(შპს "ბლექსი ინვესტის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/647
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
30 ივლისი, 2015 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ, ნოდარი გიორგიძის მდივნობით , შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,ბლექ სი ინსვეტის’’ მიმართ.
2015 წლის 30 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ნოტარიულად დამოწმებული მომრიგებელი საბჭოს სხდომის ოქმი №2, რომლის თანახმად, საბჭომ გაანალიზა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, არსებული აქტივები, ვადამოსული მოთხოვნები და მათი გასტუმრების საშუალებები, ასევე გაანალიზა ის მდგომარეობა, რაც არსებობს ინვესტორებთან და შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკების პროცესში. მომრიგებელი საბჭოს მიერ პირველივე ეტაპზე გამოირიცხა გაკოტრების საქმისწარმოების პერსპექტივა, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს საზოგადოების აქტივების ეფექტურად განკარგვის გზას და ვერ უზრუნველყოფს კრედიტორთა დაკმაყოფილებას არსებულ სიტუაციაში, კერძოდ, მოხდება აუქციონის წესით ობიექტის გაყიდვა, არსებობს დიდი ვარაუდი იმისა, რომ ობიექტის რეალიზება მოხდება მცირე თანხით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კრედიტორების ინტერესების სრულად ან მეტწილად მნიშვნელოვანი დავალიანების გასტუმრებას. შესაბამისად საბჭოს ეფექტურად მიაჩნია არსებული მშენებარე ობიექტის მშენებლობის გაგრძელების ინვესტიციების მოზიდვის გზით ობიექტის დასრულება ან ობიექტის პირდაპირი რეალიზაცია, რაც წარმოადგენს არსებული აქტივების ეფექტურ განკარგვას და პოტენციურად სრულად უზრუნველყოფს კრედიტორთა დაკმაყოფილებას. ამდენად საბჭო ასკვნის, რომ კომპანიის აქტივებს პოტენციურად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დააკმაყოფილონ კრედიტორთა მოთხოვნები, მით უფრო, რომ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შეწყვეტის შემდეგ კომპანიას ეძლევა საშუალება დაფაროს ცალკე აღებული ვადამოსული მოთოვნები, რისი საშუალებაც საბჭოს აზრით არსებობს კომპანიის აქტევების ეფექტურად განკარგვის საშუალებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ’’.
სასამართლო სხდომაზე გადაწყევტილებას მხარი დაუჭირეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა და განმარტეს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კრედიტორებისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის მიზნით, რის გამოც ითხოვენ შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტას. მოთხოვნას დაეთანხმნენ კრებაზე მონაწილე კრედიტორები.
სასამართლომ განიხილა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 15 დღის განმავლობაში, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:ა) გაკოტრების შესახებ;ბ) რეაბილიტაციის შესახებ;გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.
სასამართლო სხდომაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებმა განმარტეს, რომ მათ შეისწავლეს კომპანიაში არსებული ვითარება და მიზანშეწონილად მიაჩნიათ შეწყდეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეწყდეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5-9, 33-34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
3. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11) . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე