საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2015
ძალაში შესვლა 01.09.2015
ძალის დაკარგვა 23.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №95
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016510
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.05.2019
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №95
2015 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და ამავე დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის (შემდგომში –
დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ამოცანაა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
ბ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
ე) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
ვ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
ზ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;
თ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;
ი) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამინისტროს ობიექტებზე;
კ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება;
ლ) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;
მ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება;
ნ) სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ო) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის (მასალის) შეკრება, დამუშავება და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსება;
პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის;
დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის.
ე) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ლ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
დ) ასრულებს მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) მრჩევლები;
ბ) მთავარი სპეციალისტები;
გ) სპეციალისტები.
2. სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.