საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება ძალადაკარგული სახელმწიფო უსაფრთხოება
მიღების თარიღი 01.08.2015
ძალაში შესვლა 01.08.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
ბრძანება №10
2015 წლის 1 აგვისტო
ქ.თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური
დანართი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება განსაზღვრავს წვევამდელის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში –
სამსახური) გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესს.
2. წვევამდელის მიერ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს გაწვევით სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახით.
მუხლი 2🔗
წვევამდელზე, რომელიც იხდის სავალდებულო ვადიან სამხედრო სამსახურს და ჩარიცხულია სამსახურის სამხედრო ქვედანაყოფებში, ვრცელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება, მათ შორის, სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდება, სამსახურის უფროსის ბრძანებები და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3🔗
1. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი.
2. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის ვადა და გაწვევის წესი განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
სამსახურში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხი კონტინგენტის რაოდენობა გათვალისწინებული იქნება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემუშავებული „საქართველოს სამხედრო ძალებში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 5🔗
1. სამსახურში ვადიან სამხედრო სამსახურში გასავლელად ჩასარიცხი წვევამდელები ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამედიცინო-საექსპერტო კომისიის გავლის შემდგომ (მათი ვარგისიანობის დადგენის შემთხვევაში) გადიან გასაუბრებას სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოში.
2. სამსახურის მოსამსახურეების მიერ შეირჩევიან ის წვევამდელები, რომლებიც თავიანთი პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებენ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი.
3. გასაუბრების შედეგებით შერჩეული წვევამდელი ავსებს ანკეტას.
4. სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო ახორციელებს კანდიდატების ნასამართლობისა და სხვა საკითხების შესწავლას.
5. სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო ვადიან სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სიას აცნობებს შესაბამის სამსახურებს.
6. წვევამდელი სამსახურში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადით.
7. წვევამდელი დებს სამხედრო ფიცს.
8. წვევამდელმა ფიცის დადებამდე არ შეიძლება შეასრულოს საბრძოლო ამოცანები (საბრძოლო მოქმედება, საბრძოლო მორიგეობა, საბრძოლო სამსახური, საგუშაგო სამსახური).
9. შერჩეული კანდიდატები შემდგომი სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამსახურის უფროსის ბრძანებით ჩაირიცხებიან სამსახურის სისტემაში და მიენიჭებათ სამხედრო წოდება - „რიგითი“. მათ მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა აითვლება ჩარიცხვის დღიდან.
მუხლი 6🔗
1. სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოსახდელად ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სამსახურის უფროსის ბრძანებით ინიშნებიან დანაყოფებში შესაბამის თანამდებობებზე, აგრეთვე განთავსდებიან ყაზარმებში ან/და ნაწილდებიან დანაყოფებში.
2. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ხორციელდება ყაზარმული ან/და ცვლიანი სამსახურის სახით.
3. სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან როგორც ყაზარმული, ასევე ცვლიანი სამსახურის სახით. სამსახურის გავლის პერიოდში მათ მეცადინეობები უტარდებათ მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამების მიხედვით.
4. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება გადაყვანილ იქნენ ყაზარმულ ან დღეგამოშვებით მუშაობის რეჟიმზე.
5. დასაშვებია სამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხული წვევამდელების გადაადგილება აღნიშნული ქვედანაყოფების ფარგლებში.
მუხლი 7🔗
1. ვადიან სამხედრო მოსამსახურეს პატაკის საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით, შეიძლება მიეცეთ მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით:
ა) დაოჯახების შემთხვევაში;
ბ) წახალისების მიზნით;
გ) ახლო ნათესავის (დედა, მამა, ცოლი, შვილი, და, ძმა) გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყოფობის გამო;
დ) სტიქიური უბედურების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზარალდა ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი;
ე) სხვა განსაკუთებულ შემთხვევებში.
2. მობილიზაციის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში თავისუფალ ცვლაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ გამოცხადდეს თავის დანაყოფში. თუ ეს შეუძლებელია, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს და იმოქმედოს ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 8🔗
1. ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება გაიგზავნონ სამსახურებრივ მივლინებაში შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამხედრო შეკრებებისა და საბრძოლო მომზადებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების მომსახურების მიზნით;
ბ) სამხედრო ტვირთის, საბრძოლო ტექნიკის, ქონების დასაცავად და გასაცილებლად;
გ) სპორტულ და კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
დ) მისი მუდმივი სამსახურებრივი ადგილისაგან მოწყვეტით სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
ე) სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად;
ვ) სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა შემთხვევებში.
2. მივლინებაში გაგზავნისა და დაბრუნების თაობაზე გამოიცემა შესაბამისი ბრძანება.
მუხლი 9🔗
1. ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება მივლენილ იქნენ სამსახურის უფროსის ბრძანებით დანაყოფის შიგნით ან სამსახურის სხვადასხვა დანაყოფში.
2. მივლენა განისაზღვრება გარკვეული ვადით და სამსახურის უფროსის მიერ გამოიცემა შესაბამისი ბრძანება.
მუხლი 10🔗
1. ავადმყოფობის გამო ვადიანი სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დროებით გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ან სხვა ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო სამედიცინო დოკუმენტაცია.
2. ვადიანი სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო დათხოვნა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ –
სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
3. ავადმყოფობის გამო სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დროებით გათავისუფლება ხდება არაუმეტეს 30 დღისა.
მუხლი 11🔗
1. ვადიანი სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ვადიანი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთა ნამსახურობის ბარათი ეგზავნება შესაბამის სამსახურს სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს მიერ 30 დღის ვადაში.
მუხლი 12🔗
ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეების უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ამ დებულებით, სამსახურის უფროსის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.