საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2015
ძალაში შესვლა 01.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
ბრძანება №8
2015 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური
დანართი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) გენერალური ინსპექცია (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების, ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებას.
2. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
3. გენერალური ინსპექცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.
4. გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, რომელშიც დაუშვებელია სამსახურის სისტემის სხვა თანამდებობის პირების ჩარევა.
თავი II
გენერალური ინსპექციის ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 2🔗.
გენერალური ინსპექციის ამოცანები
გენერალური ინსპექციის ამოცანებია:
ა) სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ტერიტორიულ ორგანოებში (შემდგომში – სამსახურის სისტემა) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ბ)სამსახურის სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
გ)სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – სამსახურის მოსამსახურე) მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში არსებული დარღვევების და ნაკლოვანებების გამოვლენის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სამსახურის უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
დ)სამსახურის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებისთვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ე)კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის სისტემის კომპეტენციაში შემავალი ამოცანების შესრულების კონტროლი;
ვ)ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით სამსახურის იმ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციებს;
ზ)სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების და/ან სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო არხების გამოვლენა;
თ) საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადმოცემულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება.
მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექციის კომპეტენცია
გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:
ა) გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ქვედანაყოფების შესაძლებლობების გამოყენება;
ბ)სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობის (მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი) შემოწმება არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის მიზნით;
გ) სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება;
დ)სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, პროკურატურასა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა;
ე) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით განხორციელებული შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალების შესწავლა, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა; სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შესაბამისი დასკვნის ან ცნობის მომზადება;
ვ)სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამსახურის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალების პროკურატურისთვის დადგენილი წესით გადაგზავნა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის და/ან სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
თ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადმოცემულ საქმეებზე.
თავი III
გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და
სტრუქტურული დანაყოფები
მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი:
ა) ხელმძღვნელობს და წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას, აწესრიგებს დანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დანაყოფის კომპეტენციას;
გ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის საქმიანობის ორგანიზების შესახებ; სამსახურის უფროსს წარუდგენს დეპარტამენტის შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატურებს; სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ; დეპარტამენტის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; დეპარტამენტში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;
დ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის დანაყოფებისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლს;
ე)სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) ამტკიცებს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დასკვნებს, ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად;
ი) სამსახურის უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებას ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;
კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
მ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს გენერალური ინსპექციის ქვედანაყოფებსა და ცალკეულ მოსამსახურეებს შორის.
3. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე ან მისივე დავალებით – ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 5🔗. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფები
გენერალური ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;
ბ ) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
გ) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველო;
დ) საქმისწარმოების და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური.
თავი IV
გენერალური ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფების
კომპეტენცია და ფუნქციები
მუხლი 6🔗. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს კომპეტენცია და ფუნქციები
საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის დანაყოფების მიერ წარმოებული მუშაობის შედეგების სტატისტიკურ ანალიზს;
ბ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით თანამშრომლობს სამსახურის იმ ქვედანაყოფებთან, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას;
გ) ადგენს მოსამსახურეების მხრიდან მოსალოდნელ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევ და ხელშემწყობ მიზეზებს;
დ) ახორციელებს სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს, შეისწავლის მოპოვებულ მასალებსა და ინფორმაციას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად;
ე) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის წლიურ და მიმდინარე განზოგადებული ანგარიშების შედგენას;
ვ) უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ზ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 7🔗. ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო:
ა) გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვით ღონისძიებებს, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;
ბ) მოიპოვებს ინფორმაციას სამსახურის მოსამსახურეების მხრიდან ჩადენილი იმ ქმედებებისა და გარემოებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას სამსახურის საქმიანობას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის სისტემის ადმინისტრირების მონიტორინგის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი შემოწმების სრულფასოვანი წარმოებისთვის, სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფებიდან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გამოითხოვს აუცილებელ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას; საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სამსახურის ნებისმიერი მოსამსახურის გამოძახებას ან/და ადგილზე წერილობითი ან ზეპირი განმარტების მიღებას;
დ) აუცილებლობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებებით დადგენილი წესით ატარებს სამსახურის მოსამსახურეთა დამატებით სპეციალურ შემოწმებას;
ე) დადგენილი წესით გამოითხოვს სამსახურის მოსამსახურეთა პირად საქმეებს, სამსახურის სისტემაში წარმოებულ მასალებს, მათ შორის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეებსა და გამოძიების მასალებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოძიებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კონკრეტული მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების ან/და სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო არხების გამოვლენისთვის შეისწავლის აღნიშნული მიმართულებით სამსახურის სისტემაში შემავალ დანაყოფებში არსებულ ვითარებას, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვის და ორგანიზების მიზნით ამზადებს რეკომენდაციებს. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, გენერალური ინსპექციის სხვა ქვედანაყოფებთან კოორდინირებულად ახორციელებს შესაბამის ოპერატიულ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს მუშაობას სამსახურის მოსამსახურეთა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეისწავლის მონაცემებს სამსახურის მოსამსახურეთა ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ; უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ხელშემწყობი გარემოებების შესწავლას და მათი აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ი) სამსახურის მოსამსახურეების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით ახორციელებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;
კ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას;
ლ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით ატარებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადმოცემულ საქმეებზე.
მუხლი 8🔗. დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს კომპეტენცია და ფუნქციები
დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველო:
ა) განიხილავს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე შემოსულ საჩივრებსა და განცხადებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;
ბ) ახორციელებს სამსახურის სისტემაში კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების, აგრეთვე სამსახურის უფროსის ბრძანებებისა და მითითებების მოთხოვნათა განუხრელი დაცვის კონტროლს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, გატარებული მუშაობის შედეგების მიხედვით, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კონკრეტული მოსამსახურის მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;
დ) ახდენს შესაბამის რეაგირებას სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და ეთიკის ნორმების დარღვევებზე;
ე) დადგენილი წესით გამოითხოვს სამსახურის მოსამსახურეთა პირად საქმეებს, სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ წარმოებულ ნებისმიერი კატეგორიის მასალებს, მათ შორის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეებსა და გამოძიების მასალებს. საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სამსახურის ნებისმიერი მოსამსახურის გამოძახებას ან/და ადგილზე წერილობითი ან ზეპირი განმარტების მიღებას, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;
ვ) აწარმოებს მუშაობას სამსახურის სისტემაში ფინანსური სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა დანაკლისისა და ზედმეტობის არსებობის ფაქტებს;
თ) ამოწმებს სამსახურის სისტემაში მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;
ი) სამსახურის უფროსის ბრძანებებით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ წარმოებული ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის, აგრეთვე აღნიშნული დანაყოფების მიერ გაწეული ოპერატიული ხარჯების ინსპექტირებას;
კ) მონაწილეობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებიც არეგულირებს სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების, აგრეთვე აღნიშნული საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის წესს;
ლ) ორგანიზებას უწევს სამსახურის სისტემაში შემავალ დანაყოფებში, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, მათი საქმიანობის შემოწმებას, სამსახურის მოსამსახურეთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენების წესის კონტროლს, სამსახურის სისტემაში შესაძლო დარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების პრევენციას;
მ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 9🔗. საქმისწარმოების და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური
საქმისწარმოების და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას, ინსპექციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, საკონტროლო დავალებათა შესრულების ორგანიზებას და საიდუმლო საქმისწარმოებას; საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებასა და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზებას უწევს გადაცემული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და შენახვას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას;
გ) უწევს ორგანიზებას ინსპექციაში ჩასატარებელ თათბირებსა და შეხვედრებს, უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას, მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;
დ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.
თავი V
გენერალური ინსპექციის საქმიანობის მეთოდები
მუხლი 10🔗. გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმების
ჩატარების საფუძვლები და წესი
1. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების საფუძველია სამსახურის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის და დისციპლინური გადაცდომის შესახებ მიღებული ინფორმაცია (მათ შორის, ოპერატიული ინფორმაცია) მოქალაქეთა და სამსახურის მოსამსახურეთა წერილობითი ან ზეპირი განცხადებების, საჩივრების და პატაკების სახით, სასამართლოს (მოსამართლე) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ასევე იურიდიული თუ ფიზიკური პირებისგან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები.
2. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების პროცესში, მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურის მოსამსახურისგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად, შეუფერხებლად შევიდნენ სამსახურის ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებში, ობიექტებსა და ქვედანაყოფებში.
4. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე არ მონაწილეობს სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს სამსახურის კონკრეტული მოსამსახურის შემოწმების შედეგებისადმი დაინტერესების თაობაზე (ინტერესთა კონფლიქტი). სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან გენერალური ინსპექციის კონკრეტული მოსამსახურის ჩამოცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი.
5. სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე მზადდება შესაბამისი ცნობა ან დასკვნა, რომელსაც ამტკიცებს გენერალური ინსპექციის უფროსი.