საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ბანკის წარმომადგენლობის ოფისისათვის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების დაწესების შესახებ შეთანხმება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს
ითვალისწინებენ რა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ერთი მხრივ, ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მის წევრ ქვეყნებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის, დათარიღებული 2014 წლის 27 ივნისით,
სურთ რა გააძლიერონ ურთიერთობები მხარეთა შორის და ხელი შეუწყონ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მიღწევას, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განსაკუთრებულ განზომილებას,
სურთ რა, რომ შეთანხმდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის დაარსებასთან (შემდგომში – ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისი) და ამგვარად მისთვის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭებასთან დაკავშირებით,
რამდენადაც ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის, დათარიღებული 2007 წლის 21 ივნისით, არეგულირებს ბანკის საქმიანობას საქართველოში (შემდგომში „ჩარჩო ხელშეკრულება“) და რომლითაც განისაზღვრება გარკვეული დებულებები, რომლითაც უზრუნველყოფილია ევროპის საინვესტიციო ბანკის და მისი მომსახურე პერსონალისათვის გარკვეული უფლებები და პრივილეგიები,
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა აცნობიერებს საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენლობის ოფისის დაარსების მნიშვნელობას,
იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისი და ევროკავშირის დელეგაცია, ეს უკანასკნელი უკვე არსებობს საქართველოში, მოქმედებენ იმავე სამართლებრივ ჩარჩოში, რომელზეც ვრცელდება საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს, კერძოდ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ (შემდგომში „ვენის კონვენცია“),
ადასტურებენ, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისი, მისი წარმომადგენლები, თანამშრომლები და მისი შიდა მმართველობის წევრები, უნდა სარგებლობდნენ წინამდებარე ხელშეკრულებით (შემდგომში მოხსენიებული როგორც წარმომადგენლობის ოფისის ხელშეკრულება) იმ პირობებით, რომელიც, როგორც მინიმუმ, გათანაბრებულია ევროკავშირის დელეგაციისათვის და ევროკავშირის დელეგაციის ოფიციალური პირებისთვის, წარმომადგენლებისა და წევრებისთვის,
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1
1. საქართველოს მთავრობა თანახმაა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში დაარსდეს ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისი. წარმომადგენლობის ოფისმა ძირითადად უნდა უზრუნველყოს ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იმ ალბათობის გათვალისწინებით, რომ მომავალში მისი საქმიანობა შესაძლოა გავრცელდეს რამდენიმე ქვეყანაში დამატებით, დაფარვის რეგიონის გაფართოების შედეგად. 2. ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისი ძირითადად განკუთვნილია იმისათვის, რომ განახორციელოს ის ქმედებები, რომლებიც გამომდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებიდან (ან რაიმე ინიციატივით, რომელიც მას შეცვლის) და, ზოგადად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიზნებიდან.
მუხლი 2 1. საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის საინვესტიციო ბანკს აქვს იურიდიული პირის სტატუსი. 2. ევროპის საინვესტიციო ბანკს აქვს სრული სამართლებრივი უფლება და, კერძოდ, უფლება დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს და განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება, იყოს მხარე ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში და ასევე განახორციელოს ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია წესდებიდან ან პირდაპირ ახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ მიზნებს. 3. ევროპის საინვესტიციო ბანკის და მისი წარმომადგენლობის ოფისის ქონება ნებისმიერი სახით, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობს და ვის მფლობელობაშია, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკის არქივები და კორესპონდენცია უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი შეღწევის, რეგისტრაციის, კონფისკაციის, ამოღების, ექსპროპრიაციის, რაიმე ფორმით კონტროლის ან დაყადაღების ნებისმიერი ადმინისტრაციული, საკანონმდებლო და სასამართლო ქმედებისაგან.
მუხლი 3 1. საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისი, მისი ხელმძღვანელი და მისი შიდა მმართველობითი ორგანოების თანამდებობის პირები და თანამშრომლები და ასევე მათი ოჯახის წევრები ვენის კონვენციის დებულებების შესაბამისად სარგებლობენ იმავე პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, რაც მინიჭებული აქვთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, მის ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს. 2. პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც წინამდებარე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვთ ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელს, წარმომადგენლობის ოფისის შიდა ორგანოების თანამდებობის პირებს და თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, არ მიენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს ან საქართველოში მუდმივად მაცხოვრობელ პირებს. 3. საქართველოს მთავრობამ უნდა აღიაროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ ევროკავშირის ოქმის მე-6 მუხლის შესაბამისად ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტის მიერ თავის თანამშრომლებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტები (laissez passer), როგორც მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი.
მუხლი 4 1. საქართველოს მთავრობა იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა დაიცვას ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის შენობა ნებისმიერი სახით შეღწევისაგან ან დაზიანებისაგან, და ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს შენობის ფარგლებში იმავე პირობებით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისათვის. ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს მთავრობას დროულად უნდა მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელის რეზიდენციის შენობაში არსებული მდგომარეობის და შენობის მახასიათებლების შესახებ. 2. საქართველოს მთავრობა, აცნობიერებს, რა რომ მინიჭებული რეგიონალური და საერთაშორისო ფუნქციების ჭრილში, რომელიც უკავშირდება EIB-ის წარმომადგენლობის ოფისის იმ საქმიანობას, რომელიც სცდება მოცემული სახელმწიფოს ტერიოტორიას, სადაც განთავსებულია წარმომადგენლობის ოფისი, ხელი უნდა შეუწყოს თავის ტერიტორიაზე ყველა იმ პირის შესვლას და გასვლას, რომლებიც მიწვეულნი არიან ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე, ღონისძიებებზე ან სამუშაოზე. მხარეებმა შესაძლოა დადონ სპეციალური ხელშეკრულებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 5 1. ევროპის საინვესტიციო ბანკს და მის წარმომადგნელობას შეუძლიათ შეინარჩუნონ საქართველოს ტერიტორიაზე მათ ხელთ არსებული ყველა სახსრები და ნებისმიერი სახის ვალუტა, განახორციელონ ნებისმიერი სახის ფინანსური გარიგება, მათ შორის, საბანკო ანგარიშების ოპერაციები ნებისმიერ ვალუტაში, რომელიც განკუთვნილია თავიანთი მიზნების მისაღწევად წინამდებარე წარმომადგენლობის ოფისის შეთანხმების დებულებების შესაბამისად. 2. ევროპის საინვესტიციო ბანკი სარგებლობს თავისუფლებით გადარიცხოს საკუთარი თანხები და ვალუტა როგორც საქართველოში, ისე ერთი ქვეყნიდან მეორეში, დააკონვერტიროს მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ვალუტა. საქართველოში მისი საქმიანობის მიზნების ფარგლებში, იგი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც დაწესებულია აქტივების და ობიექტების, მათ შორის, ავტომობილების იმპორტზე და ექსპორტზე. 3. ევროპის საინვესტიციო ბანკი, მისი შემოსავალი, აქტივები, ასევე ოპერაციები და გარიგებები, რომელიც ხორციელდება მისი წესდების ფარგლებში, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკის თუ ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მესამე მხარის მიერ განხორციელებული ტექნიკური დახმარების გაწევის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროგაერთიანების საბიუჯეტო სახსრების და/ან დონორების სახსრების გამოყენებით, თავისუფლდება ნებისმიერი და ყველა არსებული თუ მომავალში დაწესებული გადასახდელებისა და გადასახადებისაგან, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი (მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის, ქონების გადასახადის, ქონების გადაცემის გადასახადის, საბაჟო გადასახადის, საიმპორტო გადასახადების, ექსპორტის გადასახადების და შემოსავალზე, მოგებასა და და მთლიან შემოსავალზე გადასახადების) გადასახადისაგან და ნებისმიერი შენატანისგან, წყაროსთან დაკავებისგან, ან რაიმე სახის გადასახდელისგან, მიუხედავად მისი შინაარსისა, იქნება ის სახელმწიფო, ადგილობრივი, რეგიონული თუ საერთაშორისო ხასიათის. როდესაც ბანკი შეიძენს საქონელს, მომსახურებას ან სამუშაოს, მათ შორის, ტექნიკური დახმარების მომსახურებას, რომელზეც არაპირდაპირი გადასახადებია დარიცხული ან დასარიცხი, საქართველოს მთავრობა გაატარებს შესაბამის ადმინისტრაციულ ღონისძიებებს გადახდილი გადასახადებისაგან ევროპის საინვესტიციო ბანკის გათავისუფლების, ან ასეთი გადასახადების ან გადასახდელების თანხის ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის შეუფერხებლად ანაზღაურების, ან უკან დაბრუნების მიზნით.
მუხლი 6 1. ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის წარმომადგენლების და თანამშრომლების ხელფასი და ანაზღაურება თავისუფლდება საფასურების, გადასახადების, სპეციალური შენატანებისგან, მათ შორის, სახელმწიფო სოციალური დაცვის შენატანებისგან. ეს გათავისუფლება არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, კონსულტანტებზე და სხვა პირებზე, რომლებიც ემსახურებიან ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისს და საგადასახდო მიზნების შესაბამისად არიან საქართველოს რეზიდენტები. 2. ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის წარმომადგენლები და თანამშრომლები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, თავისუფლდებიან საბაჟო გადასახადისგან ყველა პირადი მოხმარების ობიექტზე, როგორიცაა, ავტომანქანები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირადი მოხმარების საგნები იმავე პირობებით, რომელიც მიღებულია საქართველოში დიპლომატიური პერსონალისათვის. 3. ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის წარმომადგენლები და თანამშრომლები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, უფლებამოსილნი არიან მათი ფუნქციების შესრულების დროს და დაუყოვნებლივ მათი შესრულების შეწყვეტის შემდეგ გადარიცხონ თანხა ნებისმიერ ვალუტაში საქართველოს ფარგლებს გარეთ შეზღუდვის გარეშე იმ პირობით, რომ მათ შეეძლებათ დაამტკიცონ ასეთი სახსრების კანონიერი ფლობა. 4. ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელის რეზიდენცია სარგებლობს ისეთივე ხელშეუხებლობით და დაცვით, როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის შენობა. 5. ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა აცნობოს საქართველოს მთავრობას წარმომადგენლების და თანამშრომლების სახელები, რომლებიც დასაქმებულები არიან ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისში, ასევე მათი მეუღლეების, მათი ოჯახის წევრების შესახებ, რომლებზეც ვრცელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის შესახებ შეთანხმების დებულებები.
მუხლი 7 1. იმ საკითხებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წარმომადგენლობის შეთანხმებაში და ინტერპრეტაციაში, მხარეები თანხმდებიან გამოიყენონ ვენის კონვენცია და საერთაშორისო სამართლის ნორმები. 2. ნებისმიერი განსხვავება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე წარმომადგენლობის შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციიდან ან განმარტებიდან, ექვემდებარება კონსულტაციებს მხარეთა შორის, რათა მიღწეულ იქნეს შეთანხმება. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც შეთანხმება არ არის შესაძლებელი გონივრულ ვადაში, საქმე მხარეთა შეთანხმებით გადაეცემა დამოუკიდებელ არბიტრს, ხოლო ერთი თვის ვადაში ასეთი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, არბიტრი დანიშნული იქნება ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივნის მიერ. ამგვარი არბიტრაჟის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულო იქნება შესასრულებლად, უნდა ჩატარდეს ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს სამართლებრივი დებულებების გამოყენებით.
მუხლი 8 წინამდებარე წარმომადგენლობის ოფისის შეთანხმება ძალაში შევა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ შეტყობინების მიღების მომდევნო დღეს, რომელიც ადასტურებს ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას, განსაკუთრებით რატიფიკაციას, რომელიც საჭიროა ამ შეთანხმების საბოლოო დამტკიცებისათვის.
წინამდებარე შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, მანამ სანამ ერთ-ერთი მხარე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, არ გადაწყვეტს შეწყვიტოს მისი მოქმედება. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება ძალაში რჩება მოქმედების შეწყვეტის თაობაზე წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში.
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ჩარჩო ხელშეკრულების დებულებები და წარმომადგენლობის ოფისის წინამდებარე შეთანხმების დებულებები, როდესაც ისინი უკავშირდებიან ერთსა და იმავე საკითხს, სადაც შესაძლებელია უნდა განიხილებოდეს ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს ორივე ხელშეკრულების დებულებები და ერთი ხელშეკრულებით არ უნდა შეიზღუდოს მეორე ხელშეკრულების მოქმედება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს აბსოლუტურ შეუსაბამობას ან განსხვავებისას ორი ხელშეკრულების დებულებებს შორის, გამოყენებული იქნება იმ ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ყველაზე ხელსაყრელი იქნება ევროპის საინვესტიციო ბანკისათვის.
რის დასტურადაც, ხელმომწერმა მხარეებმა, სათანადო უფლებამოსილების შესაბამისად, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას ინგლისურ ენაზე, 2 (ორ) ეგზემპლარად. შესრულებულია თბილისში 2015 წლის 18 მარტს. შესრულებულია ლუქსემბურგში 2015 წლის 26 მარტს.
საქართველოს მთავრობის სახელით ევროპის საინვესტიციო ბანკის სახელით
|