შპს „კაპიტალ ენერჯი“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11055-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/11055-15

 

 

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს „კაპიტალ ენერჯი’

წარმომადგენელი (დირექტორი) :  ზეზვა ოგბაიძე

მოთხოვნა: შპს „კაპიტალ ენერჯის’’ მიმართ

                    გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „კაპიტალ ენერჯის’’ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

  2015 წლის 9 ივნისს შპს „კაპიტალ ენერჯის” დირექტორმა ზეზვა ობგაიძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „კაპიტალ ენერჯის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის განმარტებით, ფინანსური სირთულეების გამო შპს „კაპიტალ ენერჯის” შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. საზოგადოებას აქვს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” მიმართ 304 155,27 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანება და მოთხოვნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიმართ 69 344,65 აშშ დოლარის ოდენობით. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიმართ მოთხოვნა ხანდაზმულია, თუმცა მოვალის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაშიც კი შპს „კაპიტალ ენერჯი” ვერ უზრუნველყოფს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” მიმართ ვალდებულების სრულად შესრულებას. საზოგადოების საკუთრებაში არ არის უძრავი და მოძრავი ქონება. მოვალე არის გადახდისუუნარო და იგი ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანებისა და საპროცესო ხარჯების გადახდას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 მაისის ცნობის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, შპს „კაპიტალ ენერჯის” საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 28 მაისის ცნობის მიხედვით, შპს „კაპიტალ ენერჯის” სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით, განმცხადებელს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა მტკიცებულების წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მან მიმართა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს” დავალიანების გადახდის მოთხოვნით.

2015 წლის 25 ივნისს შპს „კაპიტალ ენერჯის” დირექტორმა ზეზვა ობგაიძემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის” 2015 წლის 25 ივნისის წერილი, რომლის თანახმადაც კომპანია არ აღიარებს შპს „კაპიტალ-ენერჯის” მიმართ არსებულ დავალიანებას. წერილის თანახმად, შპს „კაპიტალ ენერჯის” აქვს დავალიანება შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიმართ 305 130,47 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით, შპს „კაპიტალ ენერჯის’’ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „კაპიტალ ენერჯის’’ არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „კაპიტალ ენერჯის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 07 ივლისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,კაპიტალ ენერჯი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,კაპიტალ ენერჯის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,კაპიტალ ენერჯი’’ (ს/კ 205259913) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,კაპიტალ ენერჯის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                ლაშა ქოჩიაშვილი