შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/8445-15 ( 330210315797319 )
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
28 ივლისი 201 5 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფო”(ს/კ 236035438)
წარმომადგენელი: დირექტორის – შპს „რეაბილიტაციის“ (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს”(ს/კ 236035438) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს”(ს/კ 236035438) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა (დირექტორმა) ბიძინა ჩიკვილაძემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფო”(ს/კ 236035438) წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც დღეისათვის არ ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს შპს ,,ფასანაურის საავადმყოფოს’’, შპს ,,თიანეთის სამედიცინო ცენტრის’’, შპს ,,თიანეთის სამედიცინო ცენტრის’’, შპს ,,თიანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03’’-ის, შპს ,,იმედის’’, შპს ,,დუშეთის რაიონული საავადმყოფოს’’ და შპს ,,დუშეთის პოლიკნინიკის“ სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას. ამჟამად შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიან საავადმყოფოს’’ (ს/კ 236035438) არც საკუთრებაში და არც ბალანსზე უძრავი ქონება არ ერიცხება. რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიან საავადმყოფოს”(ს/კ 236035438) საკუთრებაში ერიცხება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება ,,MERCEDES-BENZ E320’’, სახელმწიფო ნომრით „PBP-636”. განმცხადებლის მითითებით, ავტომანქანის ღირებულება აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს. რაც შეეხება დებიტორებს, საწარმოს ერთადერთი დებიტორია სახელმწიფო, რომლის დავალიანებაც სალდირებული ზედმეტობის სახით შეადგენს 5 (ხუთი) ლარს. რაც შეეხება კრედიტორებს, საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორია შპს ,,მცხეთის წყალი’’. რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 25 202,44 (ოცდახუთი ათას ორას ორი მთელი ორმოცდაოთხი მეასედი) ლარს, ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს კი წარმოადგენენ ამავე ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლები: გიორგი სამხარაძე, ნოდარ შაფათავა, იოსებ კიკნაძე, სოლომონ გუჩმაზაშვილი, პაატა პატაშური, ლევან ჭავჭავაძე. რაც შეეხება ფულად სახსრებს, შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს (ს/კ 236035438) ანგარიშზე თანხები არ ერიცხება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელი ითხოვს საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიან საავადმყოფოს”(ს/კ 236035438) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს”(ს/კ 236035438) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 02 ივნისს, სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2015 წლის 01 ივნისს, იოსებ კიკნაძეს 2015 წლის 30 მაისს, გიორგი სამხარაძეს 2015 წლის 30 მაისს, ნოდარ შაფათავას 2015 წლის 1 ივნისს, შპს ,,მცხეთის წყალს’’ 2015 წლის 01 ივნისს, პაატა პატაშურს 2015 წლის 03 ივნისს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” (ს/კ 236035438) კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს”(ს/კ 236035438) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფო”(ს/კ 236035438) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს”(ს/კ 236035438) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. შპს ,,მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს”(ს/კ 236035438) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე; განჩინების გამოქვეყნების ხარჯები გადახდეს მოვალეს.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე