ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №345
სარეგისტრაციო კოდი 480010000.10.003.018731
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/07/2015
matsne.gov.ge 4,312 სიტყვა · ~22 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია − უშუალოდ ნატოს მიერ დადგენილი და საიდუმლოობის შესაბამისი ხ
არისხით განსაზღვრული ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება ან დაკარგვა მიაყენებს ზიანს ნატოს  ინტერესებს
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ" ადმინისტრაციული შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 11.10.2024 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ 92% 01.04.2016 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 29.05.2017 საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 06.12.2019 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 08.04.2016

დოკუმენტის ტექსტი

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №345 2015 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის  (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდგომში − ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესსა და პროცედურებს. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში − თავდაცვის სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. 3. ამ წესის მიზნებისთვის, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განისაზღვრება საქართველოს  თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით. 4. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა უნდა განხორციელდეს მისი კლასიფიკაციის დონის შესაბამისად, მთელი სიცოცხლის ციკლის (Life-cycle) განმავლობაში. ინფორმაციის უსაფრთხოება მოიცავს ინფორმაციის დაკარგვის ან გამჟღავნების თავიდან აცილებისა და გამოვლენის დაცვით ზომებსა და პროცედურებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს ამავე დადგენილების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია − უშუალოდ ნატოს მიერ დადგენილი და საიდუმლოობის შესაბამისი ხარისხით განსაზღვრული ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება ან დაკარგვა მიაყენებს ზიანს ნატოს  ინტერესებს; ბ) სიცოცხლის ციკლი (Life-cycle) − ინფორმაციის სიცოცხლის ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის დაგეგმვას, შეგროვებას ან შექმნას; მის ორგანიზებას, გამოთხოვას, გამოყენებას, ხელმისაწვდომობასა და გადაცემას; მის შენახვასა და დაცვას და საბოლოოდ მის განადგურებას; გ) ინფორმაციის ავტორი − ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც შექმნა ან წარადგინა ინფორმაცია ნატოში; დ) ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპი (Need-to-Know) − ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ინფორმაციის პოტენციურ მიმღებს ენიჭება მხოლოდ იმ ნატოს  კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება, რომელიც საჭიროა მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად; ე) მომხმარებელი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (Personnel Security Clearance (PSC)) და სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად გადაეცა შესაბამისი დონის  ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია; ვ) მარკირება − ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტზე გაკეთებული აღნიშვნა, მისი კლასიფიკაციის დონის, გავრცელების შეზღუდვის, განსაიდუმლოების ან კლასიფიკაციის დონის შეცვლის წინასწარ განსაზღვრული თარიღის ან რაიმე დამატებითი შეზღუდვების შესახებ; ზ) რეესტრი − ამ წესით დადგენილი ფორმა, რომელიც გამოიყენება ქვერეგისტრებს შორის გაგზავნილი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კონტროლის მიზნით (დანართი №5); თ) პერსონალური გადატანა − ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ხელით გადატანა შესაბამისი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მქონე  პირის მიერ. მუხლი 3🔗. ინფორმაციის კლასიფიკაცია და მარკირება 1. ნატოს კლასიფიცირებულ  ინფორმაციას უნარჩუნდება ავტორის მიერ მინიჭებული მარკირება და კლასიფიკაციის დონე.  2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, რომელიც  ინახება  კომპიუტერულ მონაცემთა მატარებელზე ან მიკროფირზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის ისეთივე ხარისხით, როგორიც მოითხოვება აღნიშნული ინფორმაციის დედნის დასაცავად. თუ ასეთი ტიპის ინფორმაციის მატარებლები შეიცავენ ერთზე მეტ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას, მათზე ვრცელდება შემადგენელი კომპონენტებიდან უმაღლესი კლასიფიკაციის დონისათვის საჭირო დაცვითი ზომები. მუხლი 4🔗. კლასიფიკაციის დონე 1. ნატოს ინფორმაციის კლასიფიკაციის დონე გამოხატავს ნატოს ინფორმაციის მნიშვნელობას, საიდუმლოების ხარისხს და წარმოადგენს აუცილებელ რეკვიზიტს სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის უზრუნველსაყოფად იმ ზიანის პროპორციულად, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული ინფორმაციის უნებართვო გავრცელებამ, გამჟღავნებამ ან დაკარგვამ. 2. ნატოში მიღებულია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემდეგი დონეები: ა) COSMIC TOP SECRET (CTS) (განსაკუთრებული მნიშვნელობის) – ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე შედეგები ნატოსთვის; ბ) NATO SECRET (NS) (სრულიად საიდუმლო) − ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები ნატოსთვის; გ) NATO CONFIDENTIAL (NC) (საიდუმლო) − ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ნატოს ინტერესებს; დ) NATO RESTRICTED (NR) (შეზღუდული სარგებლობისათვის) − ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ნატოს ინტერესებსა და საქმიანობაზე. 3. დაუშვებელია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის განსაიდუმლოება ან კლასიფიკაციის დონის შეცვლა  ინფორმაციის ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე. 4. დოკუმენტის კლასიფიკაციის დონის შეცვლის თაობაზე ოფიციალური შეტყობინება იგზავნება აღნიშნული დოკუმენტის მიმღებ ყველა ქვერეგისტრში. აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის ავტორის მიერ დოკუმენტზე გაკეთებულია აღნიშვნა გრიფის დადგენილზე უფრო მცირე ვადებში ავტომატურად შეცვლის თაობაზე. მუხლი 5🔗. საქართველოს ქვერეგისტრების სისტემის მუშაობა 1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გავრცელება დაშვებულია მხოლოდ ოფიციალური სარეგისტრო სისტემის საშუალებით, სათანადო აღრიცხვითა და რეესტრების გაფორმებით, როგორც გამგზავნ, ასევე მიმღებ ქვერეგისტრში. მომხმარებელს ეკრძალება შესაბამისი პასუხისმგებელი ქვერეგისტრის გვერდის ავლით ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაგზავნა. 2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთან აღმოჩნდა დაურეგისტრირებელი ნატოს  კლასიფიცირებული ინფორმაცია, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ცენტრალურ რეგისტრს ან მის უწყებაში არსებულ შესაბამის ქვერეგისტრს დოკუმენტის რეგისტრაციის მიზნით. 3. ქვერეგისტრებმა კონტროლი უნდა განახორციელონ,  როგორც ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებზე, ასევე მიკროფირზე ან კომპიუტერულ მონაცემთა მატარებელზე ჩაწერილ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე და აწარმოონ ასეთი ტიპის ინფორმაციის მიღების, გამრავლების, გავრცელებისა და განადგურების რეგისტრაცია. აღნიშნული ჩანაწერები უნდა ახდენდნენ ინფორმაციის მფლობელი ქვერეგისტრის ან პიროვნების იდენტიფიცირებას. 4. ქვერეგისტრებმა რეგულარულად უნდა  განახორციელონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის სრული ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დროს უნდა შემოწმდეს შესაბამის ქვერეგისტრში აღრიცხული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის არსებობა და მთლიანობა, შესაბამისი ჩანაწერები კლასიფიკაციის დონის შეცვლის ან მოხსნის შესახებ, ინფორმაციის სხვა ქვერეგისტრებში გადაგზავნის დამადასტურებელი რეესტრები და ინფორმაციის განადგურების აქტები.   COSMIC TOP SECRET ინფორმაციის შემოწმება უნდა ხდებოდეს ყოველ 2 თვეში ერთხელ, NATO SECRET ინფორმაციისა − მინიმუმ კვარტალში ერთხელ, ხოლო NATO CONFIDENTIAL და NATO RESTRICTED ინფორმაციისა − მინიმუმ 1 წელიწადში ერთხელ. ინვენტარიზაციის ანგარიშის აღრიცხვა უნდა მოხდეს ამ წესით განსაზღვრული ფორმით (ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის აღრიცხვის წიგნი − „NATO Classified Information LOG BOOK“  (დანართი №1)) ყოველი წლის ბოლოს. 5. სემინარების, კონფერენციებისა თუ სამუშაო შეხვედრების დროს მონაწილეებზე გაცემული კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების/დოკუმენტთა პროექტების აღრიცხვა უნდა მოხდეს ამ წესით განსაზღვრული „დოკუმენტის მიღება/დაბრუნების ფორმით“ (დანართი №2). კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას მიღებული დოკუმენტების დაბრუნება უნდა მოხდეს ამ ღონისძიების დასრულებისთანავე. პირი დოკუმენტის მიღებასა და დაბრუნებას ადასტურებს ხელმოწერით. 6. ქვერეგისტრები ვალდებულნი არიან, ყოველწლიური ინვენტარიზაციის ანგარიშები წარუდგინონ ცენტრალურ რეგისტრს. 7. მუდმივი კონტროლის განხორციელების მიზნით, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო პერიოდულად ჩაატარებს ქვერეგისტრებისა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის მფლობელი პერსონალის, როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ შემოწმებებს. შემოწმებების სიხშირეს ადგენს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, დაცული ინფორმაციის მნიშვნელობიდან და რაოდენობიდან გამომდინარე. 8. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მქონე პირის სამსახურიდან დათხოვნის ან თანამდებობრივი გადაადგილების დროს შესაბამისი ქვერეგისტრი უნდა იქნეს ინფორმირებული, რათა მოხდეს პირზე რიცხული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის დაბრუნება, ხოლო შესაბამისმა ქვერეგისტრმა ყოველი ასეთი შემთხვევა უნდა აცნობოს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალურ რეგისტრს,  რათა მოხდეს პირის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების შეჩერება ან გადახედვა. 9. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო ვალდებულია, წარუდგინოს ნატოს უსაფრთხოების ოფისს (NATO Office of Security (NOS)) საქართველოში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ინვენტარიზაციისა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში მოქმედი ქვერეგისტრების ინსპექტირების ანგარიშები. 10. ინფორმაციის ავტორის ან ნატოს შესაბამისი სამხედრო ან სამოქალაქო სტრუქტურის მიერ დოკუმენტის კლასიფიკაციის დონის შეცვლის ან განსაიდუმლოების შესახებ ქვერეგისტრს ეცნობება წერილობით, ოფიციალური არხების საშუალებით, ხოლო ქვერეგისტრმა უნდა მოახდინოს ჩანაწერების ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. 11. ქვერეგისტრებმა უნდა შეიმუშაონ მათ ხელთ არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ევაკუაციის, დაცვის ან განადგურების გეგმა. მუხლი 6🔗. დოკუმენტების კონტროლი 1. ქვერეგისტრებმა უნდა აწარმოონ ყოველი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი  დოკუმენტის მიღების, მათი განთავსების ადგილისა და ინფორმაციასთან წვდომის მქონე პირთა აღრიცხვა, რომელთანაც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ამ წესის  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული ინვენტარიზაციის ანგარიშის ფორმაში შეყვანილი მონაცემები. 2. დაწესებულებაში/ორგანოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის აღრიცხვიანობის წარმოებისათვის მიღებული ფორმა (ხელით განხორციელებული ან ელექტრონული სისტემის საშუალებით) უნდა იყოს ნებადართული (სანქცირებული) მინისტრის მიერ, ნატოს  კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. 3. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პროექტი ან შავი მასალა, ასევე უნდა იყოს მარკირებული შესაბამისი თარიღითა და კლასიფიკაციის დონის აღმნიშვნელი გრიფით. 4. დაწესებულების/ორგანოს სტრუქტურულ ერთეულში შექმნის პროცესში არსებული  ნატოს კლასიფიცირებული დოკუმენტის პროექტი ან მისი შავი მასალა არ საჭიროებს დარეგისტრირებას შესაბამის ქვერეგისტრში მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ იგი არ იგზავნება დაწესებულების/ორგანოს ფარგლებს გარეთ. იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ საჭიროა აღნიშნულ მასალაზე მუშაობის გაგრძელება, სავალდებულოა მისი შესაბამის ქვერეგისტრში აღრიცხვა და კონტროლზე აყვანა, ხოლო შემდგომ ოფიციალურად შემსრულებლისთვის სამუშაოდ გადაცემა. 5. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, ქვერეგისტრებში წარმოებული ჩანაწერები უნდა შეიცავდნენ შემდეგ ინფორმაციას ყოველი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის (და მათი ასლების) შესახებ: ა) დოკუმენტის ქვერეგისტრში შემოსვლის ნომერს და თარიღს; ბ) დოკუმენტის გამოცემის ნომერს და თარიღს; გ) დოკუმენტის ავტორს (დაწესებულებას/ორგანოს და ხელმომწერს); დ) დოკუმენტის თემას; ე) დოკუმენტის კლასიფიკაციის დონეს; ვ) ეგზემპლარის ნომერს; ზ) დოკუმენტის შემსრულებლისთვის გადაცემის თარიღსა და მის ვინაობას; თ) დოკუმენტის განადგურების თარიღსა და განადგურების აქტის ნომერს. 6. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებზე კონტროლის განხორციელების მიზნით, ქვერეგისტრები ვალდებულნი არიან, აწარმოონ ჩანაწერები ყველა იმ პირის შესახებ, ვისაც ჰქონდა წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების მომხმარებლები პირადი ხელმოწერითა და თარიღის მითითებით დააფიქსირებენ აღნიშნული დოკუმენტების მიღებისა და დაბრუნების ყოველ შემთხვევას, ამ წესით გათვალისწინებულ „გაცნობის ბარათსა“ (დანართი №3) და აღრიცხვის ჟურნალში. მასალის განადგურების შემდეგ გაცნობის ბარათი და აღრიცხვის ჟურნალი შენახული უნდა იქნეს 10 წლის განმავლობაში, შესაბამის პასუხისმგებელ ქვერეგისტრში. 7. სრული საარქივო მონაცემები კონკრეტულ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირების ვინაობის შესახებ შესაძლებელია  ასახული იყოს ინფორმაციის მართვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, აღნიშნული სისტემის გამოყენება  ნებადართულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.  8. მომხმარებლის პირადი პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი  დოკუმენტის შესაბამის ქვერეგისტრში აღრიცხვა. სავალდებულოა არაოფიციალური არხებით მიღებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ქვერეგისტრების სისტემის კონტროლის ქვეშ მოქცევა. შემოწმების დროს შესაბამისმა პირმა უნდა წარადგინოს მის სახელზე რიცხული ყველა მასალა და დააბრუნოს შესაბამის ქვერეგისტრში ის დოკუმენტები, რომლებიც არ ესაჭიროება მიმდინარე საქმიანობისათვის. 9. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების სისტემის საქმისწარმოების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 7🔗. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვა ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვის პირობები განისაზღვრება ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნების თანახმად, რაც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.  მუხლი 8🔗. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გამრავლება, თარგმნა და ამონაწერების გაკეთება 1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტიდან ასლის გადაღება, ამონაწერის გაკეთება, თარგმნა, მათ შორის, ელექტრონული ვერსიის ჩაწერა დაშვებულია მხოლოდ ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის მკაცრი დაცვით. ასევე უნდა განხორციელდეს  კონტროლი, რათა არაუფლებამოსილ პირებს არ ჰქონდეთ წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან. დოკუმენტის ასლისა და თარგმანის მიმართ უნდა მოქმედებდეს მისი დედნისთვის დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნები. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ყოველი ასლი და თარგმანი უნდა იყოს დარეგისტრირებული, მასზე დატანილ უნდა იქნეს შესაბამისი ასლის საიდენტიფიკაციო ნომერი და  გადაღებული ასლების საერთო რაოდენობა. 2. ამონაწერის/ამონარიდის სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია მისთვის სწორი კლასიფიკაციის დონის მინიჭება და ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპით გავრცელება. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტიდან ამონაწერს/ამონარიდს ენიჭება დედნის იდენტური კლასიფიკაცია. 3. დასაშვებია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის თარგმნა ქართულ ენაზე, თუ უზრუნველყოფილი იქნება ინფორმაციის დაცვისათვის საჭირო მოთხოვნები. თარგმანზე აღინიშნება დოკუმენტის დედნის კლასიფიკაციის დონის შესაბამისი საიდუმლოების გრიფი და ავტორის გამაფრთხილებელი მარკირებები. COSMIC TOP SECRET კლასიფიცირებული ინფორმაციის თარგმნის საკითხი უნდა იყოს შეთანხმებული დოკუმენტის ავტორთან. 4. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ავტორს შეუძლია, დააწესოს დამატებითი კონტროლი ინფორმაციის გავრცელებაზე. აღნიშნულ შემთხვევებში, დოკუმენტზე კეთდება თვალსაჩინო შემზღუდველი წარწერა, მაგალითად: „ამ დოკუმენტის მთლიანად ან ნაწილობრივ გამრავლება აკრძალულია ავტორთან შეუთანხმებლად“ ან „პუნქტების ...დან ...მდე, ან დანართების № №... გამრავლება აკრძალულია ავტორის თანხმობის გარეშე“. 5. COSMIC TOP SECRET კლასიფიკაციის დონის ინფორმაციიდან ასლის გადაღება აკრძალულია. COSMIC TOP SECRET კლასიფიკაციის დონის დოკუმენტების დამატებით ეგზემპლარებს გასცემს მხოლოდ ინფორმაციის ავტორი (ნატოს წევრი ქვეყანა ან ნატოს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურები). 6. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შექმნისთვის ან გამრავლებისათვის გამოყენებული მოწყობილობები, როგორებიცაა ქსეროქსი, ფაქსის აპარატი, ფაქსიმილე და სხვა საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკურად ისე უნდა იყოს დაცული,  რომ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს შეეძლოთ მათი გამოყენება. მათი ადგილსამყოფელი უნდა აკმაყოფილებდეს ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. 7. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შექმნისთვის ან გამრავლებისათვის გამოიყენება მხოლოდ ის ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც ნებადართულია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ და აკმაყოფილებენ ნატოს მოთხოვნებს. 8. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციიდან ასლების გადაღება და ამონაწერების გაკეთება ნებადართულია მხოლოდ ქვერეგისტრებში, რომლებიც უზრუნველყოფენ გასამრავლებელი მოწყობილობების ინსტალირებისა და გამოყენების პროცესის კონტროლს. გასამრავლებელი მოწყობილობების (მაგალითად, ქსეროქსების, სკანერების, ფაქსის აპარატების და ა.შ.) საშუალებით ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების უნებართვო და უკონტროლო გამრავლების თავიდან აცილების მიზნით, შემოღებული უნდა იყოს შემდეგ მოთხოვნებზე დაფუძნებული წესები: ა) აღნიშნული აპარატურის გამოყენება სამუშაო საათებში განხორციელდეს მხოლოდ ქვერეგისტრის თანამშრომელთა კონტროლით; ბ) უზრუნველყოფილ იქნეს აპარატურის მიუწვდომლობა ან ფუნქციონალური გამოუყენებლობა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ; გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციიდან ასლის გამოთხოვისთვის პირმა  შესაბამის ქვერეგისტრს  უნდა წარუდგინოს ამ წესით გათვალისწინებული „დოკუმენტის ასლის მოთხოვნის ფორმა“ (დანართი №4); დ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ასლების აღრიცხვასა და კონტროლს ახორციელებს შესაბამისი ქვერეგისტრი. მუხლი 9🔗. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გავრცელების შემზღუდველი აღნიშვნები ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ავტორმა  დოკუმენტზე შეიძლება მიუთითოს დამატებითი მარკირებები ინფორმაციის ადრესატების (ან ადრესატთა ჯგუფის) შესახებ. მუხლი 10🔗. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გავრცელება და გადაგზავნა 1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გავრცელება უნდა ხდებოდეს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის საფუძველზე. სავალდებულოა ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა და განაწილება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება, გავლილი აქვთ სპეციალური ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ვალდებულების შესახებ, ესაჭიროებათ კონკრეტული ინფორმაციის გაცნობა სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. 2. დაწესებულების/ორგანოს ფარგლებში სტრუქტურულ ერთეულებს შორის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაგზავნა/გადატანა ნებადართულია მხოლოდ დაფარული ფორმით, მისი შინაარსის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით. 3. დაწესებულებებს/ორგანოებს შორის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაგზავნა, დაწესებულებებს/ორგანოებს ფარგლებს გარეთ, ხორციელდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების ან ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მქონე საკურიერო სამსახურის მეშვეობით, ამავე მუხლის მე-5, მე-6 და მე-12 პუნქტების მოთხოვნების თანახმად. 4. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის პერსონალური გადატანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების შემდეგი  მოთხოვნები:        ა) შესაბამის ქვერეგისტრში გაკეთდება ჩანაწერი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის პერსონალური გადატანის შესახებ; ბ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია დაილუქება ამავე მუხლის მე-5 და მე-6  პუნქტების შესაბამისად და მის გადატანას განახორციელებს კურიერი ისეთი ზომისა და წონის საკეტიანი ჩანთით ან მსგავსი ნებადართული კონტეინერით, რომლის პირადად გადატანასაც შეძლებს კურიერი; გ) აკრძალულია გადატანისას  გზავნილის უყურადღებოდ მიტოვება,  გახსნა და წაკითხვა; დ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი გზავნილი არ უნდა იქნეს მიღებული კურიერისგან, თუ დარღვეულია ამავე მუხლის მე-5 და მე-6  პუნქტებით დადგენილი პირობები. 5. ოფისებსა და დაწესებულებებს/ორგანოებს შორის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია იგზავნება დალუქული პაკეტით, შემდეგი სტანდარტების დაცვით: ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალა ან დოკუმენტი უნდა იყოს გახვეული ორ გაუმჭვირვალე და შეუღწევად საფარში. გარე საფარად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკეტიანი ჩანთა, საკეტიანი ყუთი ან დალუქული დიპლომატიური ჩანთა; ბ) შიდა საფარზე აღინიშნება დოკუმენტის კლასიფიკაცია, ასევე დოკუმენტის სხვა რეკვიზიტები, ადრესატის დასახელება და მისამართი; გ) გარე საფარზე აღინიშნება მხოლოდ ადრესატის დასახელება, მისამართი და  დოკუმენტის ნომერი მიღების პროცედურისთვის; დ) აკრძალულია გარე საფარზე დოკუმენტის კლასიფიკაციის დონის აღნიშვნა. გარე საფარი არ უნდა ამჟღავნებდეს, რომ იგი შეიცავს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას; ე) თუ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია იგზავნება კურიერის მეშვეობით, გარე საფარზე გარკვევით აღინიშნება წარწერა „მხოლოდ კურიერით“. 6. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ოფიციალურად გადაგზავნა საზღვარგარეთ ხორციელდება დიპლომატიური ფოსტით, ოფიციალური კურიერით ან პერსონალური გადატანით ამავე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაგზავნისთვის ასევე გამოიყენება ნატოს მიერ ნებადართული კრიპტოგრაფიული საკომუნიკაციო საშუალებები და ინფორმაციული ტექნოლოგიები. 7. როდესაც ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი სამრეწველო ნაკეთობის გადაგზავნა შეუძლებელია რომელიმე ზემოხსენებული არხით, გამოიყენება სხვა საშუალებები ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი პაკეტების საერთაშორისო გადაგზავნის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს  შემდეგი მოთხოვნები: ა) პაკეტზე დასმული უნდა იყოს  ოფიციალური ბეჭედი ან მის შეფუთვაზე აღინიშნოს, რომ წარმოადგენს ოფიციალურ ტვირთს და არ ექვემდებარება საბაჟო ან უშიშროების სამსახურის შემოწმებას. აღნიშნული ოფიციალური ბეჭდები უნდა იყოს აღრიცხული შესაბამის ქვერეგისტრში, როგორც ნატოს კლასიფიცირებული ნაკეთობა და მასზე გავრცელდეს NATO SECRET კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვისათვის დაწესებული ზომები; ბ) კურიერს უნდა ჰქონდეს კურიერის სერტიფიკატი „ჩრდილოატლანტიკური საბჭოს“ (North Atlantic Council (NAC)) მიერ დადგენილი ფორმით. აღნიშნული სერტიფიკატი უკეთებს იდენტიფიცირებას პაკეტს (გზავნილს) და ანიჭებს კურიერს აღნიშნული პაკეტის გადატანის უფლებამოსილებას; გ) კურიერის მგზავრობის მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალებების შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს უსაფრთხოების შეზღუდვები. კერძოდ, აკრძალულია კურიერის მგზავრობა ნატოს არაწევრ ქვეყნებში ან მათი გავლით, ასევე აღნიშნულ ქვეყნებში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, თუ არსებობს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოება: გ.ა) სატრანზიტო ქვეყნის მთავრობას: გ.ა.ა) სიტყვიერად ან ქმედებით ჰქონდა გამოხატული არამეგობრული (მტრული) დამოკიდებულება საქართველოს, ნატოს და/ან ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ; გ.ა.ბ) არ გააჩნია საკუთარი მოსახლეობის ან მის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლისა და მათი კუთვნილი ქონების დაცვის უზრუნველყოფის საშუალება; გ.ა.გ) სისტემატურად გამოხატავს უპატივცემულობას დიპლომატიური ფოსტის იმუნიტეტის მიმართ; გ.ბ) საქართველო, ნატო და ნატოს წევრი ქვეყნები წარმოადგენენ აღნიშნული ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ინტერესს; გ.გ) სატრანზიტო ქვეყანა იმყოფება საომარ ვითარებაში ან სამოქალაქო დაპირისპირების პირობებში. 9. განსაკუთრებული და გადაუდებელი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოდან ოფიციალური ნებართვის მიღების შემთხვევაში, დასაშვებია ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვების დროებით მოხსნა. 10. NATO CONFIDENTIAL და/ან NATO SECRET კლასიფიცირებული ინფორმაციის პერსონალური გადატანა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ინფორმაციის მოკლე ვადებში გადაგზავნა, ან დროის არქონის გამო ასეთი დოკუმენტები სათანადოდ დაცული მექანიზმებით ვერ იქნება გადაგზავნილი და როდესაც ადრესატისთვის ასლები ხელმიუწვდომელია. 11. NATO RESTRICTED კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის გაგზავნა დასაშვებია ერთ გაუმჭვირვალე კონვერტში. პაკეტზე გაკეთებული წარწერები არ უნდა ამჟღავნებდნენ, რომ იგი შეიცავს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას. 12. საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავების, შენახვისა და გადაგზავნისთვის, უნდა აკმაყოფილებდნენ ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. 13. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ელექტრომაგნიტური საშუალებებით გადაგზავნის მოთხოვნები განისაზღვრება  საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის რეესტრები 1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი პაკეტების  ქვეყნის შიგნით და  მის საზღვრებს გარეთ გაგზავნის დროს მოითხოვება „რეესტრების“ (დანართი №5)  გამოყენება. რეესტრები არ უნდა იყოს კლასიფიცირებული და მასში უნდა აისახოს გზავნილი დოკუმენტების რეგისტრაციისა და ეგზემპლარების ნომრები, საიდუმლოობის გრიფი/კლასიფიკაციის დონე,  ადრესატის მისამართი და ვინაობა, შედგენის თარიღი და დრო, გაგზავნის თარიღი, დრო და გამგზავნი პირის ხელმოწერა დამოწმებული ბეჭდით, მიღების თარიღი და დრო, მიმღები პირის ხელმოწერა, პაკეტების  რაოდენობა და გაგზავნილი და მიღებული გზავნილების რაოდენობა. 2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის მიღება ნებადართულია მხოლოდ შესაბამის ქვერეგისტრში უფლებამოსილი პირის მიერ. გზავნილის მიღების დროს რეესტრზე აღინიშნება მიღებული პაკეტის მიღების თარიღი, დრო და მიღებული პაკეტების რაოდენობა. პაკეტის მიღების შემდგომ რეესტრი ქვერეგისტრის საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის/სტრუქტურული ერთეულის  ხელმოწერითა და დამოწმებული ბეჭდით უბრუნდება გამგზავნს. მუხლი 12🔗. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის მიმოქცევისა და შენახვის პროცედურული მოთხოვნები 1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, „სიცოცხლის ციკლის“ პერიოდში უნდა მოხდეს დოკუმენტის აღრიცხვა მისი  მიღების, გავრცელებისა  და განადგურების დროს. 2.       ა) NATO SECRET კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის მიმოქცევა, გაცნობა, დამუშავება და შენახვა ნებადართულია მხოლოდ ისეთ სპეციალურად დაცულ ტერიტორიაზე (უსაფრთხოების ზონაში), სადაც  შეღწევა მკაცრად კონტროლდება. NATO SECRET ინფორმაციასთან დაშვება უნდა იყოს მკაცრად შეზღუდული მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპზე დაყრდნობით. NATO SECRET კლასიფიკაციის დონის ინფორმაციასთან მუშაობა ნებადართულია მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ იმ პირთათვის,  რომლებმაც გაიარეს სპეციალური შემოწმება და აქვთ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება; ბ) NATO SECRET კლასიფიკაციის დონის ინფორმაცია უნდა ინახებოდეს უსაფრთხო კონტეინერებში (სეიფებში), რომელთა გასაღებებსა და საკეტის კოდის კომბინაციებს ფლობენ მხოლოდ აღნიშნული ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი პირები.  3. ა) NATO CONFIDENTIAL კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის მიმოქცევა, გაცნობა, დამუშავება და შენახვა ნებადართულია მხოლოდ ისეთ სპეციალურად დაცულ ტერიტორიაზე (უსაფრთხოების ზონაში), სადაც  შეღწევა მკაცრად კონტროლდება.  NATO CONFIDENTIAL ინფორმაციასთან დაშვება უნდა იყოს მკაცრად შეზღუდული მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცნობის საჭიროების   პრინციპზე დაყრდნობით. NATO CONFIDENTIAL კლასიფიკაციის დონის ინფორმაციასთან მუშაობა ნებადართულია მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ იმ პირთათვის,  რომლებმაც გაიარეს სპეციალური შემოწმება და აქვთ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება;  ბ) NATO CONFIDENTIAL კლასიფიკაციის დონის ინფორმაცია უნდა ინახებოდეს უსაფრთხო კონტეინერებში (სეიფებში), რომელთა გასაღებებსა და საკეტის კოდის კომბინაციებს ფლობენ მხოლოდ აღნიშნული ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი პირები. 4. NATO RESTRICTED კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის მიმოქცევა, გაცნობა, დამუშავება და შენახვა უნდა ხდებოდეს ისეთი წესით, რომელიც უზრუნველყოფს მის დაცვას არაუფლებამოსილი წვდომისგან, მაგალითად, მაგიდის ჩაკეტილ უჯრებში ან სამუშაო ოთახებში, რომლებში შეღწევა კონტროლდება ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 13🔗. NATO UNCLASSIFIED (NU) (არაკლასიფიცირებული ინფორმაცია) 1. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული დოკუმენტები აღნიშნული მარკირებით NATO UNCLASSIFIED („არაკლასიფიცირებული“ − სამსახურებრივი სარგებლობისათვის) წარმოადგენენ ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური სამსახურებრივი საქმიანობისათვის. NATO UNCLASSIFIED ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების საჯაროდ გამოყენება ან მასმედიაში გამოქვეყნება აკრძალულია. მისი გავრცელება დაშვებულია მხოლოდ ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის დაცვით. 2. NATO UNCLASSIFIED ინფორმაციის შენახვა უნდა მოხდეს ისეთი წესით, რომელიც უზრუნველყოფს მის დაცვას არაუფლებამოსილი  წვდომისაგან. NATO UNCLASSIFIED ინფორმაცია შესაძლოა განადგურდეს ნებისმიერი საშუალებით, იმ პირობით, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი ამოცნობა ან აღდგენა. დოკუმენტები შესაძლოა გაგზავნილ იქნეს ფოსტის მეშვეობით, ერთი გაუმჭვირვალე კონვერტით. 3. NATO UNCLASSIFIED ინფორმაციის დაცვისა და მართვის დამატებითი წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 14🔗. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა და განადგურება 1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის პერიოდი ვრცელდება ინფორმაციის მთელი „სიცოცხლის ციკლის“ განმავლობაში. დაცვა უნდა განხორციელდეს ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, მათ შორის, ზედმეტი ეგზემპლარები ან/და შავი მასალა, რომლებიც აღარ არის საჭირო ოფიციალური მოხმარებისთვის, უნდა განადგურდეს ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი ამოცნობა ან აღდგენა. ქვერეგისტრებში დაცული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია პერიოდულად უნდა გადაიხედოს მისი განადგურების საჭიროების დასადგენად. დოკუმენტის განადგურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის ავტორისგან თანხმობის მიღება  არ არის აუცილებელი. 3. NATO CONFIDENTIAL და უფრო მაღალი დონის  ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის განადგურებისათვის სავალდებულოა მისი დაბრუნება შესაბამის ქვერეგისტრში. გასანადგურებელი ნატოს  კლასიფიცირებული ინფორმაცია ჩამოთვლილი უნდა იყოს  განადგურების აქტში, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს  პასუხისმგებელი პირი ქვერეგისტრიდან და შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მქონე მიუკერძოებელი ოფიციალური პირი, რომელიც არ არის განადგურების განმახორციელებელი ქვერეგისტრის თანამშრომელი და არ გააჩნია პირადი ინტერესი გასანადგურებელ მასალასთან დაკავშირებით. 4. NATO RESTRICTED დონის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის ასლის ან ამონაწერის განადგურება შეუძლია დოკუმენტის მიმღებს, იმ პირობით, რომ იგი არ წარმოადგენს დედანს ამ წესის მე-15 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის ქვერეგისტრს წერილობითი ფორმით. 5. NATO UNCLASSIFIED − ინფორმაციის განადგურება შესაძლებელია ნებისმიერი საშუალებით, იმ პირობით, რომ მისი ამოცნობა და შემდგომი აღდგენა არ იყოს შესაძლებელი. 6. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების განადგურების აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განადგურების აქტის ნომერს; ბ) გასანადგურებელი დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერსა და თარიღს; გ) დოკუმენტის გამოცემის ნომერსა და თარიღს; დ) დოკუმენტის ავტორს; ე) დოკუმენტის სათაურს; ვ) დოკუმენტის კლასიფიკაციის დონეს; ზ) ეგზემპლარის ნომერს; თ) დოკუმენტის განადგურების თარიღს; ი) დოკუმენტის განადგურების პროცესზე დამსწრე პირთა ხელმოწერებს. 7. საკონტროლო ჩანაწერი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების შესახებ, განადგურების აქტები და სხვა მასალები შენახული უნდა იყოს  შესაბამის ქვერეგისტრში: COSMIC TOP SECRET ინფორმაციის შესახებ − არანაკლებ 15 წლისა, NATO SECRET და NATO CONFIDENTIAL ინფორმაციის შესახებ − არანაკლებ 10 წლისა, ხოლო NATO RESTRICTED ინფორმაციის შესახებ − არანაკლებ 5 წლის  განმავლობაში, რადგან აღნიშნული მონაცემები  აუცილებელია  ინფორმაციის დაკარგვის ან გამჟღავნების შემთხვევების გამოძიებისათვის. 8. განადგურების აქტის ასლის გადაგზავნა ინფორმაციის ავტორთან ან საქართველოს ცენტრალურ რეგისტრში არ არის საჭირო, თუ აღნიშნული  არ იქნება მოთხოვნილი. მუხლი 15🔗. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის განადგურების მეთოდები და მოწყობილობები 1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის განადგურება ხდება დაწვის, გადნობის, მსხვრევის, გახსნა-განზავების ან ქიმიური დაშლის, რბილ უფორმო მასად ან ფხვნილად გადაქცევის გზით. განადგურებული მასალის ნარჩენებით შეუძლებელი უნდა იყოს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ამოცნობა ან მისი შინაარსის აღდგენა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია რამდენიმე დოკუმენტის ერთდროულად განადგურება. 2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის განადგურებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების  ეფექტურობა დამოკიდებულია მოწყობილობის ტიპსა და მასში გამოყენებულ ტექნოლოგიურ პროცესზე. დოკუმენტების გამანადგურებელი მოწყობილობები და მეთოდები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: ა) COSMIC TOP SECRET და NATO SECRET კლასიფიცირებული ინფორმაციის განადგურებისათვის გამოიყენება შრედერი, რომელიც ჭრის ფურცელს მაქსიმუმ 1,5 მმ სიგანისა და 20 მმ სიგრძის ნაწილებად. NATO RESTRICTED და NATO CONFIDENTIAL ინფორმაციის განადგურებისთვის გამოიყენება შრედერი, რომელიც ჭრის ფურცელს მაქსიმუმ 3 მმ სიგანისა და 25 მმ სიგრძის ნაწილებად. თითოეული დაჭრილი ნაწილის ზედაპირის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 60 მმ​2-ს. შრედერს უნდა ჰქონდეს ხელით მართვის შესაძლებლობა და იყოს ისე მოწყობილი, რომ შეუძლებელი იყოს მოწყობილობაში გაუნადგურებელი მასალის ჩარჩენა; ბ) პულპერი გადაამუშავებს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველ შავ მასალას მათი ბოჭკოვანი მთლიანობის დაშლის გზით. გადამუშავებული მასა იმდენად უნდა იყოს დაშლილი, რომ შეუძლებელი იყოს მისი ამოცნობა ან აღდგენა. პულპერის სახურავი ან ნებისმიერი ღიობი, რომელიც იძლევა წვდომას ავზის შიდა ნაწილზე, აღჭურვილი უნდა იყოს ჩამკეტი მექანიზმით; გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის განადგურება დაწვით უნდა განხორციელდეს სპეციალურად მოწყობილ უსაფრთხო ადგილას. პასუხისმგებელი პირები უნდა დარწმუნდნენ, რომ მასალა არის სრულად განადგურებული და ნარჩენების ამოცნობა ან ინფორმაციის აღდგენა შეუძლებელია. 3. კომპიუტერულ მონაცემთა მატარებლების განადგურების წესები და საშუალებები განისაზღვრება ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 16🔗. უსაფრთხოების წესების დარღვევა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის კომპრომეტირება (საფრთხეში ჩაგდება) 1. უსაფრთხოების ზონის ფარგლებს გარეთ, დროებითაც კი, დაკარგული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია ითვლება კომპრომეტირებულად (საფრთხეში ჩაგდებულად). 2. უსაფრთხოების ზონის შიგნით, თუნდაც დროებით, დაკარგული ნატოს  კლასიფიცირებული ინფორმაცია ითვლება კომპრომეტირებულად სპეციალური მოკვლევით საპირისპიროს დადგენამდე. 3. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ან ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხის შექმნის ყოველი გამოვლენილი შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ვალდებულია, ჩაატაროს ყოველი ასეთი დარღვევის მოკვლევა და მისი შედეგების ანგარიში წარუდგინოს ნატოს უსაფრთხოების ოფისს. 4. უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხის შექმნის შემთხვევების  მოკვლევის შედეგად, უნდა დადგინდეს: ა) იმყოფებოდა თუ არა ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია საფრთხის ქვეშ; ბ) თუ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია აღმოჩნდა კომპრომეტირებული, ჰქონდათ თუ არა აღნიშნულ ინფორმაციასთან შეხების მქონე პირებს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება ან სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება და მათი სანდოობიდან გამომდინარე, რა სახის ზიანი მიადგებოდა ნატოსა და საქართველოს ინტერესებს; გ) შექმნილი საფრთხის გასანეიტრალებლად და დარღვევების გამოსასწორებლად გასატარებელი ღონისძიებები და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობა. 5. როდესაც მოკვლევა იძლევა დადებით პასუხს ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე ერთდროულად, აუცილებელია შესაბამისი პირებისთვის განმარტებითი ბრიფინგის ჩატარება ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაუდევარი მოპყრობით გამოწვეული შედეგების თაობაზე. მსგავსი შემთხვევები გვარდება ადგილზე, ნატოს უსაფრთხოების ოფისში მოხსენების გარეშე. ხოლო როდესაც გამოძიება იძლევა დადებით პასუხს ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და უარყოფით პასუხს ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის რომელიმე ნაწილზე მაინც, შეტყობინება ინფორმაციისთვის საფრთხის შექმნის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს ნატოს უსაფრთხოების ოფისში, ამავე მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-17 მუხლის შესაბამისად. 6. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრები ვალდებულნი არიან, აწარმოონ უსაფრთხოების დარღვევის ყოველი შემთხვევის აღრიცხვა. ინსპექტირების დროს მათ უნდა წარადგინონ ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის ანგარიშები და ინფორმაცია დარღვევების გამოსასწორებლად გატარებული ღონისძიებების შესახებ.   მუხლი 17🔗. მოხსენებები ინფორმაციის კომპრომეტირების შესახებ 1. ნატოს უსაფრთხოების ოფისში  პირველადი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაგზავნა აუცილებელია იმ შემთხვევებში, როდესაც: ა) კომპრომეტირებულია COSMIC TOP SECRET ან NATO SECRET კლასიფიკაციის დონის ინფორმაცია; ბ) იკვეთება ჯაშუშობის ნიშნები ან არის ამის ვარაუდი; გ) ინფორმაციის გამჟღავნება მოხდა მასმედიის საშუალებით. 2. პირველადი ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) კომპრომეტირებული ინფორმაციის (მასალის) აღწერას: დოკუმენტის მოკლე შინაარსს (თემას), ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეს, ინფორმაციის ავტორის ვინაობას, დოკუმენტის გამოცემის თარიღს, ეგზემპლარის ნომერს, გვერდების რაოდენობას, ინფორმაციას მისი დანართების შესახებ, ინფორმაციის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებს; ბ) უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ან ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხის შექმნის შემთხვევის გარემოებათა მოკლე აღწერილობას, გამჟღავნების თარიღს ან პერიოდს, რომლის დროსაც ინფორმაცია იმყოფებოდა რისკის ქვეშ და თუ შესაძლებელია, იმ პირთა რაოდენობას და/ან კატეგორიას, რომელთაც ჰქონდათ ან შესაძლოა, წვდომა ჰქონოდათ კომპრომეტირებულ ინფორმაციასთან; გ) ინფორმაციის ავტორთან შეტყობინების გაგზავნის შესახებ. 3. NATO CONFIDENTIAL კლასიფიცირებული ინფორმაციის კომპრომეტაციის შემთხვევებში, ამავე მუხლის მე-2 პუნქტებში აღწერილი მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი ანგარიში იგზავნება მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდეგ. 4. NATO RESTRICTED კლასიფიცირებული ინფორმაციის კომპრომეტაციის შესახებ მოხსენების გაგზავნა სავალდებულო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი მოიცავს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს. 5. მოკვლევის საბოლოო ან შუალედური ანგარიში ნატოს უსაფრთხოების ოფისში წარდგენილი უნდა იყოს პირველადი შეტყობინებიდან 90 დღის განმავლობაში. მუხლი 18🔗.  ინსპექტირება ნატოს უსაფრთხოების ოფისის მიერ 1. ნატოს უსაფრთხოების ოფისი პერიოდულად ატარებს ინსპექტირებას ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის მიმღებ ქვეყნებში, რათა შემოწმდეს, რამდენად პასუხობს ქვეყანაში შექმნილი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის სისტემა ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებს. 2. ნატოს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირებისას მოწმდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვისათვის საქართველოში შექმნილი უსაფრთხოების სისტემის, როგორც ზოგადი ორგანიზება (საიდუმლოების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პროცესში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციის საკითხები), ასევე კონკრეტულად პერსონალის უსაფრთხოებისა და ქვერეგისტრებში შექმნილი ფიზიკური, ინფორმაციული, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური უსაფრთხოების პირობები კომპლექსურად. 3. საქართველოს ქვერეგისტრები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ნატოს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების შეუფერხებელი ჩატარება. 4. შემოწმების შემდეგ ნატოს უსაფრთხოების ოფისი უგზავნის საქართველოს მხარეს ინსპექტირების ანგარიშსა და შესაბამის რეკომენდაციებს. მუხლი 19🔗.  ინსპექტირება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ 1. საქართველოს ქვერეგისტრების სისტემაში, გარდა ნატოს უსაფრთხოების ოფისისა, ინსპექტირებას ატარებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო სულ მცირე 18 თვეში ერთხელ, ხოლო ვადის ათვლა დაიწყება ნატოს უსაფრთხოების ოფისის ან ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ ჩატარებული ბოლო ინსპექტირებიდან. 2. დაგეგმილი ინსპექტირების შესახებ  უნდა ეცნობოს შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელს  ინსპექტირების ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა. 3. ინსპექტირების განმახორციელებელი პირები არ უნდა იყვნენ უშუალოდ პასუხისმგებელნი შესამოწმებელ ქვერეგისტრში არსებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე  და ამავდროულად, არ უნდა იყვნენ  პასუხისმგებელნი შესამოწმებელი პირების წინაშე. 4. საქართველოს ქვერეგისტრების ინსპექტირების მიზანია ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფიზიკური პერსონალის, ინფორმაციის, საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ერთობლივი ზომების შემოწმება. 5. ქვერეგისტრის ინსპექტირებისას არსებული ინფორმაციის შემოწმება უნდა მოხდეს დოკუმენტთა ამორჩევის გზით. 6. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო  ინსპექტირების შედეგებს აცნობებს  მინისტრსა და შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელს ინსპექტირების დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში. ქვერეგისტრების ინსპექტირების შედეგები ასევე უნდა ეცნობოს ნატოს უსაფრთხოების ოფისს. 7. ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს ქვერეგისტრებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას.