„ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილე პერსონალის სოციალური გარანტიებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესის და პირობების“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №441
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018827
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილე პერსონალის სოციალური გარანტიებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესის და პირობების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №441
2015 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილე პერსონალის სოციალური გარანტიებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესის და პირობების“ დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ შეთანხმების მე-2 თავის საფუძველზე და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილე პერსონალის სოციალური გარანტიებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი და პირობები (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილე პერსონალის სოციალური გარანტიებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი არეგულირებს „ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №663 დადგენილებით დამტკიცებული „ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის წესის“ შესაბამისად, ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში სახელმწიფო ორგანოების, საჯარო მოსამსახურეების, მათ შორის, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირების, ასევე ხელშეკრულებით დაქირავებული პირების (შემდგომში – პირები) მონაწილეობასთან დაკავშირებულ სოციალურ გარანტიებსა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების პირობებს.
მუხლი 2🔗. ანაზღაურების წესი
1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №663 დადგენილებით დამტკიცებული „ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის წესის“ შესაბამისად, მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა, თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურებისათვის დანამატი.
2. ამ წესით განსაზღვრული მოსამსახურეთა მივლინებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №663 დადგენილებით დამტკიცებული „ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის წესით“ განსაზღვრული წარმგზავნი უწყებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
3. ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში წარგზავნილი პირის პირველი თვის სამივლინებო თანხა გაიცემა ავანსის სახით, ხოლო დარჩენილი თანხის გაცემა მოხდება ყოველთვიურად.
4. ხელშეკრულებით დაქირავებული პირების მივლინებასთან დაკავშირებული თანხების გამოყოფა განხორციელდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
5. ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს კონტინგენტის მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები განისაზღვრება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს რისკებისა და სირთულეების მიხედვით, ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით.
6. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი აკონტროლებს ევროკავშირის სტანდარტებს და საჭიროების შემთხვევაში ამ დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით მიმართავს საქართველოს მთავრობას.
მუხლი 3🔗. სამივლინებო ხარჯები
1. წარგზავნილი პირების სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება დანართი №2-ის შესაბამისად, რომელიც მოიცავს სადღეღამისო ნორმას, მისიის სირთულისა და რისკის ყოველდღიურ დანამატებს, ასევე − დანართი №3-ის შესაბამისად, რომელიც მოიცავს საერთო სტაჟსა და შესაბამის თანამდებობაზე ანაზღაურების ყოველთვიურ ნორმას ნამსახურები წლების მიხედვით.
2. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის რეკომენდაციის საფუძველზე, წარმგზავნი უწყება უფლებამოსილია, გამოყოს მივლინებულ პირთა გადამზადებისთვის საჭირო თანხა.
მუხლი 4🔗. მგზავრობა
1. მოსამსახურეთა მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა.
2. მგზავრობა ანაზღაურდება ფაქტობრივად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
3. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება მოხდება ავანსის სახით.
მუხლი 5🔗. სოციალური გარანტიები
1. მომსახურეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საერთაშორისო დაზღვევის პაკეტის ყოველთვიური პრემია არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს, ხოლო ამ ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №663 დადგენილებით დამტკიცებული „ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის წესით“ განსაზღვრული წარმგზავნი უწყებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პაკეტი უნდა უზრუნველყოფდეს ვაქცინაციის ჩატარებას ყველა იმ პირისთვის, რომლებიც ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობის მიღების მიზნით სამსახურებრივი მივლინებით გაემგზავრებიან ადამიანის ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში.
მუხლი 6🔗. ხარჯების ანაზღაურება წარმგზავნი უწყების ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე
თუ ამ წესით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯების გარდა საჭიროა დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, აღნიშნული უნდა განხორციელდეს წარმგზავნი უწყების ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.