის 13 მაისს განჩინებით შპს ,,ქუთაისის აეროპორტს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ქუთაისის აეროპორტის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 22 მაისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ქუთაისის აეროპორტი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ქუთაისის აეროპორტის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ქუთაისის აეროპორტი’’ (ს/ნ 212671973) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ქუთაისის აეროპორტის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                    გენადი მაკარიძე