გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.08.2015
ძალის დაკარგვა 06.01.2016
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2015 წლის 3 აგვისტო
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გეოგრაფიული ობიექტები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, სასაფლაო, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი;
ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება (ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება), აეროპორტი, აეროდრომი;
გ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
დ) სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში.
მუხლი 3🔗.
სახელდების პრინციპები
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:
ა) მემკვიდრეობითობა;
ბ) ისტორიული ტოპონიმების მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებსა და საზოგადოებრივ აზრს;
გ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
დ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;
ე) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
ვ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მონაწილეებს;
ზ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
2. რელიგიურ დღესასწაულებთან და სასულიერო მოღვაწეებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება შესაბამის კონფესიებთან.
მუხლი 4🔗.
გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება
1. სახელი ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ)სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (აბრაზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება დასაშვებია მიეთითოს სხვა ენაზეც.
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში,თუ:
ა) იცვლება საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული შემორჩენილი სახელწოდებები;
ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
გ) არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;
დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 6🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა 1/3- ის ინიციატივის შემთხვევაში.
2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდებისას, მათი გვარ-სახელები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“).
3. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა”).
4. თუკი საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ., „მეფე დემეტრე თავდადებული”).
5. ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ., „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ., „26 მაისის მოედანი“).
6. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების დასახელებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტების დასახელებებთან.
7. დასაშვებია მოკლე ჩიხების, გასასვლელების თუ შესახვევების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი, გასასვლელი თუ შესახვევი (მაგ., დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში, სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც, გასასვლელსაც და შესახვევსაც.
8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის №109 ბრძანებულების შესაბამისად.
9. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერაციულად, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმებით.
10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით დაწერის ფორმას.
მუხლი 7🔗.
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებების შეზღუდვა
1.დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას ისეთი სახელების გამოყენება, რომლებიც:
ა) აღვივებენ შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშობის მიხედვით;
ბ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველტაოდ აღიარებულ ნორმებს.
2. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგ., „შ.რუსთაველი“, „დ.აღმაშენებელი“, „ი.გურჯი“).
3. დაუშვებელია ერთი და იმავე დასახელების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების გამოყენება სხვა, იმავე სახის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას.
4. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება.
5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორაგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ, ამ წესის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით.
მუხლი 8🔗.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტა
1. გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – განკარგულებით იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ან ამ დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკრებულოს წევრთა 1/3;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელი;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
3. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება (არა მარტო სახელწოდების, არამედ მისი კავშირი კონკრეტულ ადგილთან);
ბ)ობიექტისაღწერა(მდებარეობა); გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ;
დ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით.
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივას დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში საკითხს განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტრული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისია (შემდგომში – კომისია).
6. საკითხის განხილვისას კომისიამ უნდა გამიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები.
7. კომისია, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე, რომელიც წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში - სამთავრობო კომისია).
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრულ მიმართვას უნდა დაერთოს:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი;
გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით;
დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.
10. ქალაქში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას, სამთავრობო კომისიისთვის მიმართვას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად, უნდა დაერთოს:
ა) პროსპექტის (გამზირი), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, ბულვარის, ხეივანის სახელდებისას - სიტუაციური რუკა (ქაღალდის ვერსია). რუკაზე წერტილებით და ხაზებით უნდა იყოს აღწერილი ქუჩის ფორმა და გავრცელების არეალი. ქუჩის დასაწყისი და დასასრული უნდა აღიწეროს წერტილებით, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;
ბ) ზონის, მიკრორაიონის, მოედნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა- ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისას - რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი ობიექტის ფორმა და გავრცელების არეალი, საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.
11. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.
12. საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე განკარგულების მიღების შემთხვევაში განკარგულება შესაბამისი რეაგირებისთვის ეგზავნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას, რომელმაც ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების, ცნობარების და ა.შ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
13. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ან/და მე-10 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ ქვეყნდე ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.