შპს ,,ალუკენთის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/9234-15 ( 330210315806497)
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
28 ივლისი 2015 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს ,,ალუკენთი”(ს/კ 217873665)
წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის“ (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ალუკენთის”(ს/კ 217873665) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ალუკენთის” (ს/კ 217873665) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა (დირექტორმა) ბიძინა ჩიკვილაძემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,ალუკენთი”(ს/კ 217873665) წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც დღეისათვის არ ფუნქციონირებს. განმცხადებლის მითითებით, მის სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ არის აღრიცხული. რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, საწარმოს ბალანსზე აღრიცხულია ტრანსფორმატორი; ორი ცალი საჩარხი არამუშა მდგომარეობაში; 6 ცალი ელ. ამწე 2 ტონიანი, არამუშა მდგომარეობაში; ორი ცალი რაზვალის გასასწორებელი არამუშა მდგომარეობაში. საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი თეიმურაზ ლობჟანიძე, რომლის მიმართაც სახელფასო დავალიანება შეადგენს 14 400 (თოთხმეტი ათას ოთხასი) ლარს; საწარმოს ასევე ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორი - სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 4886,85 (ოთხი ათას რვაას ოთხმოცდაექვსი მთელი ოთხმოცდახუთი მეასედი) ლარს. შპს ,,ალუკენთს”(ს/კ 217873665) დებიტორები არ ჰყავს. საწარმოს ანგარიშზე არ ირიცხება ფულადი სახსრები. აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს განმცხადებელი მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 ივნისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ,,ალუკენთს”(ს/კ 217873665) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ალუკენთის”(ს/კ 217873665) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 ივნისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 12 ივნისს, სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2015 წლის 11 ივნისს, ხოლო თეიმურაზ ლობჟანიძეს 2015 წლის 11 ივნისს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ,,ალუკენთის” (ს/კ 217873665) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს ,,ალუკენთის”(ს/კ 217873665) კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ,,ალუკენთის”(ს/კ 217873665) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ალუკენთი”(ს/კ 217873665) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ალუკენთის”(ს/კ 217873665) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. შპს ,,ალუკენთს”(ს/კ 217873665) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე; განჩინების გამოქვეყნების ხარჯები გადახდეს მოვალეს.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე