საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 25.04.2005
ძალაში შესვლა 01.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №52/43
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016343
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს მთავრობა და
ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა,
შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,
აღიარებენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას თავიანთი ქვეყნების საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისა და ამოქმედების მიზნით;
გამოთქვამენ რა რწმენას, რომ საბაჟო დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური გახდება მათ შესაბამის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში, რომელიც დამყარებული იქნება ორმხრივად შეთანხმებულ სამართლებრივ დებულებებზე;
ითვალისწინებენ რა საბაჟო გადასახდელების ზუსტი განსაზღვრისა და მათი შესაბამისი ორგანოების მიერ ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფთან დაკავშირებით აკრძალვების, შეზღუდვებისა და კონტროლის ზომების სათანადოდ გატარების მნიშვნელობას;
ითვალისწინებენ რა, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები ზიანს აყენებს მათ ეკონომიკურ, კომერციულ, ფინანსურ, სოციალურ, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
ითვალისწინებენ რა ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ რეკომენდაციას და დეკლარაციას საბაჟო თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების გაუმჯობესების შესახებ (კვიპროსის დეკლარაცია), რომლებიც მიღებულ იქნა საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს მიერ, ამჟამად მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, შესაბამისად, 1953 წლის დეკემბერში და 2000 წლის ივლისში;
ითვალისწინებენ რა საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც შეიცავენ ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფთან დაკავშირებულ აკრძალვებს. შეზღუდვებსა და კონტროლის სპეციალურ ზომებს;
ითვალისწინებენ რა ასევე გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი I
განსაზღვრებები
მუხლი 1🔗
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
a) საბაჟო სამსახური ნიშნავს;
საქართველოს მთავრობისათვის: ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს;
ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობისათვის: ირანის საბაჟო ადმინისტრაციას;
b) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
საქართველოს მთავრობისთვის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობისათვის: ირანის საბაჟო ადმინისტრაციას;
c) „საბაჟო მოთხოვნა ნიშნავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერ გადასახდელებს, ასევე დამატებით გადასახადებსა და მოსაკრებლებს, ვადაგადაცილებულ გადასახადებსა და პროცენტებს, ხარჯებს და აღნიშნულ გადასახდელებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა თანხებს, რომელთა გადახდევინება ვერ ხერხდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ;
d) „საბაჟო კანონმდებლობა“ ნიშნავს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ნორმებს, რომლებსაც ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახური იყენებს საქონლის იმპორტთან, ექსპორტთან, გადატვირთვასთან, ტრანზიტთან, დასაწყობებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით, იმ საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმების ჩათვლით, რომლებიც არეგულირებენ აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების გატარებას;
e) „საბაჟო დარღვევა“ ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას ან დარღვევის მცდელობას;
f) „ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ დამუშავებულ მონაცემებს ან პირველად ინფორმაციას, აგრეთვე დოკუმენტებს, ანგარიშებს და ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენილ სხვა შეტყობინებებს, მათ შორის მათ ელექტრონულ ვერსიებს ან დამოწმებულ ან ნამდვილ ასლებს;
g) „მოხელე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო მოხელეს ან ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დანიშნულ სხვა საჯარო მოსამსახურეს;
h) „პირი“ ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც კონტექსტი სხვაგვარად ითვალისწინებს;
i) „პირადი მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლის ვინაობაც დადგენილია ან უნდა დადგინდეს;
j) „მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს, რომელმაც წარადგინა დახმარების მოთხოვნა;
k) „მოთხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს, რომელსაც მიმართეს დახმარების მოთხოვნით;
l) „მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის საბაჟო სამსახურიც წარადგენს დახმარების მოთხოვნას;
m) „მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის საბაჟო სამსახურსაც წარედგინა დახმარების მოთხოვნა;
n) „საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციათა სისტემა“ ნიშნავს ყველა იმ პროცესს, რომლებიც დაკავშირებული საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან წარმოშობის ადგილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.
თავი II
შეთანხმების მოქმედების ფარგლები
მუხლი 2🔗
1. ხელშემკვრელი მხარეები, თავიანთი კომპეტენტური ორგანოების საშუალებით და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ერთმანეთს გაუწევენ ადმინისტრაციულ დახმარებას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენებისა და საბაჟო დარღვევების პრევენციის, გამოძიებისა და აღკვეთის და ასევე სავაჭრო ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ დახმარებას ერთმანეთს აღმოუჩენენ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმებისა და მათი კომპეტენტური ორგანოების კომპეტენციისა და არსებული რესურსების ფარგლებში.
3. ეს შეთანხმება მოიცავს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ორმხრივი ადმინისტრაციული დახმარების საკითხებს და გავლენას არ მოახდენს მათ შორის დადებულ შეთანხმებებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ. თუ ურთიერთდახმარება ხორციელდება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ორგანოების მიერ, მოთხოვნის მიმღებმა საბაჟო სამსახურმა, ან საქართველოს შემთხვევაში აგრეთვე მისმა სხვა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიუთითონ ამ ორგანოებისა და შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების შესახებ.
4. საქართველოს შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკითხი ან დებულება არ შედის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კომპეტენციაში, მან უნდა დაიწყოს თანამშრომლობა სხვა ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოებთან: ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია ან საკითხი უნდა გადასცეს რომელიმე მათგანს.
5. ეს შეთანხმება არ ანიჭებს რომელიმე პირს დახმარების მოთხოვნის შესრულებისათვის ხელის შეშლის უფლებას.
თავი III
დახმარების გაწევის ფარგლები
მუხლი 3🔗
ინფორმაცია საბაჟო კანონმდებლობის შესრულებისა და გატარებისათვის
1. საბაჟო სამსახურებს ან საქართველოს შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მიღებული მოთხოვნის საფუძველზე ან თავიანთი ინიციატივით, შეუძლიათ მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებასა და საბაჟო სფეროში დარღვევების პრევენციას, გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას. ასეთი შეტყობინება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
a) საბაჟო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ;
b) საბაჟო კანონმდებლობის გატარების მიზნით, იმ ახალი საშუალებების გამოყენების შესახებ, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა;
c) საბაჟო დანაშაულებათა ჩადენის ახალი ტენდენციების, საშუალებების ან მეთოდების შესახებ;
d) იმ საქონლის, რომელიც წარმოადგენს საბაჟო დარღვევის ობიექტს, ასევე ასეთი საქონლის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მიზნით, გამოყენებული მეთოდების შესახებ;
e) იმ პირების შესახებ, რომლებმაც მოახდინეს საბაჟო დარღვევა ან რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო დარღვევის მცდელობაში;
f) ნებისმიერი სხვა მონაცემისა და სტატისტიკური ინფორმაციის შესახებ, რომელიც დახმარებას გაუწევს მხარეთა საბაჟო სამსახურებს ან საქართველოს შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, რისკის შეფასებასა და კონტროლის ზომების განხორციელებაში.
2. მოთხოვნის შემთხვევაში, ამ შეთანხმებით გათვალისწინებულმა დახმარებამ უნდა მოიცვას ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საბაჟო ღირებულების სწორად განსაზღვრის მიზნით.
3. თითოეული მხარის კომპეტენტური ორგანო, თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს სახელით მოკვლევის ჩატარების დროს გამოიყენებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას მოთხოვნით განსაზღვრული დახმარების აღმოჩენის მიზნით.
თავი IV
ინფორმაცია
მუხლი 4🔗
საბაჟო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია
1. კომპეტენტური ორგანოები, მოთხოვნის საფუძველზე მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას ისეთი დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციების შესახებ, რომლებიც შეიცავენ ან შესაძლებელია შეიცავდნენ საბაჟო დარღვევას.
2. ისეთ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკას, მოსახლეობის ჯანმრთელობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან ნებისმიერ სხვა სასიცოცხლო ინტერესს ან საერთაშორისო სავაჭრო ქსელის უსაფრთხოებას, მხარეების კომპეტენტური ორგანოები ოპერატიულად მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 5🔗
ინფორმაცია ექსპორტისა და იმპორტის გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ
მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური, მე-20 მუხლის დაურღვევლად, საბაჟო კანონმდებლობის ზუსტად აღსრულებისა და საბაჟო დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, მოთხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს აწვდის ინფორმაციას, თუ ამ უკანასკნელს წარმოეშვა ეჭვი საბაჟო დეკლარაციის გაყალბებასთან ან მის სწორად შევსებასთან დაკავშირებით.
მუხლი 6🔗
ინფორმაციის კერძო სახეები
1. მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური მოთხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს აწვდის შემდეგ ინფორმაციას:
a) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი კანონიერად არის თუ არა ექსპორტირებული მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან;
b) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან ექსპორტირებული საქონელი კანონიერად არის თუ არა იმპორტირებული მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; ასევე იმ ნებისმიერი საბაჟო პროცედურების შესახებ, რომელიც ვრცელდება საქონელზე.
მუხლი 7🔗
ინფორმაციის გაცვლა
1. დოკუმენტების დედნების გამოთხოვა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასლები არასაკმარისად არის მიჩნეული და უკან უნდა დაბრუნდეს პირველი შესაძლებლობისთანავე. მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს ან მესამე მხარის უფლებები არ ექვემდებარება შეზღუდვას.
2. ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილ ნებისმიერ ინფორმაციას თან უნდა დაერთოს მისი განმარტების ან გამოყენებისათვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფორმაცია.
თავი V
დახმარების სპეციალური სახეები
მუხლი 8🔗
შეტყობინება
მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანო, თუ ეს ნებადართულია მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, იმ პირს, რომელიც ცხოვრობს ან დაფუძნებულია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, აცნობებს ამ პირთან დაკავშირებით მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური ორგანოს მიერ მხარეთა საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ფორმალური გადაწყვეტილების შესახებ
მუხლი 9🔗
დახმარების გაწევა საბაჟო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით
1. მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო სამსახურები ერთმანეთს გაუწევენ დახმარების საბაჟო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, იმ პირობით თუ ხელშემკვრელ მხარეებს მოთხოვნის წარდგენის დროისათვის ამოქმედებული აქვთ საჭირო საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმები.
2. დახმარება საბაჟო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით განხორციელდება ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
ზედამხედველობა და ინფორმაცია
1. მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანო, განახორცილებს ზედამხედველობას და უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც შეეხება:
a) სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ ან დასაწყობებულ ტვირთს, რომელიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო დარღვევების დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
b) სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო დარღვევების ჩადენის დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
c) შენობებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა ან არსებობს ეჭვი რომ გამოყენებული იქნა საბაჟო დარღვევბის ჩადენის დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
d) პირებს, რომლებმაც დაარღვიეს საბაჟო კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებში მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც შედიან და გადიან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან.
მუხლი 11🔗
კონტროლირებადი მიწოდება
1. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და კომპეტენტური ორგანოების კონტროლით, ნებართვა გასცენ თავიანთ ტერიტორიებზე უკანონო ან საეჭვო ტვირთის გადაადგილებაზე, ტერიტორიაზე შეტანაზე ან ტერიტორიიდან გატანაზე ან ტრანზიტად გადაადგილებაზე, თუ ეს ემსახურება საბაჟო დარღვევების გამოძიებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
2. თუ ასეთი ნებართვის გაცემა არ შედის საბაჟო სამსახურის კომპეტენციაში, მაშინ ეს სამსახური თანამშრომლობის მიზნით მიმართავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ეროვნულ ორგანოებს ან საქმეს გადასცემს ასეთ ორგანოს.
მუხლი 12🔗
ექსპერტები და მოწმეები
მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია თავის მოხელეებს მიანიჭოს საბაჟო დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეებში ექსპერტების ან მოწმეების სახით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სასამართლოს ან ტრიბუნალის წინაშე გამოსვლის უფლებამოსილება.
თავი VI
მოთხოვნათა გადაცემა
მუხლი 13🔗
1. ამ შეთანხმების ფარგლებში მოთხოვნა დახმარების შესახებ გადაეცემა უშუალოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით და მას თან უნდა ახლდეს მის შესასრულებლად საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი ინფორმაცია. მოთხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურს შეუძლია მოთხოვნის ელექტრონული საშუალებებით გაგზავნილი მოთხოვნის წერილობითი დადასტურება, გარკვეულ გარემოებებში, მოთხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს ზეპირი ფორმით. ასეთი მოთხოვნა უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით უმოკლეს ვადაში.
2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას;
a) მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის სახელწოდება;
b) საბაჟო საკითხის არსი, მოთხოვნილი დახმარების ფორმა და მოთხოვნის საფუძველი;
c) განსახილველი საქმისა და მისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული კომპონენტების მოკლე მიმოხილვა;
d) იმ პირთა სახელები და მისამართები, რომლებსაც შეეხებათ მოთხოვნა თუ ცნობილია მათი ვინაობა.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური მოითხოვს გარკვეული პროცედურის ან მეთოდის გამოყენებას, მოთხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური შეასრულებს ასეთ მოთხოვნას თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული ინფორმაცია გადაეცემა ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ სპეციალურად ამ მიზნით დანიშნულ მოხელეებს. ამ მოხელეების სია გადაეცემა მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს ან შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად.
თავი VII
მოთხოვნათა შესრულება
მუხლი 14🔗
ინფორმაციის მოპოვების საშუალებები
1. თუ მოთხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან უნდა დაიწყოს ამ ინფორმაციის მოძიება.
2. თუ მოთხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური არ წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია დაიწყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, მას შეუძლია მიუთითოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოზე და ამ ორგანოს შესასრულებლად გადაუგზავნოს მოთხოვნა.
მუხლი 15🔗
მოხელეთა ყოფნა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე
1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ სპეციალურად დანიშნულ მოხელეებს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს ნებართვით და მის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საბაჟო დარღვევის მოკვლევის მიზნით შეუძლიათ:
a) მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოს ოფისებში შეამოწმონ დოკუმენტები, ასევე საბაჟო დარღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია და მოითხოვონ მათი ასლების გადაღება;
b) დაესწრონ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიერ იმ მოკვლევის ჩატარების პროცესს, რომელიც შედის მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური ორგანოს ინტერესებში.
მუხლი 16🔗
მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური ორგანოს მოხელეთა ყოფნა მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიწვევით
როდესაც მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანო მიზანშეწონილად ან აუცილებლად მიიჩნევს მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის დასწრებას დახმარების აღმოჩენის ღონისძიებების ჩატარების დროს, მან აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ კომპეტენტურ ორგანოს და მიიწვიოს მისი წარმომადგენელი. ამგვარი მონაწილეობა ექვემდებარება მე-12 და მე-17 მუხლების დებულებებს და მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიერ დაყენებულ პირობებს.
მუხლი 17🔗
დებულებები მიწვეული მოხელეებისათვის
1. როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოხელეები, ამ შეთანხმების დებულებების თანახმად იმყოფებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მათ მთელი ვიზიტის განმავლობაში უნდა შეეძლოთ პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.
2. მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური ორგანოს მიერ დანიშნულ მოხელეებს, რომლებიც მე-12 და მე-15 მუხლების თანახმად იმყოფებიან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ექნებათ მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებიდან ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად.
3. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს ისინი ისარგებლებენ ისეთივე დაცვით, როგორიც გააჩნიათ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მოხელეებს ამ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ნებისმიერ დანაშაულზე.
თავი VIII
ინფორმაციის გამოყენება, კონფიდენციალურობა და დაცვა
მუხლი 18🔗
ინფორმაციის გამოყენება და კონფიდენციალურობა
1. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ და მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი კომპეტენტური ორგანო ნებართვას იძლევა სხვა ორგანოების მიერ ან სხვა მიზნებისათვის მისი გამოყენების თაობაზე.
2. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიჩნევა კონფიდენციალურად და ისარგებლებს სულ მცირე იგივე დონის დაცვითა და კონფიდენციალურობით, როგორითაც სარგებლობს მსგავსი ინფორმაცია იმ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის მიერაც ეს ინფორმაცია იქნა მიღებული.
მუხლი 19🔗
პირადი მონაცემების დაცვა
1. ამ შეთანხმების საფუძველზე პირადი მონაცემების გაცვლა არ დაიწყება, ვიდრე ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად, არ შეთანხმდებიან, რომ ამ მონაცემებს ექნებათ დაცვის ის დონე, რომელიც დააკმაყოფილებს ინფორმაციის მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან კანონმდებლობას პირადი მონაცემების დაცვის შესახებ.
3. პირადი მონაცემების დაცვის საბაზო პრინციპები მოცემულია №1 დანართში, რომელიც წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
თავი IX
გამონაკლისები
მუხლი 20🔗
1. თუ ამ შეთანხმების საფუძველზე დახმარება არღვევს ან ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, სახელმწიფო პოლიტიკას ან ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს ან ზიანს აყენებს კანონიერ კომერციულ ან პროფესიონალურ ინტერესს, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას დახმარების გაწევაზე, ან სიტუაციიდან გამომდინარე, დახმარება შეზღუდოს გარკვეული პირობებით.
2. დახმარების გაწევა შეიძლება გადაიდოს, თუ არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს მიმდინარე მოკვლევას, სამართალწარმოებას ან სასამართლო წარმოებას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანო კონსულტციებს გამართავს მოთხოვნის წარმდგენ კომპეტენტურ ორგანოსთან, რათა განისაზღვროს შესაძლოა თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიერ წამოყენებული პირობების გათვალისწინებით.
3. დახმარებაზე უარის თქმის ან მისი გადავადების შემთხვევაში, უნდა მოხდეს შესაბამისი მიზეზების შეტყობინება მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური ორგანოსათვის.
თავი X
ხარჯები
მუხლი 21🔗
1. ამ შეთანხმების გამოყენების დროს გაწეული უმნიშვნელო ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ორგანოების მიერ.
2. ექსპერტებისა და მოწმეებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებსა და დანამატებს, ასევე თარჯიმანთა მომსახურების ღირებულებას, სახელმწიფო სექტორში დაკავებულ მოხელეთა ხარჯების გარდა, გაიღებენ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ორგანოები.
3. თუ მოთხოვნის შესრულება საჭიროებს მნიშვნელოვანი მოცულობის ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯებს, ხელშემკვრელი მხარეები ჩაატარებენ კონსულტაციას იმ პირობების ჩამოყალიბების მიზნით, რომლის საფუძველზე მოხდება მოთხოვნის შესრულება, ასევე ხარჯების გაწევა.
თავი XI
შეთანხმების შესრულება და გამოყენება
მუხლი 22🔗
1. მხარეების საბაჟოს სამსახურები ან საქართველოს შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის კოორდინაციით აგრეთვე სხვა კომპეტენტური ორგანოები, ერთობლივად შეიმუშავებენ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ შეთანხმების გამოყენებას.
2. ხელშემკვრელი მხარეების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, ამ შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები ცალკეული ოქმის სახით, რომლებიც შეადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
თავი XII
ტერიტოლიული მოქმედების ფარგლები
მუხლი 23🔗
ამ შეთანხმების მოქმედება ვრცელდება ორივე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, როგორც ეს განსაზღვრულია მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
თავი XIII
დავების მოგვარება
მუხლი 24🔗
1. საბაჟო სამსახურები ან საქართველოს შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კომპეტენტური ორგანოები საბაჟო დეპარტამენტის კოორდინაციით, შეეცდებიან ამ შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა ან სხვა პრობლემები მოაგვარონ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
2. მოუგვარებელი დავა ან სირთულეები გადაწყდება დიპლომატიური საშუალებებით.
თავიXIV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 25🔗
ძალაში შესვლა
ეს შეთანხმება ძალაში შევა ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ წერილობითი ფორმით დიპლომატიური არხებით უკანასკნელი შეტყობინებიდან მეორე თვის პირველ დღეს.
მუხლი 26🔗
მოქმედების შეწყვეტა
1. ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მის შეწყვეტამდე. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ შეწყვიტოს ეს შეთანხმება დიპლომატიური არხებით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების შემდეგ.
2. შეთანხმების მოქმედება შეწყდება ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების დენონსირების შესახებ შეტყობინების დღიდან სამი თვის შემდეგ. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტში მიმდინარე საქმეები უნდა იქნეს დასრულებული ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
მუხლი 27🔗
შეთანხმების განხილვა
ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების განხილვის მიზნით ერთმანეთს შეხვდებიან მოთხოვნის შემთხვევაში ან ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ, თუ წინასწარ ერთმანეთს წერილობით არ შეატყობინებენ, რომ ამგვარი განხილვა აუცილებელი არ არის.
დასტურად ამისა, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2005 წლის 25 აპრილს, რაც შეესაბამება 1384 წლის 5 ორდიბეჰეშთს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, სპარსულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტში თანაბრად ავთენტიკურია. განმარტების დროს განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით ირანის ისლამური რესპუბლიკის
სახელით მთავრობის სახელით
(ხელმოწერილი) (ხელმოწერილი)
დანართი I
პირადი მონაცემების დაცვა
1. ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მითითებული მიზნით და იმ კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი პირობების დაცვით, რომელიც წარმოადგენს ასეთი სახის ინფორმაციას;
2. მოთხოვნის შემთხვევაში, ის კომპეტენტური ორგანო, რომელიც იღებს პირად მონაცემებს, ამ მონაცემების გადამცემ საბაჟო სამსახურს აცნობებს მათი გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ;
3.პირადი მონაცემები გადაეცემა მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს. პირადი მონაცემების გადაცემა ნებისმიერი სხვა ორგანოსათვის დასაშვებია მხოლოდ მონაცემების გადამცემი საბაჟო სამსახურის წინასწარი თანხმობის შემდეგ;
4. პირადი მონაცემების გადამცემი საბაჟო სამსახური ან საქართველოს შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კომპეტენტური ორგანო, საბაჟო დეპარტამენტის კოორდინაციით, უზრუნველყოფს, რომ ასეთი მონაცემები იყოს ზუსტი, გადაცემის მომენტისთვის განახლებული და არ აჭარბებდეს იმ მიზნებს, რისთვისაც იგი იქნა წარდგენილი. დაცული უნდა იქნეს ხელშემკვრელი მხარის ეროვნული საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვები. თუ აღმოჩნდა, რომ გადაცემული პირადი მონაცემები უზუსტოა ან მისი გაცვლა არ არის შესაძლებელი, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. ის საბაჟო სამსახური, ან საქართველოს შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კომპეტენტური ორგანო, რომელმაც მიიღო ასეთი მონაცემები, შესწორებებს შეიტანს მათში ან გააუქმებს მათ.
5. მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა უნდა მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ არსებული პირადი მონაცემებისა და მათი შესაძლო გამოყენების შესახებ. პირისათვის ამგვარი ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც ეწინააღმდეგება ინფორმაციის გადაცემას, აღემატება ინფორმაციის მიმღები კონკრეტული პირის დაინტერესებას. გარდა ამისა, ინფორმაციის მიღების უფლება რეგულირდება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმებით, სადაც წარდგენილი იქნა ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნა. პირადი მონაცემების გადამცემ საბაჟო სამსახურთან ან საქართველოს შეთხვევაში, აგრეთვე სხვა კომპეტენტურ ორგანოსთან კონსულტაცია უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ დაინტერესებული პირი მიიღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნაზე უარის მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს ეძლევა რემედიუმი.
6. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები აღმოჩნდება არაზუსტი, მოძველებული ან გადაჭარბებული, იგი შესწორდება ან გაუქმდება. სხვა ორგანოებისათვის მონაცემების გადაცემის შემთხვევაში, მათ ეცნობებათ ამგვარი შესწორების ან გაუქმების შესახებ.
7. თუ ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პირადი მონაცემების გამოყენებით ჩატარებული მოკვლევის შედეგად ფიზიკურ პირს მიადგება ზიანი, ის კომპეტენტური ორგანო, რომელმაც გამოიყენა ეს მონაცემები, პასუხისმგებელია მიყენებულ ზიანზე იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმების შესაბამისად. კომპეტენტურ ორგანოს არ შეუძლია პასუხისმგებლობის მოხსნა იმ მოტივით, რომ ზიანი გამოწვეული იქნა სხვა კომპეტენტური ორგანოს ქმედების შედეგად, რომელმაც გადასცა პირადი მონაცემები.
8.ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პირადი მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მოთხოვნის შესრულების მიზნებისათვის.
9. კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემების გადაცემის ან მიღების რეგისტრაციას.
10. კომპეტენტური ორგანო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ორგანოებიც, მიიღებს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემების დაცვას უნებართვო გამოყენების, შეცვლის ან გავრცელებისაგან.