საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2015
ძალაში შესვლა 01.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,834 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2015 მიღება
01.08.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 92% 01.11.2019 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 92% 10.07.2024 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 31.12.2021 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების თაობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება 90% 25.02.2015 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 90% 29.02.2024

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №5 2015 წლის 1 აგვისტო ქ.თბილისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 თანდართული სახით დამტკიცდეს საქართველოს  სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა  ეთიკის კოდექსი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური დანართი  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი პრეამბულა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში – სამსახური), დაფუძნებულია რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპებზე, წინამდებარე კოდექსით აღიარებს საკუთარ ერთგულებას კაცობრიობის ძირითადი ჰუმანური და ეთიკური ღირებულებებისადმი. - სამსახური იღებს ვალდებულებას, განუხრელად დაიცვას ამ კოდექსში ჩამოყალიბებული პრინციპები, იმის გათვალისწინებით, რომ: საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობის პრინციპს; - სამსახური წარმოადგენს საზოგადოების სამსახურში მდგომ სახელწიფო ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს უსაფრთხოებას, აგრეთვე თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას; -კანონის უზენაესობის პრინციპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  საქმიანობის ძირითადი საფუძველია; - სამსახური,  როგორც საზოგადოების სამსახურში მდგომი სახელმწიფო ორგანო, ანგარიშვალდებულია მის წინაშე. სამსახურის მოსამსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე)  საქმიანობის ეფექტურობა დიდწილადაა დამოკიდებული საზოგადოების მხრიდან დახმარებასა და მხარდაჭერაზე. სამსახური წარმატებულია მაშინ, როდესაც იგი   მჭიდროდ თანამშრომლობს მოსახლეობასთან. მოსამსახურისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილგანწყობა, მასთან ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება. მოსამსახურემ საკუთარი პროფესიონალიზმი უნდა შეუთავსოს ეთიკურობას, რითაც მნიშვნელოვნად ამაღლდება სამსახურის ავტორიტეტი საზოგადოებაში. ამ კოდექსით გაცხადებული პრინციპების განუხრელმა დაცვამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების მხრიდან სამსახურისადმი ნდობის განმტკიცებას, მისი ავტორიტეტისა და პრესტიჟის ამაღლებას. ღირსეული სამსახურისადმი კუთვნილების გაცნობიერება თითოეულ მოსამსახურეში სიამაყისა და პროფესიული ღირსების განცდის საწინდარია. წინამდებარე კოდექსი, ითვალისწინებს რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სხვა ფორმებისაგან დაცვის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, სხვა საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ აქტებს, ადგენს სამსახურის ეთიკის ძირითად პრინციპებსა და ქცევის წესებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა მოსამსახურისათვის როგორც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, ასევე სხვა სახის საქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის, სამსახურს გარეთ. კოდექსის ამოცანაა მოსამსახურეში პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულებისა და მაღალზნეობრივი ღირებულებების განმტკიცება, სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავება. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სამსახურის სისტემაში დასაქმებულ ყველა მოსამსახურეზე. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას აღნიშნული კოდექსი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თავი I. მოსამსახურის საქმიანობის პრინციპები 1.1. მოსამსახურე ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. 1.2. მოსამსახურე, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას. 1.3. მოსამსახურე საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში. 1.4. მოსამსახურე  უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით. 1.5. მოსამსახურემ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. 1.6. მოსამსახურე უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, როგორიცაა: • ღირსების პატივისცემა; • სიცოცხლის უფლება; • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; • საკუთრების უფლება; • აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება; • გამოხატვის თავისუფლება; • მშვიდობიანი შეკრების უფლება; • გადაადგილების თავისუფლება; • სხვა უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით. 1.7. მოსამსახურე თავისი საქმიანობისას უნდა ხელმძღვანელობდეს თანაზომიერების პრინციპით; კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით, კანონით მინიჭებული შესაძლო საშუალებებიდან მოსამსახურემ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ადამიანისათვის ნაკლები ზიანის მომტან საშუალებას. 1.8.  მოსამსახურემ პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანის პიროვნულ ღირსებას, მოეპყრას მათ  სამართლიანად და მიუკერძოებლად, მიუხედავად პირთა რასობრივი თუ ეროვნული კუთვნილებისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიური აღმსარებლობისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, სოციალური კუთვნილებისა, წარმომავლობისა, განათლებისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა სახის პირადი მდგომარეობისა ან/და სექსუალური ორიენტაციისა. 1.9. მოსამსახურე კოლეგიალური უნდა იყოს თავისი თანამშრომლების მიმართ, მხარში ედგეს და იცავდეს მათ. თავი II. მოსამსახურის  ქცევის ზოგადი წესები 2.1. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უნდა იყოს მოწესრიგებული და შესაბამისად ჩაცმული. 2.2. მოსამსახურე ვალდებულია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამუშაო დრო გაანაწილოს რაციონალურად და  სრულყოფილად  შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება. 2.3. მოსამსახურე ვალდებულია არ გაახმაუროს მისთვის ცნობილი კონფიდენციალური  ინფორმაცია, დოკუმენტი და პერსონალური მონაცემები, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის ინტერესის შელახვა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოსამსახურემ არ უნდა დაუშვას, რომ მის წარმოებაში არსებული საქმე გასაცნობად ხელმისაწვდომი იყოს სხვა პირებისთვის და არ უნდა აწარმოოს კონფიდენციალური საუბარი სხვა პირთა თანდასწრებით. მოსამსახურემ   მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ყოფით საუბრებში სამსახურთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას უნდა გამოიჩინოს ზომიერება და სიფრთხილე. 2.4. მოსამსახურეს ეკრძალება სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა, გარდა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა. უნიფორმაში მყოფ მოსამსახურეს ასევე ეკრძალება ისეთ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების გასაღებისა და მოხმარების ადგილები, ზოგიერთი ტიპის გასართობი ობიექტები და ა.შ.), რომლებიც შეუფერებელია  მოსამსახურის პროფესიისთვის. 2.5. მოსამსახურისათვის  დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის და სხვა. 2.6. მოსამსახურეს ეკრძალება თავისი კოლეგის მიერ წარმოებულ საქმეზე დეტალების გამოკითხვა, თუ ამას არ მოითხოვს სამსახურებრივი აუცილებლობა. 2.7. თითოეულმა მოსამსახურემ უშუალოდ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს პატიოსნად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 2.8. თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, მოსამსახურე პირადად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებსა  და იმ ბრძანებებზე, რომლებსაც ის აძლევს თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს. 2.9. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით  მოსამსახურის  მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში, თანამშრომელმა უარი უნდა თქვას ამოცანის შესრულებაზე, მოახსენოს ზემდგომი თანამდებობის პირს  და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო ქმედება, არ გავრცელდება  დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია. 2.10. მოსამსახურე მუდამ მზად უნდა იყოს პროფესიული მოვალეობების შესრულებისათვის.  დაუშვებელია ამ მოვალეობებისაგან თავის არიდება არასაპატიო მიზეზებსა და გარემოებებზე მითითებით. 2.11.  მოსამსახურე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას  მოწოდებული უნდა იყოს თავისი ცოდნა და  უნარები  გამოიყენოს მაქსიმალურად. 2.12. მოსამსახურემ რეაგირება უნდა მოახდინოს  კოლეგის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტებზე; კორუფციის ნებისმიერი გამოვლენის შემთხვევაში მოახსენოს ზემდგომ  თანამდებობის პირებსა და შესაბამის  ორგანოებს. 2.13. მოსამსახურემ არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისათვის. მან უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ უნდა გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად. ამასთანავე,  მოსამსახურემ არ უნდა შესთავაზოს საზოგადოების წევრებს გარკვეული სამსახურის გაწევა  რაიმე სახის სარგებლის მიღების სანაცვლოდ. 2.14. მოსამსახურემ ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისათვის. 2.15. მოსამსახურემ, თუ ამას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არ მოითხოვს, არ უნდა დაამყაროს ურთიერთობა წინასწარი შეცნობით არაკანონიერ ქმედებებთან კავშირში მყოფ პირებთან. იგი ასევე არ უნდა იმყოფებოდეს მოსამსახურისათვის შეუფერებელ მდგომარეობაში. 2.16.  მოსამსახურემ  სამსახურში არყოფნის დროსაც საკუთარი ინიციატივით უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში მყოფ ადამიანს და მიიღოს ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად. არასამსახურებრივ საათებში, პიროვნების მომართვისას (თხოვნა, შეკითხვა და სხვა), მოსამსახურემ უნდა გამოიჩინოს თავაზიანობა და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მას. 2.17. მოსამსახურეებს  შორის ურთიერთობა ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგსა და დისციპლინას, სუბორდინაციისა და კოლეგიალობის პრინციპებს. 2.18. სამსახურმა პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და გამოყენება უნდა მოახდინოს პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის საერთაშორისო პრინციპების დაცვით. თავი III. საზოგადოებასთან ურთიერთობა 3.1. მოსამსახურის საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციასა და გახსნას, არამედ საზოგადოებისათვის დახმარების აღმოჩენასაც, მათ შორის, არასამუშაო საათებში. 3.2. მოსამსახურე საქმიანობის განხორციელებისა და საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს  მათ განსხვავებულ ტრადიციებს, ადათებსა და ცხოვრების წესის თავისებურებებს. 3.3. მოსამსახურე, თავისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი და ზრდილობიანი ფორმით; მოსამსახურემ უნდა მისცეს მოქალაქეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. მოსამსახურისაგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი; ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა. 3.4. მოსამსახურე უნდა იყოს კორექტული და  საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება; ზემოთ აღნიშნული სტანდარტები მოსამსახურემ უნდა დაიცვას თავისი ქცევის ადრესატის სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური კონდიციის მიუხედავად (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობა). 3.5.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქესთან ურთიერთობისას მოსამსახურეს ეკრძალება:  სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურ ტელეფონზე საუბარი, მანქანიდან საუბარი, მზის სათვალის ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა. 3.6. მოსამსახურის მიერ, ობიექტურ გარემოებათა გამო, მოქალაქისათვის ქმედითი დახმარების გაწევის შეუძლებლობის შემთხვევაში ამ უკანასკნელს უნდა განემარტოს  დაუხმარებლობის მიზეზი. 3.7.მოსამსახურე სხვა უნარებთან ერთად უნდა ფლობდეს დარწმუნების, მოლაპარაკებისა და შუამავლობის უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია კრიტიკულ სიტუაციებში ძალის გამოყენების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირებისათვის. თავი IV. კოლეგებთან ურთიერთობა 4.1.ავტორიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით, მოსამსახურემ  უნდა აწარმოოს კოლეგებთან კორექტული ურთიერთობა. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის  მიუღებელი ფორმით  გამოხატვა. 4.2.სამსახურებრივი ურთიერთობისას  მოსამსახურემ  თავი უნდა შეიკავოს ფამილარული ურთიერთობებისაგან. 4.3. მოსამსახურე უნდა ეხმარებოდეს და იცავდეს თანამშრომელს, რომელიც დაშავდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. 4.4. მოსამსახურემ  კოლეგებს გულახდილად უნდა მიაწოდოს აუცილებელი პროფესიული ინფორმაცია და გაუწიოს მათ დახმარება. იმავდროულად,  მოსამსახურე უნდა იყოს შეურიგებელი  კოლეგის მიერ დაშვებული გადაცდომის მიმართ. თავი V. ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება 5.1. მოსამსახურე პატივს უნდა სცემდეს სიცოცხლის უფლებას და ყველა ღონისძიება უნდა განახორციელოს სიცოცხლის უფლების პატივისცემით. თავისი მოვალეობის შესრულებისას შეძლებისდაგვარად უნდა შეეცადოს მიმართოს არაძალისმიერ მეთოდებს და სამართალდარღვევის აღსაკვეთად არ გამოიყენოს აუცილებელზე მეტი ძალა ან/და ცეცხლსასროლი იარაღი. ძალის ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება  დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არაძალისმიერი მეთოდებით შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა.  მოსამსახურემ ძალის ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უნდა შეწყვიტოს დაუყოვნებლივ, როგორც კი მისი გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. 5.2.ძალის ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პირდაპირი მიზანი არ უნდა იყოს პირის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა. 5.3.ძალის ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მოსამსახურეს მინიჭებული აქვს საკუთარი ან სხვა ადამიანის, მათ შორის, სამართალდამრღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად და არა  სიცოცხლის მოსასპობად. 5.4. მოსამსახურე ვალდებულია ისე დაგეგმოს და აკონტროლოს ოპერაცია, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ძალის, მათ შორის, ლეტალური საშუალების გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. თავი VI. გამოძიება 6.1. გამოძიების წარმოების ყველა ეტაპზე  მოსამსახურე  ვალდებულია იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი.  მოსამსახურემ  უნდა გაითვალისწინოს იმ პირთა ინტერესები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მოპყრობას (არასრულწლოვნები, ქალები, უმცირესობები და დაუცველი პირები). 6.2. მოსამსახურე ვალდებულია გაითვალისწინოს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოეპყრას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირს როგორც უდანაშაულოს. სამსახური განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას მასმედიასთან ურთიერთობისას. 6.3. მოსამსახურემ პატივი უნდა სცეს ადვოკატის როლსა და ფუნქციას როგორც გამოძიების სტადიაზე, ისე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. 6.4. მოსამსახურე ვალდებულია გაუფრთხილდეს გამოსაკითხი პირის პატივსა და ღირსებას და გაითვალისწინოს მისი ასაკი, სქესი, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა, კულტურული, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება. 6.5. მოსამსახურემ უნდა გაითვალისწინოს მოწმის განსაკუთრებული მდგომარეობა და გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოს იგი ყველა საჭირო ღონისძიებით, როდესაც არსებობს მისი დაზიანების ან დაშინების რისკი. 6.6. მოსამსახურემ მაქსიმალური ტაქტი უნდა გამოიჩინოს მოქალაქისათვის ახლობელი ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის, მისი ქონებისადმი მიყენებული სერიოზული ზიანის (ხანძარი, ძარცვა და სხვა)  შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას. 6.7.შემთხვევის ადგილზე კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას, მოსამსახურეს ეკრძალება გვამისადმი ღირსების შემლახველი ქმედება. 6.8.გარემოებების გათვალისწინებით,  მოსამსახურე დაკითხვის შემდეგ დაზარალებულს უნდა დაეხმაროს ახლობლებთან დაკავშირებაში, საჭიროების შემთხვევაში სახლამდე მისვლაში და იმ სამსახურებთან დაკავშირებაში, რომელთა კომპეტენციაშიც შედის დაზარალებულისათვის გარკვეული სახის დახმარების გაწევა. 6.9. მოსამსახურე უნდა დაეხმაროს დანაშაულის მსხვერპლს უშუალოდ, საკუთარი ძალებით, მოექცეს მას გულისხმიერად და კორექტულად, პატივი სცეს მის ღირსებას, შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს მისი ინტერესები. თავი VII. დამოკიდებულება დაკავებულ პირთა მიმართ 7.1. მოსამსახურეს არა აქვს უფლება შეზღუდოს პირის თავისუფლება,  გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კანონიერი საფუძვლის არსებობისას. 7.2. მოსამსახურე ვალდებულია, დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტოს დაკავების მიზეზი და აცნობოს მის მიმართ წაყენებული ბრალდება. 7.3. მოსამსახურემ დაკავებულ პირს უნდა აცნობოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მისი უფლებები; დაკავების ფაქტი აცნობოს დაკავებულის მიერ არჩეულ მესამე პირს. 7.4. მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს დაკავებული პირის როგორც სამართლებრივი დახმარება, ასევე საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების გაწევა ან/და შემოწმება. 7.5. დაუშვებელია დაკავებულ პირთა წამება, მათ მიმართ არაადამიანური, დამამცირებელი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან სასჯელი. 7.6.ყველა დაკავებულს აქვს ადამიანური მოპყრობის უფლება. მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს დაკავებული პირის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, ჰიგიენური პირობები და შესაბამისი კვება. 7.7. მოსამსახურემ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ძალა დაკავებული პირის მიმართ, როდესაც ეს აუცილებელია დაკავების ადგილზე უსაფრთხოებისა და წესრიგის შესანარჩუნებლად, ან საფრთხე ემუქრება პიროვნების უსაფრთხოებას. თავი VIII.   პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.