ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №636
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.09.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (15)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წესისა და დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.12.2009
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„აგროდაზღვევის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№636
2015 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წესისა და დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის №1574 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
დანართი №1
ხანძრის და მისი შედეგების
აღრიცხვის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესი (შემდგომში –
წესი) შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და ადგენს საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის ერთიან წესს.
2. ხანძრებისა და მათი შედეგების შესახებ ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის ფორმირების მიზნით წინამდებარე წესი არეგულირებს ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის ერთიან მოთხოვნებს.
3. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვა წარმოებს მათი წარმოქმნის გარემოებების ანალიზის და კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღების, შექმნილ ვითარებაზე დროული რეაგირების, აგრეთვე ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მიმართული ხანძრების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების და ხანძრის ჩაქრობისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით.
4. წესი სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულება-ორგანიზაციებისათვის, მიუხედავად მათი სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
მუხლი 2🔗
გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
ა) ხანძარი – უკონტროლო წვის პროცესი, რომელიც იწვევს მატერიალურ ზიანს, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს;
ბ) წაკიდება – უკონტროლო წვის პროცესი, რომელიც არ იწვევს მატერიალურ ზიანს, საფრთხეს არ უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს არ აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს;
გ) ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი – ხანძრის ან/და მეორადი გამოვლინების ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შედეგად განადგურებულ ან/და დაზიანებულ მატერიალურ ფასეულობათა თანხობრივი შეფასება
დ) განადგურებული მატერიალური ფასეულობანი – მატერიალური ფასეულობანი, რომელთაც მთლიანად დაკარგეს თავისი ხარისხი, ღირებულება, მათი გამოყენება შეუძლებელია დანიშნულებისამებრ და შეკეთების შემთხვევაშიც ვერ იქნებიან ვარგისი შემდგომი გამოყენებისათვის;
ე) დაზიანებული მატერიალური ფასეულობანი – მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც შეკეთების (აღდგენის) გზით შესაძლებელია მოყვანილ იქნეს გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში;
ვ) სხეულის დაზიანება (ტრავმა) – ადამიანის ორგანოების და ქსოვილების ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევა;
ზ) ხანძრის საშიში ფაქტორები – ალი, ნაპერწკალი, გარემოს მაღალი ტემპერატურა, კვამლი, წვის და თერმული დაშლის ტოქსიკური პროდუქტები, ჟანგბადის დაბალი კონცენტრაცია;
თ) მეორადი გამოვლინების ხანძრის საშიში ფაქტორები – დამსხვრეული აპარატების, აგრეგატების, დანადგარების და კონსტრუქციების ნამსხვრევები; დამსხვრეული აპარატებიდან და დანადგარებიდან გამოჟონილი რადიოაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებები და მასალები; აპარატების და აგრეგატების კონსტრუქციების დენგამტარ ნაწილებზე ძაბვის გადატანის შედეგად წარმოქმნილი ელექტრული დენი; ხანძრის შედეგად მომხდარი აფეთქების საშიში ფაქტორები, ცეცხლმაქრი ნივთიერებები;
ი) ხანძრის ობიექტი – შენობა, ნაგებობა, გარე დანადგარი, სატრანსპორტო საშუალება, მასალების ღიად შენახვის და გადამუშავების ადგილი, სოფლის მეურნეობის სავარგულები, ტყის მასივი და ა.შ.;
კ) საწარმო – საწარმო, დაწესებულება ან ორგანიზაცია, მიუხედავად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა, სადაც დამოუკიდებლად ან ორგანიზაციულად ხორციელდება პროდუქციის შექმნა, საქმიანობა, მომსახურების გაწევა;
ლ) სატრანსპორტო საშუალებები – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე სხვა სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული:
ლ.ა) საჰაერო ტრანსპორტი –
თვითმფრინავი, შვეულმფრენი, საჰაერო ბურთი და სხვა საფრენად განკუთვნილი საშუალებები;
ლ.ბ) წყლის ტრანსპორტი –
მდინარეებზე, ტბებზე, ზღვებზე, არხებზე და ა.შ. მგზავრების ან/და ტვირთის გადასაყვანად/გადასაზიდად განკუთვნილი საშუალებები;
ლ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები;
ლ.დ) სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა;
ლ.ე) საბაგირო და საჭაპანე ტრანსპორტი.
მ) ფიქტიური გამოძახება – შემოსული შეტყობინების საფუძველზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ შესრულებული გასვლა, როდესაც ხანძრის (წაკიდების) სავარაუდო ობიექტზე ხანძრის (წაკიდების) კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი.
თავი II
ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვა
მუხლი 3🔗
1. საქართველოში მოქმედებს ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა.
2. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვისას სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ წინამდებარე წესის და საქართველოს მთავრობის დადგენილების „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.
3. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვა ხორციელდება საქართველოში ხანძრებთან დაკავშირებული მდგომარეობის დამახასიათებელი ძირითადი მაჩვენებლების ფორმირებისათვის და მოიცავს:
ა) ოფიციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას და სახელმწიფო სტატისტიკურ ანგარიშგებას, რომელსაც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ (შემდგომში –
სააგენტო);
ბ) საუწყებო და ტერიტორიულ სტატისტიკურ აღრიცხვას, რომელსაც უზრუნველყოფენ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები და სხვა იურიდიული პირები, აგრეთვე სააგენტოს ტერიტორიული და სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფები (შემდგომში –
სახელშეკრულებო დანაყოფები), რომლებიც სტატისტიკური აღრიცხვის ანგარიშგებას დადგენილი წესით წარუდგენენ სააგენტოს.
4. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვა წარმოებს ქვეყანაში მომხდარი ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების საუწყებო და ტერიტორიული სტატისტიკური აღრიცხვის შედეგად მიღებული მონაცემების შემდგომი დამუშავების, ანალიზის, მონაცემების ფორმირებისა და განზოგადებისათვის.
5. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების საუწყებო და ტერიტორიული სტატისტიკური აღრიცხვა წარმოებს ქვეყანაში მოხდარი ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების პირველადი სტატისტიკური მონაცემების ანალიზისათვის, აგრეთვე ადმინისტრაციული მონაცემთა პირველადი ბაზის ფორმირებისათვის.
6. პირველადი სტატისტიკური მონაცემები ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების თაობაზე შეიცავს რესპოდენტებისაგან მიღებულ, გადამოწმებულ ინფორმაციას.
7. ადმინისტრაციული მონაცემები ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების თაობაზე შეიცავს პირველადი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე აღრიცხვის ფორმების ან/და ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვის ელექტრონული მონაცემთა ბაზების შესაბამისად გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც იძლევა ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგებისათვის ინფორმაციის ფორმირების შესაძლებლობას.
მუხლი 4🔗
1. აღრიცხვას ექვემდებარება ყველა ხანძარი, მათი წარმოშობის ადგილის და შედეგების მიუხედავად.
2. აღრიცხვას ექვემდებარება ყველა ხანძარი, რომელთა ჩასაქრობად მოზიდული იყო სახანძრო-სამაშველო დანაყოფები, აგრეთვე ხანძრები, რომელთა ჩაქრობაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა ინფორმაცია მათ თაობაზე შემოვიდა მოქალაქეებისა ან იურიდიული პირებისაგან.
3. აღრიცხვას ექვემდებარება წაკიდების შემთხვევები, თუ მათი ლიკვიდაციისათვის მოზიდული იყო სახანძრო-სამაშველო დანაყოფები, აგრეთვე წაკიდების ის შემთხვევები, რომელთა ჩაქრობა განხორციელდა მოქალაქეების მიერ სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მისვლამდე.
4. წაკიდებას განეკუთვნება წვის შემდეგი შემთხვევები, მიუხედავად მათი წარმოქმნის მიზეზებისა, როგორიცაა:
ა) უპატრონო შენობა-ნაგებობების წვა;
ბ) უპატრონო სატრანსპორტო საშუალებების წვა;
გ) მშრალი ბალახის წვა;
დ) ალვის, ჭადრის ხის გინგლის წვა;
ე) ტორფის წვა გაზონებზე და საკარმიდამო ნაკვეთებზე;
ვ) ნამკალის წვა;
ზ) ნარჩენების წვა ნაგავსაყრელებზე, უშენ ადგილებზე, ქონების მფლობელის ტერიტორიაზე, გზისპირებზე, ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერულ მოედნებზე, ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებში (ურნებში), საცხოვრებელი სახლების ლიფტის შახტებში (ლიფტებში), საცხოვრებელი სახლების ნარჩენების ბუნკერებში (ნაგავსატარებში), საცხოვრებელი სახლების კიბის უჯრედებში, საცხოვრებელი სახლების სარდაფის და სხვენის სათავსებში.
5. აღრიცხვას ასევე ექვემდებარება სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ფიქტიურ გამოძახებაზე გასვლის შემთხვევები.
მუხლი 5🔗
აღრიცხვას არ ექვემდებარება:
ა) წვის შემთხვევები, რომლებიც განპირობებულია წარმოების ტექნოლოგიური პროცესის სპეციფიკით (გათვალისწინებულია ტექნოლოგიურ რეგლამენტში ან სხვა ტექნიკურ დოკუმენტაციაში), ან სამრეწველო დანადგარებისა და აგრეგატების მუშაობის პირობებით;
ბ) წვის შემთხვევები, როგორც საგნების ცეცხლით, სითბოთი ან სხვა თერმული (თბური) დამუშავების შედეგი მათი გადამუშავების, სხვა თვისებრივი მახასიათებლების შეცვლის მიზნით (შრობა, ხარშვა, უთოობა, შებოლვა, შეწვა, დნობა), თუ მათ არ მოჰყოლია წვის გავრცელება;
გ) აფეთქებები, ანთებები, ელექტროსტატიკური განმუხტვა, რომელსაც არ მოჰყოლია ხანძარი;
დ) ელექტროქსელში, ელექტრომოწყობილობებში, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ელექტროხელსაწყოებში მოკლე ჩართვის შემთხვევები, რომლებსაც არ გამოუწვევიათ ხანძარი ან/და ხანძრის საშიში ფაქტორების გავრცელება აპარატის, აგრეგატის და მექანიზმის ფარგლებს გარეთ;
ე) დაკვამლიანების შემთხვევები საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების გაუმართაობის და საკვების მომზადების შედეგად, წვის შემდგომი გავრცელების გარეშე;
ვ) ხანძრები, რომლებიც მოხდა ექსტერიტორიულობის უფლებით მოსარგებლე ობიექტებზე, მათთვის დამდგარი შედეგების მიუხედავად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ხანძარმა მატერიალური ან სხვა ზიანი მიაყენა საქართველოს იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს;
ზ) თვითმკვლელობის მცდელობა და თვითმკვლელობა თვითდაწვის გზით, თუ ამას არ მოჰყოლია წვის გავრცელება, სხვა ადამიანების დაღუპვა ან ტრავმირება, ან მატერიალური ფასეულობების განადგურება;
თ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებებში წარმოქმნილი წვის შემთხვევები;
ი) ხანძრები, რომელთა მიზეზი გახდა საავიაციო და სარკინიგზო კატასტროფები, ფორსმაჟორული გარემოებები (ტერორისტული აქტები, საომარი მოქმედებები, სამართალდამცავი ორგანოების სპეცოპერაციები, მიწისძვრები, ვულკანის ამოფრქვევა და სხვა გარემოებები).
მუხლი 6🔗
ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვის მონაცემები სააგენტოს მიერ დადგენილი წესით წარედგინება სსიპ –
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს.
მუხლი 7🔗
სააგენტოს ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფები ახორციელებენ ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების იმ შემთხვევების აღრიცხვას, რომლებიც მოხდა:
ა) დასახლებულ პუნქტებსა და საწარმოებში;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ხანძარი (წაკიდება) მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარაჟებში ღია მოედნებზე, დეპოებში, ანგარებში, ვაგზლებში, აეროდრომებზე, საზღვაო ნავსადგურებში, ნავმისადგომთან დგომის დროს;
გ) ავტოტრანსპორტზე, თუ ხანძარი მოხდა ტრანსპორტის მსვლელობის დროს ან დროებით სადგომზე (მისი აღმოჩენის ადგილას);
დ) ტყეებში, რომლებიც არ ირიცხება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს კუთვნილებაში.
მუხლი 8🔗
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს კუთვნილ ტყეებში მომხდარი ხანძრების და მათი შედეგების აღრიცხვას თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ შესაბამისად ზემოაღნიშნული სააგენტოები.
მუხლი 9🔗
მიწისქვეშა ობიექტებზე (მაღარო, შახტი, მღვიმე) მომხდარი ხანძრების და მათი შედეგების აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
მუხლი 10🔗
საჰაერო, წყლის სატრანსპორტო საშუალებებზე მომხდარი ხანძრების და მათი შედეგების აღრიცხვას, თუ ხანძარი გაჩნდა მათი ცურვის, ფრენის დროს, ან დროებით სადგომზე დგომის დროს, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.
მუხლი 11🔗
სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრავ შემადგენლობაზე მომხდარი ხანძრების და მათი შედეგების აღრიცხვას, თუ ხანძარი გაჩნდა მათი მსვლელობის დროს ან დროებით სადგომზე დგომის დროს, ახორციელებს სს „საქართველოს რკინიგზა“.
მუხლი 12🔗
საწარმოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ხანძრის ყველა შემთხვევის შესახებ ატყობინებენ სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფებს.
მუხლი 13🔗
წინამდებარე წესის მე-7–მე-11 მუხლებში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოები მათ დაქვემდებარებულ ობიექტებზე მომხდარი ხანძრების (წაკიდების) თაობაზე მონაცემებს სააგენტოში წარადგენენ დადგენილი წესით, არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა, ამ წესის №6 დანართის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 14🔗
ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასათვის, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის მოპოვება შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.
თავი III
ხანძრისაგან დაზარალებულთა აღრიცხვა
მუხლი 15🔗
ხანძარზე დაზარალებულ პირთა აღრიცხვას ახორციელებენ წინამდებარე წესის მე-7–მე-11 მუხლებში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოები და სხვა იურიდიული პირები სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე.
მუხლი 16🔗
1. სამედიცინო დაწესებულებები, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, წინამდებარე წესის მე-7–მე-11 მუხლებში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, გასცემენ დოკუმენტებს ხანძარზე დაზარალებულ პირთა შესახებ, რომლებმაც მიმართეს ან განთავსებულ იქნენ სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, აგრეთვე ხანძრის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ.
2. სამედიცინო დაწესებულებები იმ თანამდებობის პირთა მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებას ხანძრების თაობაზე, გასცემენ ხანძარზე დაზარალებულ პირთა ტრავმირების ფაქტის ან დაღუპვის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
მუხლი 17🔗
1. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხანძრის წარმოქმნის მომენტამდე ადამიანთა გარდაცვალების ფაქტის დადგენის ან გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედების დადგენის შემთხვევაში აღრიცხვაზე აყვანილი აღნიშნული პირები, როგორც ხანძარზე დაღუპულები, მოიხსნებიან აღრიცხვიდან.
2. აღრიცხვაზე არ აიყვანება ხანძრის ადგილზე დაღუპული ან ტრავმირებული პირები, რომლებიც დაიღუპნენ ან ტრავმა მიიღეს ავტოსაგზაო შემთხვევის, საავიაციო და სარკინიგზო კატასტროფის, ფორსმაჟორული გარემოებების გამო, ექსტერიტორიულობის უფლებით მოსარგებლე ობიექტებზე მომხდარი ხანძრების შედეგად.
მუხლი 18🔗
1. ხანძარზე დაღუპულად ითვლება პირი, რომელიც გარდაიცვალა უშუალოდ ხანძრის ადგილზე ხანძრის საშიში ფაქტორების, აგრეთვე მეორადი გამოვლინების ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შედეგად მიღებული სხეულის დაზიანების (ტრავმის) გამო.
2. ხანძარზე ტრავმირებულად ითვლება პირი, რომელმაც მიიღო სხეულის დაზიანება ხანძრის საშიში ფაქტორების, აგრეთვე მეორადი გამოვლინების ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.
3. აღრიცხვაზე აიყვანება ხანძარზე აღმოჩენილი ადამიანთა გვამები (სხეულის ნარჩენები), რომელთა სიკვდილი დადგა ხანძრის საშიში ფაქტორების ან/და მეორადი გამოვლინების ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების (სიმაღლიდან ვარდნა, პანიკა და სხვა გარემოებები) შედეგად.
4. აღრიცხვაზე აიყვანება ხანძარზე ტრავმირებული ყველა პირი, რომელთაც სხეულის დაზიანებები (ტრავმა) მიიღეს ხანძრის ადგილზე ხანძრის საშიში ფაქტორების ან/და მეორადი გამოვლინების ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების (სიმაღლიდან ვარდნა, პანიკა და სხვა გარემოებები) შედეგად.
5. ხანძარზე ტრავმირებული პირის შემთხვევის დღიდან 30 დღის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევაში, თუ დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ დაზარალებული გარდაიცვალა ხანძრის საშიში ფაქტორების ან მეორადი გამოვლინების ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ხანძარზე ტრავმირების შემთხვევა შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს ხანძარზე დაღუპვის შემთხვევად. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად, შეიტანება ცვლილებები ხანძრის თაობაზე არსებულ ჩანაწერებში და მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში დადგენილი წესით.
თავი IV
ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის აღრიცხვა
მუხლი 19🔗
აღრიცხვას ექვემდებარება ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობით მოხდება მისი ანაზღაურება.
მუხლი 20🔗
საწარმოები, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, ასევე სადაზღვევო ორგანიზაციები, მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულნი არიან წარუდგინონ ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტები წინამდებარე წესის მე-7–მე-11 მუხლებში განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილ პირებს.
მუხლი 21🔗
ხანძრის შედეგად მიყენებულ მატერიალურ ზიანში ჩაითვლება ზიანი, რომელიც მიადგა უძრავ ქონებას, ძირითად ან/და საბრუნავ საშუალებებს, მოქალაქეთა პირად ქონებას, ფასიან ქაღალდებს.
მუხლი 22🔗
ძირითადი საშუალებების ხანძრით განადგურების (დაზიანების) შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი განისაზღვრება ნარჩენი ღირებულების მიხედვით – უკანასკნელი გადაფასების გათვალისწინებით, შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი ნაშთის ღირებულების გამოკლებით.
მუხლი 23🔗
დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობის და კაპიტალური რემონტის სტადიაზე ძირითადი ფონდების ხანძრით განადგურების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი გაიანგარიშება შესრულებული სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე.
მუხლი 24🔗
საბრუნავი საშუალებების ხანძრით განადგურების (დაზიანების) შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი განისაზღვრება მატერიალური ფასეულობების ღირებულებიდან (ხანძრის მომენტისათვის მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ფასებიდან გამომდინარე) ხანძრის შედეგად ნარჩენი მატერიალური ფასეულობების ღირებულების გამოკლების გზით.
მუხლი 25🔗
საკუთარი წარმოების პროდუქციის ღირებულება (მათ შორის, რომელიც იმყოფება დაუმთავრებელი წარმოების სტადიაზე), განისაზღვრება მისი საწყისი ღირებულებიდან გამომდინარე და ხანძრის მომენტამდე მის დამუშავებაზე გაწეული ხარჯების გათვალისწინებით.
მუხლი 26🔗
მზა პროდუქცია, ნედლეული, მასალები და სხვა მატერიალური ფასეულობები (მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ჩათვლით), რომლებიც განთავსებულია საწყობებში (ბაზებში), ფასდება საბითუმო (შესყიდვის) ფასებით, ტრანსპორტირების და დასამზადებელ-სასაწყობო ხარჯების, ზედნადები ხარჯების და ბუნებრივი დანაკლისის ნორმების გათვალისწინებით ხანძრის მომენტისათვის, ხოლო საცალო ვაჭრობაში – საცალო ფასებით.
მუხლი 27🔗
1. მოქალაქეთა პირადი ქონების ხანძრით განადგურების (დაზიანების) შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი განისაზღვრება მესაკუთრის დოკუმენტების (არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე, ხოლო დაზღვეულ ქონებაზე – სადაზღვევო ორგანიზაციების მონაცემების საფუძველზე ზიანის საანგარიშო ღირებულებით, დაზღვევის (ხელახალი დაზღვევის) მომენტისათვის მოქმედი საცალო ფასებიდან გამომდინარე, ნარჩენი, შემდგომ გამოსაყენებლად ვარგისი ქონების ღირებულების გამოკლებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობის დასადგენად დასაშვებია დაზარალებულის მიერ წერილობით წარმოდგენილი განადგურებული (დაზიანებული) ქონების ღირებულების გათვალისწინება. განადგურებული (დაზიანებული) ქონება შეფასდება ხანძრის მომენტისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად.
მუხლი 28🔗
ხანძრის შედეგად ფასიანი ქაღალდების, ფულადი ნიშნების განადგურების შემთხვევაში მატერიალური ზიანი აღირიცხება მათი ნომინალური ღირებულების მიხედვით, გარდა იმ ფასიანი ქაღალდებისა, რომლებიც იმყოფება დამზადების სტადიაში (ამ შემთხვევაში მატერიალური ზიანი განისაზღვრება მათი დამზადების თვითღირებულების მიხედვით).
მუხლი 29🔗
ხანძრის შედეგად უცხოური ვალუტით მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში ზიანი აღირიცხება საქართველოს ფულად ერთეულებში, ხანძრის მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
მუხლი 30🔗
არ აიყვანება აღრიცხვაზე მატერიალური ზიანი, რომელიც მიადგა ხანძრის შედეგად უცხო ქვეყნის საკუთრებას, გარდა საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ამ ზიანის ანაზღაურების შემთხვევებისა.
მუხლი 31🔗
1. ხანძრის (წაკიდების) აღრიცხვის ბარათის შევსებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ხანძრისგან მიყენებული ზიანის თაობაზე მონაცემების შეგროვებას აქვს საცნობარო ხასიათი და აღირიცხება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე:
ა) ცნობები ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის თაობაზე, გაცემული იმ ორგანიზაციის საბუხჰალტრო ანგარიშგების მონაცემების საფუძველზე, რომლის კუთვნილ საწარმოში მოხდა ხანძარი;
ბ) ცნობები ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის თაობაზე გაცემული სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ;
გ) ამონაწერი სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებებიდან;
დ) მესაკუთრეთა საბუთების ან განცხადების საფუძველზე, რომლებიც ადასტურებენ განადგურებული ან/და დაზიანებული პირადი ქონების ღირებულებას.
2. ხანძრის თაობაზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი მონაცემების რეგისტრაცია არ დაიშვება.
თავი V
ხანძრის (წაკიდების) აღრიცხვის ბარათის
შევსებისა და ინფორმაციის კოდირების ზოგადი მოთხოვნები
მუხლი 32🔗
1. ამ თავში განსაზღვრულია ხანძრის (წაკიდების) აღრიცხვის ბარათის (დანართი №3 (შემდგომში – ბარათი)) შევსების და ინფორმაციის კოდირების ზოგადი მოთხოვნები.
2. ბარათი ივსება თითოეული ხანძრის (წაკიდების) შემთხვევაზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, რომელიც ატარებდა მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლას და გამოკვლევას.
3. ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და გამოკვლევის შედეგების მიხედვით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ფორმდება პატაკი სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის ზედამხედველობის ორგანოს უფროსის სახელზე, რომელშიც კონკრეტულად მითითებულია იმ შესწავლილი და გამოკვლეული გარემოებების შესახებ, რომლთა შესაბამისად დადგენილია, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება აღნიშნული შემთხვევა – ხანძარს თუ წაკიდებას.
4. ბარათის გაფორმებისას ხანძრის (წაკიდების) შემთხვევაში ივსება ბარათის ყველა ნაწილი შეძლებისდაგვარად სრულად.
5. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ფიქტიურ გამოძახებაზე გასვლის შემთხვევაში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ივსება მხოლოდ ბარათის I ნაწილი სრულად (ამ ნაწილის მე-3 პუნქტის ველში კეთდება ჩანაწერი „ფიქტიური“ და ბარათს რიგითი ნომერი არ ეძლევა), V ნაწილის 49-ე პუნქტის შესაბამის კოდურ ველში მიეთითება შეტყობინების მიღების დრო, ხოლო VI ნაწილის 59-60 პუნქტების შესაბამის კოდურ ველებში მიეთითება გასვლაში მონაწილე ტექნიკის სახეობა და რაოდენობა.
6. ბარათს ხელს აწერს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი). ბარათი რეგისტრირდება ხანძრების (წაკიდებების) აღრიცხვის ჟურნალში და არაუმეტეს 10 დღის ვადაში ხანძრის (წაკიდების) ლიკვიდაციის დღიდან იგზავნება შესაბამისად ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში.
7. ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირები ამოწმებენ წარდგენილი დოკუმენტების შევსების სისწორეს და სრულყოფილებას, შეაქვთ მათში აუცილებელი დაზუსტებები, დამატებები და აანალიზებენ მიღებულ ინფორმაციას. შემოწმებული და შესწორებული ბარათები დადგენილი წესით წარედგინება სააგენტოს შემდგომი დამუშავებისა და ოფიციალური სტატისიკური აღიცხვის წარმოებისათვის (ოფიციალური სტატისიკური ინფორმაციის ფორმირებისათვის).
8. ბარათები მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ ნიმუშს, დაბეჭდილი უნდა იყოს მხოლოდ თეთრი ფერის A4 ფორმატის საწერ ქაღალდზე და შევსებული გარკვევით, ქართულ ენაზე.
9. გასული კალენდარული წლის დაზუსტებული მონაცემები მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს დადგენილი წესით მომდევნო წლის 31 მარტამდე.
10. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვის და დამუშავების ერთიანი ავტომატიზებული სისტემის შექმნის შემთხვევაში დასაშვები იქნება აღრიცხვის ელექტრონულად წარმოება. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების ელექტრონულად აღრიცხვის და მონაცემთა ბაზების წარმოების წესი განისაზღვრება სააგენტოს მიერ.
მუხლი 33🔗
1. ბარათი შედგება ტექსტური და კოდური ნაწილისაგან.
2. ტექსტური ნაწილი (ბარათის მარცხენა ნაწილი) შეიცავს ველების დასახელებას, რომელთა შემდგომ ბარათის შევსებისას ჩაიწერება მათი ტექსტური ან რაოდენობრივი მნიშვნელობა.
3. კოდური ნაწილი (ბარათის მარჯვენა ნაწილი) განკუთვნილია ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავებისათვის და ივსება მხოლოდ ციფრული მონაცემებით ამ წესისა და №2 დანართში მოცემული ცხრილების შესაბამისად.
4. ხანძრების (წაკიდებების) შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი დაზუსტებები, აგრეთვე დამატებები და ცვლილებები სამედიცინო დაწესებულებების, სადაზღვევო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, დადგენილი წესით წარედგინება სააგენტოს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვისა დამატებითი ბარათის ან ცხრილის სახით (დანართი №4).
5. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის პროცესში გამოვლენილი აუცილებლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები კოდურ ცხრილებში. აღნიშნული დამატებებისა და ცვლილებების შესახებ ეცნობება იმ პირებს, რომლებიც დადგენილი წესით ახორციელებენ ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვას სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფებში.
მუხლი 34🔗
1. სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფები ბარათების, ხანძრების (წაკიდებების) აღრიცხვის ჟურნალის, ასევე სამსახურის წიგნში შეტანილი მონაცემების საფუძველზე ავსებენ „ანგარიშს ხანძრებისა და მათი შედეგების შესახებ“ (დანართი №5) და რომელსაც ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა აგზავნიან სააგენტოში.
2. წესის მე-7–მე-11 მუხლებში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოები და სხვა იურიდიული პირები მონაცემებს მათ დაქვემდებარებულ ობიექტებზე მომხდარი ხანძრებისა და მათი შედეგების თაობაზე წარმოადგენენ სააგენტოში ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, შესაბამისი ფორმით (დანართი №6).
3. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ფიქსირებული შემთხვევის აღრიცხვიდან მოხსნა ხორციელდება მხოლოდ აღნიშნულის აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე სამსახურებრივი ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში, აღრიცხვიდან მოხსნის მიზეზის მითითებით.
თავი VI
ხანძრის (წაკიდების) აღრიცხვის ბარათის შევსებისათვის
ინფორმაციის კოდირების წესი
მუხლი 35🔗
1. ბარათი უნდა შეიცავდეს ხანძრის (წაკიდების) ობიექტის მისამართს (ივსება სიტყვიერად, გარკვევით). კოდური ნაწილის პირველ ველში ჩაიწერება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის კოდი №2 დანართის ცხრ. 1-ის შესაბამისად.
2. კოდური ნაწილის მე-2 ველში ჩაიწერება ბარათის შემდგენელი დანაყოფის კოდი №2 დანართის ცხრ. 2-ის შესაბამისად.
3. კოდური ნაწილის მე-3 ველში ჩაიწერება ბარათის ნომერი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვის ჟურნალში გატარებული ხანძრის (წაკიდების) სარეგისტრაციო ნომრის შესაბამისად. ძირითადი ბარათის შევსების დროს კოდური ნაწილის დამატებითი ველი არ ივსება, ხოლო დამატებითი ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში დამატებით ველში იწერება ციფრები 1-დან 9-მდე, იმის მიხედვით, თუ წარმოდგენილი დამატებითი ბარათი რიგით მერამდენეა. ქალაქში, მუნიციპალიტეტში მომხდარ ხანძართა ერთობლიობაში ხანძრის (წაკიდების) აღრიცხვის ის ბარათები, რომლებსაც ერთი ნომერი გააჩნიათ, აღირიცხება ერთ შემთხვევად. დამატებითი ბარათები ივსება ხანძრის (წაკიდების) შესწავლის და გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი დაზუსტებების, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებების, სადაზღვევო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე უკვე წარმოდგენილ მონაცემებში დამატებების და ცვილებების შეტანის მიზნით და წარედგინება სააგენტოს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვისა. დამატებითი ბარათები აგრეთვე ივსება იმ ხანძრებზე, რომლებზეც დაიღუპა ან ტრავმა მიიღო 3 ადამიანზე მეტმა, წინამდებარე წესის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.
4. ბარათის კოდური ნაწილის მე-4 ველში ხანძრის შემთხვევაში ჩაიწერება „1 ”, წაკიდების შემთხვევაში – „2 ”, ხოლო ფიქტიური გასვლის შემთხვევაში – ” 0 ”.
5. ბარათის კოდური ნაწილის მე-5 ველში ჩაიწერება ხანძრის წარმოშობის თარიღი. ხსენებული ველის პირველ ორ უჯრაში ჩაიწერება რიცხვი, მომდევნო ორში – თვე, ხოლო ბოლო ორ უჯრაში – წლის აღმნიშვნელი ბოლო ორი ციფრი.
6. ბარათის კოდური ნაწილის მე-6 ველში ჩაიწერება დასახლების სახეობის კოდი №2 დანართის ცხრ. 3-ის შესაბამისად.
7. ბარათის კოდური ნაწილის მე-7 ველში ჩაიწერება დასახლების სახანძრო დაცვის სახეობის კოდი №2 დანართის ცხრ. 4-ის შესაბამისად.
მუხლი 36🔗
1. ბარათის კოდური ნაწილის მე-8 ველში ჩაიწერება მეწარმე სუბიექტის კატეგორია: „1” – მცირე საწარმო, „2” – საშუალო საწარმო, „3” – არ არის მცირე და საშუალო სამეწარმეო ობიექტი.
2. ხანძრის (წაკიდების) თითოეული ობიექტი განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საკუთრების ერთ-ერთ ფორმას. ბარათის კოდური ნაწილის მე-9 ველში ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ობიექტის საკუთრების ფორმის კოდი №2 დანართის ცხრ. 5-ის შესაბამისად.
3. ბარათის კოდური ნაწილის მე-10 ველში №2 დანართის ცხრ. 6-ის შესაბამისად ჩაიწერება იმ საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების სამართლებრივი ფორმის კოდი, რომლის ობიექტზეც მოხდა ხანძარი (წაკიდება).
4. ბარათის კოდური ნაწილის მე-11 ველში ჩაიწერება საქართველოს სამინისტროს (უწყების) კოდი №2 დანართის ცხრ. 7-ის შესაბამისად.
5. ბარათის კოდური ნაწილის მე-12 ველი ემსახურება იმ საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების ტიპის (ძირითადი ფუნქციონალური დანიშნულების ან საქმიანობის მიმართულების) განსაზღვრას, რომლის შემადგენლობაშიც შედის ხანძრის (წაკიდების) ობიექტი. ბარათის კოდური ნაწილის მე-12 ველში ჩაიწერება საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების ტიპის კოდი №2 დანართის ცხრ. 8-ის შესაბამისად.
6. ბარათის კოდური ნაწილის მე-13 ველში ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ობიექტის კოდი №2 დანართის ცხრ. 9-ის შესაბამისად, ხოლო ტექსტურ ნაწილში აღინიშნება ობიექტის დასახელება სიტყვიერად.
7. ბარათის კოდური ნაწილის მე-14 ველში აღინიშნება ხანძრის (წაკიდების) ობიექტი არის თუ არა მრავალფუნქციური შენობის, კომპლექსის შემადგენელი ნაწილი: „1” – არის, „2” – არ არის.
8. ბარათის კოდური ნაწილის მე-15 ველში აღინიშნება ხანძრის (წაკიდების) ობიექტი შეტანილია თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში: „1” – შეტანილია, „2” – არ არის შეტანილი.
9. ბარათის კოდური ნაწილის მე-16 ველში ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ობიექტის სახანძრო დაცის სახეობის კოდი №2 დანართის ცხრ. 10-ის შესაბამისად.
10. ბარათის კოდური ნაწილის მე-17 ველის პირველ ორ უჯრაში ჩაიწერება შენობის სართულების რაოდენობა. შენობის სართულებში ჩაითვლება მიწისზედა, მიწისპირა, მიწისქვეშა, მანსარდის და ტექნიკური სართულები. მომდევნო ორ უჯრაში აღინიშნება სართული, რომელზეც წარმოიშვა ხანძარი (წაკიდება). ხანძრის (წაკიდების) მიწისპირა, მიწისქვეშა, მანსარდის და ტექნიკურ სართულებზე გაჩენის შემთხვევაში კოდური ნაწილის ველის ბოლო (მეხუთე) უჯრაში შესაბამისად შეიტანება – მიწისპირა – 0, მიწისქვეშა – 1, მანსარდა – 2, ტექნიკური – 3 (თუ ხანძარი (წაკიდება) გაჩნდა შენობის გარეთ, აღნიშნული ველები არ ივსება).
11. ბარათის კოდური ნაწილის მე-18 ველში ჩაიწერება შენობის ან ნაგებობის ცეცხლმედეგობის ხარისხი №2 დანართის ცხრ. 11-ის შესაბამისად.
12. ხანძრის წარმოშობის ადგილად მოიაზრება ადგილი (როგორც ღია ტერიტორია, ასევე დახურული სივრცე), სადაც თავდაპირველად გაჩნდა ხანძარი (წაკიდება). შენობის (ნაგებობის) სათავსებში, საინჟინრო კონსტრუქციებსა და სატრანსპორტო საშუალების ნაკვეთურში ხანძრის (წაკიდების) გაჩენის შემთხვევაში ივსება ბარათის კოდური ნაწილის მე-19 ველის პირველი სამი უჯრა №2 დანართის ცხრ. 12-ის 1-58 კოდების შესაბამისად, ხოლო მოდევნო ორ უჯრაში ჩაიწერება სამშენებლო კონსტრუქციის კოდი №2 დანართის ცხრ. 12-ის 59-69 კოდების მიხედვით. ღია ტექნოლოგიურ დანადგარებზე, ღია ტერიტორიებზე გაჩენილი ხანძრის (წაკიდების) ან ნარჩენების წვის შემთხვევაში ბარათის შევსების დროს ივსება მხოლოდ აღნიშნული ველის პირველი სამი უჯრა №2 დანართის ცხრ. 12-ის 70-106 კოდების შესაბამისად.
13. ბარათის კოდური ნაწილის მე-20 ველში ჩაიწერება იმ ნაკეთობის (მოწყობილობის) კოდი, რომელზეც უშუალოდ გაჩნდა ხანძარი (წაკიდება) №2 დანართის ცხრ. 13-ის შესაბამისად.
14. ბარათის კოდური ნაწილის 21-ე ველში ჩაიწერება იმ მასალის კოდი, რომელიც აალდა ანთების წყაროდან და რომელზეც უშუალოდ გავრცელდა ხანძარი (წაკიდება) №2 დანართის ცხრ. 14-ის შესაბამისად.
15. ბარათის კოდური ნაწილის 22-ე ველში ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) მიზეზის კოდი, რომელმაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ხანძრის (წაკიდების) წარმოშობაში №2 დანართის ცხრ. 15-ის შესაბამისად.
16. ბარათის კოდური ნაწილის 23-ე ველში ჩაიწერება კოდი, რომელიც ასახავს მომხდარი ხანძრის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების შედეგებს: „1" – დაწყებულია გამოძიება; „2" – დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა გამოძიება; „3" – მასალა გადაცემულია ქვემდებარეობით. ბარათში ასევე აღინიშნება ვის მიერ არის საქმე აღძრული (გვარი, სახელი, თანამდებობა).
17. ბარათის კოდური ნაწილის 24-ე ველში ჩაიწერება კოდი, რომელიც ასახავს მიეკუთვნება თუ არა ხანძრის (წაკიდების) ობიექტი სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას: „1" – ობიექტი მიეკუთვნება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას; „2" – ობიექტი არ მიეკუთვნება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას.
18. ბარათის კოდური ნაწილის 25-ე ველში ჩაიწერება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტის ბოლო სახანძრო-ტექნიკური შემოწმების (გამოკვლევის) თარიღი. ხსენებული ველის პირველ ორ უჯრაში ჩაიწერება რიცხვი, მომდევნო ორში – თვე, ხოლო ბოლო ორ უჯრაში – წლის აღმნიშვნელი ბოლო ორი ციფრი). თუ ხანძრის წაკიდების ობიექტი არ მიეკუთვნება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას, აღნიშნული ველი არ ივსება.
19. ბარათის კოდური ნაწილის 26-ე ველში ჩაიწერება მანძილი (კილომეტრებში) უახლოეს სახანძრო-სამაშველო დანაყოფამდე, რომლებიც პირველი გამოცხადდნენ ხანძრის (წაკიდების) ადგილზე (მანძილი მრგვალდება მთელ რიცხვამდე მეტობით).
მუხლი 37🔗
1. ბარათის კოდური ნაწილის 27-ე ველში თანმიმდევრობით ჩაიწერება ხანძარზე დაღუპულ ადამიანთა საერთო რაოდენობა (პირველ სამ უჯრაში), ხოლო მომდევნო უჯრებში შესაბამისად – მათ შორის ხანძარზე დაღუპული ბავშვების (მომდევნო 2 ველში) და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურეების (ბოლო 2 ველში) რაოდენობა.
2. ბარათის კოდური ნაწილის 28-ე ველში თანმიმდევრობით ჩაიწერება ხანძარზე ტრავმირებულ პირთა საერთო რაოდენობა (პირველ 3 უჯრაში), ხოლო მომდევნო უჯრებში შესაბამისად, მათ შორის ტრავმირებული ბავშვებისა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურეთა რაოდენობა.
3. ბარათის კოდური ნაწილის 29-ე ველში ჩაიწერება ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის მნიშვნელობა (ლარებში). ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად. ბარათის შევსებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ზიანის თაობაზე მონაცემების შეგროვებას აქვს საცნობარო ხასიათი და აღირიცხება მხოლოდ ამ წესის 31-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების საფუძველზე. ბარათში დაფიქსირებული მონაცემები ზიანის ოდენობის თაობაზე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ხანძრის შესახებ ცნობების მომზადებისას.
4. ბარათის კოდური ნაწილის ველებში შესაბამისად ჩაიწერება ხანძრის შედეგად განადგურებული და დაზიანებული: 30 – შენობები (ერთეული); 31 – საცხოვრებელი ბინები ან ოთახები (ერთეული); 32 – ფართობი სართულების მიხედვით (კვ.მ.); 33 – ავტოტრანსპორტი (ერთეული); 34 – ტყის მასივის ან სხვა ღია ტერიტორიის ფართობი (ჰექტარი); 35 – მარცვლეული, ტექნიკური კულტურების მინდვრების, ხეხილის ბაღების ფართობი (ჰექტარი); 36 – მარცვლეული და მარცვლეულ-პარკოსანი კულტურები (ტონა); 37 – ტექნიკური და სხვა კულტურები (ტონა); 38 – პირუტყვის საკვები (ტონა); 39 – პირუტყვი (მსხვილფეხა); 40 – პირუტყვი (წვრილფეხა); 41 – ფრინველი (ფრთა).
მუხლი 38🔗
1. ბარათის კოდური ნაწილის ველებში შესაბამისად ჩაიწერება ხანძარზე გადარჩენილ: 42 – ადამიანთა რაოდენობა; 43 – მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა; 44 – წვრილფეხა პირუტყვის რაოდენობა; 45 – ავტოტრანსპორტი (ერთეული); 46 – მატერიალური ფასეულობა (ლარი).
2. ხანძარზე გადარჩენილად ითვლებიან ადამიანები ან/და ცხოველები, რომელთა ევაკუირება ხანძრის გავრცელების ზონიდან განხორციელდა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურეების, მომსახურე პერსონალის ან მოქალაქეების დახმარებით.
3. ავტოტრანსპორტი ჩაითვლება გადარჩენილად, თუ ის იმყოფებოდა ხანძრის გავრცელების ზონაში, დაცული იქნა ცეცხლმაქრი საშუალებებით ან ევაკუირებულ იქნა უსაფრთხო ზონაში და ხანძრის შემდეგ მისი გამოყენება შესაძლებელია პირველადი დანიშნულებით.
4. მატერიალური ფასეულობა ჩაითვლება გადარჩენილად, თუ ის იყო მოქცეული ხანძრის გავრცელების ზონაში, დაცული იქნა ცეცხლმაქრი საშუალებებით ან ევაკუირებულ იქნა უსაფრთხო ზონაში და ხანძრის შემდეგ მისი გამოყენება შესაძლებელია პირველადი დანიშნულებით. გადარჩენილი მატერიალური ფასეულობების ღირებულება განისაზღვრება ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის განსაზღვრის ანალოგიურად, ამ წესის შესაბამისად.
5. გადარჩენილ ადამიანთა და მატერიალურ ფასეულობათა განსაზღვრისას უსაფრთხო ზონად მოიაზრება ტერიტორია, რომელზეც ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აგრეთვე მატერიალური ფასეულობები დაცულია ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ზიანის მიყენებისგან.
6. სხვა შენობებზე, ნაგებობებზე ხანძრის გავრცელების შემთხვევაში, ამ შენობებში გადარჩენილი მატერიალური ფასეულობების ღირებულება განისაზღვრება ზემოაღნიშნულის შესაბამისად.
მუხლი 39🔗
1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ოპერატიული რეაგირების ანალიზის მიზნით ბარათის კოდური ნაწილის ველებში შესაბამისად ჩაიწერება: 47 – წარმოშობის სავარაუდო დრო; 48 – აღმოჩენის დრო; 49 – შეტყობინების მიღების დრო; 50 – პირველი დანაყოფის მისვლის დრო; 51 – პირველი ლულის მიწოდების დრო; 52 – ლოკალიზაციის დრო; 53 – ღია წვის ლიკვიდაციის დრო; 54 – ლიკვიდაციის დრო; 55 – ლიკვიდაციის თარიღი.
2. პირველი დანაყოფის ხანძარზე (წაკიდებაზე) მისვლის დროდ ფიქსირდება ხანძარზე (წაკიდებაზე) პირველად მისული ძირითადი ან სპეციალური სახანძრო ავტომობილის მისვლის დრო, მიუხედავად სახანძრო დაცვის დანაყოფის სახეობისა.
3. ხანძარი (წაკიდება) ჩაითვლება ლოკალიზებულად, თუ არ არსებობს ან ლიკვიდირებულია საფრთხე ადამიანთა ან/და ცხოველთათვის, აღარ არსებობს ხანძრის (წაკიდების) გავრცელების შესაძლებლობა (ფართობსა და მოცულობაში) და შექმნილია პირობები მისი ლიკვიდაციისათვის არსებული ძალებითა და საშუალებებით.
4. ხანძარი (წაკიდება) ჩაითვლება ლიკვიდირებულად, თუ შეწყვეტილია წვა და აღმოფხვრილია მისი თვითნებურად წარმოქმნის შესაძლებლობა.
5. ბარათის კოდური ნაწილის 56-ე ველში ჩაიწერება იმ ძირითადი პირობების კოდები, რომლებმაც ხელი შეუწყეს ხანძრის (წაკიდების) განვითარებას №2 დანართის ცხრ. 16-ის შესაბამისად.
მუხლი 40🔗
1. ბარათის კოდური ნაწილის 57-ე ველში შესაბამისად ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობის მონაწილეთა კოდი №2 დანართის ცხრ. 17-ის შესაბამისად. დაშვებულია ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობის მონაწილეთა სამი სახეობის ჩვენება. კოდების გამეორება არ დაიშვება.
2. ბარათის კოდური ნაწილის 58-ე ველში შესაბამისად ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობის მონაწილეთა რაოდენობა სახეობების მიხედვით.
3. ბარათის კოდური ნაწილის 59-ე ველში ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობისას გამოყენებული სახანძრო ტექნიკის სახეობათა კოდები №2 დანართის ცხრ. 18-ის შესაბამისად. დაშვებულია ტექნიკის ხუთი სახეობის ჩვენება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობაში. კოდების გამეორება არ დაიშვება.
4. ბარათის კოდური ნაწილის მე-60 ველში შესაბამისად ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობისას გამოყენებული სახანძრო ტექნიკის რაოდენობა სახეობების მიხედვით.
5. ბარათის კოდური ნაწილის 61-ე ველში შესაბამისად ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობისას მიწოდებული ლულების სახეობანი №2 დანართის ცხრ. 19-ის შესაბამისად. დაშვებულია გამოყენებული ლულების სამი სახეობის ჩვენება. კოდების გამეორება არ დაიშვება.
6. ბარათის კოდური ნაწილის 62-ე ველში შესაბამისად ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობისას მიწოდებული ლულების რაოდენობა სახეობების მიხედვით.
7. ბარათის კოდური ნაწილის 63-ე ველში ჩაიწერება ცეცხლმაქრი საშუალებების სახეობები, რომლებიც გამოყენებული იქნა ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობისას №2 დანართის ცხრ. 20-ის შესაბამისად. დაშვებულია ცეცხლმაქრი საშუალებების სამი სახეობის ჩვენება. კოდების გამეორება არ დაიშვება.
8. ბარათის კოდური ნაწილის 64-ე ველში ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობისას გამოყენებული ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების სახეობანი №2 დანართის ცხრ. 21-ის შესაბამისად. დაშვებულია ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების სამი სახეობის ჩვენება. კოდების გამეორება არ დაიშვება.
9. ბარათის კოდური ნაწილის 65-ე ველში ჩაიწერება სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის აპარატების სახეობები, რომლებიც გამოყენებული იყო ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობისას №2 დანართის ცხრ. 22-ის შესაბამისად. დაშვებულია სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სამი სახეობის ჩვენება. კოდების გამეორება არ დაიშვება.
10. ბარათის კოდური ნაწილის 66-ე ველში ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობისას გამოყენებული წყლის წყაროების სახეობათა კოდები №2 დანართის ცხრ. 23-ის შესაბამისად. დაშვებულია წყლის წყაროს სამი სახეობის ჩვენება. კოდების გამეორება არ დაიშვება.
11. ბარათის კოდური ნაწილის 67-ე ველში ჩაიწერება იმ სახანძრო ავტომატური დანადგარების სახეობის კოდი №2 დანართის ცხრ. 24-ის შესაბამისად, რომელიც დამონტაჟებული იყო ხანძრის (წაკიდების) ობიექტზე. დაშვებულია სახანძრო ავტომატური დანადგარების სამი სახეობის ჩვენება. კოდების გამეორება არ დაიშვება.
12. ბარათის კოდური ნაწილის 68-ე ველში ჩაიწერება სახანძრო ავტომატური დანადგარების მუშაობის შედეგები №2 დანართის ცხრ. 25-ის შესაბამისად.
13. ბარათის კოდური ნაწილის 69-ე ველში შესაბამისად ჩაიწერება ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობის პირველი და ბოლო ხელმძღვანელის კოდი №2 დანართის ცხრ. 26-ის შესაბამისად. თუ ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობის პროცესში ხანძრის (წაკიდების) ჩაქრობის ხელმძღვანელი არ შეცვლილა, მაშინ მეორე ველში ჩაიწერება იგივე კოდი, რაც პირველ ველში.
14. ბარათის კოდური ნაწილის 70-ე ველში ჩაიწერება „1" („ოპერატიული შტაბი”), თუ ხანძარზე (წაკიდებაზე) არსებული ვითარებიდან გამომდინარე ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი იყო ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბი და „2" („ოპერატიული შტაბის შექმნის გარეშე”), თუ ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბი არ შექმნილა.
15. ბარათის კოდური ნაწილის 71-ე ველში ჩაიწერება ციფრი „1", თუ ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის წევრები გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ხანძარზე გამოძიების ჩასატარებლად, და ციფრი „2", თუ ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი არ გასულა შემთხვევის ადგილზე.
მუხლი 41🔗
1. წინამდებარე ნაწილის კოდური ველი (72-77) შედგება ორი სამ-სამ სვეტიანი ბლოკისაგან, რომელთაგან თითოეული სვეტი განკუთვნილია ერთი გარდაცვლილის ან ტრავმირებულის შესახებ მონაცემების ჩასაწერად.
2. ბარათის კოდური ნაწილის 72-ე ველში თანმიმდევრობით ჩაიწერება ხანძარზე დაღუპულ, ტრავმირებულ ადამიანთა ასაკი. ერთ წლამდე ასაკის ბავშვების დაღუპვის, ტრავმირების შემთხვევაში ასაკის ველში შეიტანება „1".
3. ბარათის კოდური ნაწილის 73-ე ველში შესაბამისად ჩაიწერება „1", თუ დაღუპული, ტრავმირებული ადამიანი მამაკაცია და „2", თუ დაღუპული, ტრავმირებული ადამიანი ქალია.
4. ბარათის კოდური ნაწილის 74-ე ველში ჩაიწერება ხანძარზე დაღუპული ადამიანის სოციალური მდგომარეობის კოდი №2 დანართის ცხრ. 27-ის შესაბამისად.
5. ბარათის კოდური ნაწილის 75-ე ველში ჩაიწერება იმ პირობების კოდი, რომლებმაც ხელი შეუწყო ხანძარზე ადამიანთა დაღუპვას, ტრავმირებას №2 დანართის ცხრ. 28-ის შესაბამისად.
6. ბარათის კოდური ნაწილის 76-ე ველში ჩაიწერება ხანძარზე პირის დაღუპვის მიზეზი №2 დანართის ცხრ. 29-ის შესაბამისად.
7. ბარათის კოდური ნაწილის 77-ე ველში ჩაიწერება კოდი, რომელიც ასახავს, თუ როდის გარდაიცვალა დაზარალებული პირი: „1" – სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მისვლამდე, „2" – ხანძრის ლიკვიდაციისას თუ „3" – შემთხვევის დღიდან 30 დღის განმავლობაში.
8. თუ ხანძრის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა 3 ადამიანზე მეტი, მონაცემები სამ მათგანზე უნდა იქნეს მოყვანილი ძირითად ბარათში, ხოლო მომდევნო 3-3 დაღუპულზე (ტრავმირებულზე) ივსება დამატებითი ბარათი I და VII ნაწილების სავალდებულო შევსებით. დამატებითი ბარათის ნომერი უნდა ემთხვეოდეს ძირითადი ბარათის ნომერს, ხოლო ველში “ძირითადი, დამატებითი” მიეთითება დამატებითი ბარათის რიგითი ნომერი დაწყებული ერთიდან.
მუხლი 42🔗
წინამდებარე ნაწილი ფორმირდება და ივსება სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შეხედულებისამებრ და მასში შეიტანება ხანძრის (წაკიდების) და მისი შედეგების დამახასიათებელი, ან ხანძრის (წაკიდების) ანალიზისა და მათი თავიდან აცილებისათვის პრაქტიკული ინტერესის მქონე სხვა მაჩვენებლები (სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მუშაობის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით).