საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2015
ძალაში შესვლა 01.09.2015
ძალის დაკარგვა 23.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №97
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016512
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 30.01.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №97
2015 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №60 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
დანართი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭდები და შტამპები, რომელთა ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროსა და სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობის უზრუნველყოფა.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ერთიანი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში მოსულ ვიზიტორთა შემოსვლის უზრუნველყოფა (საშვის გაცემა) და კონტროლი;
დ) კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, განაწილება, დოკუმენტაციის დროულად შესრულების კონტროლი, სამინისტროში აღრიცხული კორესპონდენციის სტატისტიკის წარმოება;
ე) საკონტროლო კორესპონდენციის განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ვ) მინისტრის/პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების რეგისტრაცია და ადრესატებისათვის დაგზავნა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება;
თ) სამინისტროსთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვა და კონტროლი;
ი) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად;
კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროში და სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ნათესავების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება/საჩივრების, სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წერილობითი კორესპონდენციების მიღება და შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვა/დარეგისტრირება;
მ) სამინისტროსა და სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისათვის კონსულტაციების გაწევა;
ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
პ) სამინისტროს ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნების განრხორციელების ორგანიზება;
რ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე სამინისტროს მოსამსახურეთა დაშვების ორგანიზება და აღრიცხვა;
ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) არქივის სამმართველო;
გ) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო;
დ) საზოგადოებრივი მისაღების სამმართველო.
მუხლი 10🔗
საქმისწარმოების სამმართველო:
ა) ახორციელებს სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგების, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავებასა და დანერგვას;
ბ) უზრუნველყოფს ერთიან საქმისწარმოებას სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;
გ) ორგანიზებას უწევს სამინისტროში მოსულ ვიზიტორთათვის საშვის გაცემასა და კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შედგენას;
ე) უზრუნველყოფს კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას, დოკუმენტაციის დროულად შესრულების კონტროლს და სამინისტროში აღრიცხული კორესპონდენციის სტატისტიკის წარმოებას;
ვ) ახორციელებს საკონტროლო კორესპონდენციის განსაზღვრას;
ზ) უზრუნველყოფს მინისტრის/პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების რეგისტრაციასა და ადრესატებისათვის დაგზავნას;
თ) უზრუნველყოფს ნომენკლატურის შესაბამისად საქმეთა ფორმირებასა და საუწყებო არქივისათვის გადაცემას;
ი) ახორციელებს კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირებას;
კ) უზრუნველყოფს სამინისტროსთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვასა და კონტროლს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და გადაცემას არქივისათვის;
მ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 11🔗
არქივის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებასა და სახელმწიფო არქივისთვის გადაცემას ნომენკლატურით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით;
ბ) ახორციელებს არქივში დაცული დოკუმენტაციის აღრიცხვასა და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
გ) უზრუნველყოფს საქმისწარმოების სამმართველოსა და სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან საუწყებო არქივის დოკუმენტებით შევსებას;
დ) ახორციელებს საარქივო საქმის წარმოებას, სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვას მატერიალური და ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) უზრუნველყოფს დაცული დოკუმენტების ასლისა და ამონაწერის გაცემას საამისოდ უფლებამოსილ პირებზე;
ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 12🔗
საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო:
ა) შეიმუშავებს საიდუმლო საქმეთა ნომენკლატურას;
ბ) ახორციელებს საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაციასა და საიდუმლო საქმისწარმოებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასა და შიდაინფორმაციულ წესრიგს;
დ) უზრუნველყოფს შემოსული და გასული საიდუმლო კორესპონდენციის რეგისტრაციას, კლასიფიცირებას, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის და თანამშრომლებისთვის დროულ მიწოდებას;
ე) ამზადებს მოსამსახურეთა თანამდებობრივ ნომენკლატურებს, რომლებიც ექვემდებარება განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებთან დაშვებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მიზნით საიდუმლო დოკუმენტებთან პირთა დაშვებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლო დოკუმენტების ასლების დამოწმებასა და დოკუმენტებიდან ამონაწერების მომზადებას;
თ) ნომენკლატურის შესაბამისად, ახორციელებს დამთავრებული საქმეების საუწყებო არქივისთვის ჩასაბარებლად მომზადებას;
ი) უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე სამინისტროს მოსამსახურეთა დაშვების ორგანიზებასა და აღრიცხვას;
კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 13🔗
საზოგადოებრივი მისაღების სამმართველო:
ა) ახორციელებს სამინისტროსა და სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ნათესავების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება/საჩივრების, სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წერილობითი კორესპონდენციების მიღებას;
ბ) უზრუნველყოფს განცხადება/საჩივრების და სხვა წერილობითი კორესპონდენციის შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვასა და დარეგისტრირებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოქალაქეებისათვის კონსულტაციების გაწევას;
დ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას;
ე) ორგანიზებას უწევს სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნების განრხორციელებას;
ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
ე) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ლ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 15🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
დ) ასრულებს მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 16🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 17🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) მინისტრის მრჩეველი;
ბ) მინისტრის თანაშემწე;
გ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;
დ) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები;
ე) მრჩეველი;
ვ ) მთავარი სპეციალისტი;
ზ ) სპეციალისტი;
თ) უფროსი კონსულტანტი;
ი) კონსულტანტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით.