შპს „ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმო“-ს გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №21506-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2015 წლის 25 აგვისტო
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმო’’
( საიდენტიფიკაციო კოდი – 237060354);
დირექტორი – შპს ,,რეაბილიტაცია’’;
წარმომადგენელი – ბიძინა ჩიკვილაძე;
მოთხოვნა – შპს ,,ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს’’ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება;
განიხილა შპს ,,ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს’’ დირექტორის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს ,,ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,რეაბილიტაციამ’’ (დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე) და აღნიშნა, რომ შპს ,,ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმო’’ (საიდენტიფიკაციო კოდი – 237060354) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც არ ფუნქციონირებს. მისი საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ასევე არ გააჩნია რაიმე სახის მოძრავი ქონება. შპს ,,ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს’’ არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, უზრუნველყოფილი კრედიტორი კი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტია. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს - 77 007.46 (სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდი და ორმოცდაექვსი) ლარს (9 905.81 ლარი (ნარჩენი) + 67 101.65 ლარი (საურავი) = 77 007.46 ლარი (კრედიტორული დავალიანება). შპს ,,ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს’’ (ს/ნ237060354) დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. შპს ,,ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ (ს/ნ237060354) ანგარიშსწორების ანგარიში არ აქვს გახსნილი არცერთ ბანკში, ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია , რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო :
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ არ გააჩნია ქონება, ამდენად, მას უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ (ს/ნ237060354) უარი ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს ,,ოზურგეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ (ს/ნ237060354) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე