განჩინება შპს „მნათობი“-ს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/17179-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 17179 -15

 

 

 

 

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში

მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

201 5 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს ,,მნათობი”

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაციის” დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე

 

მოთხოვნა: შპს ,,მნათობის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2015 წლის 25 აგვისტოს შპს „მნათობის” წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „მნათობის” (ს/ნ 200073320) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას ბალანსზე და საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ორგანიზაციას არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ საწარმოს დავალიანება შეადგენს 2098,08 ლარს. შპს „მნათობს” დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. ორგანიზაციას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,საქართველოს ბანკში’’. საწარმოს საბანკო ანგარიშსა და სალაროში თანხა არ ერიცხება. შპს „მნათობი” გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 მაისის და 2015 წლის 02 ივლისის ცნობების შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, შპს „მნათობის” საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტირებული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციით თბილისში, სარაჯიშვილის გამზირ №7-ში (ავჭალის გზატკეცილი 69) მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში შპს „მნათობის” სახელზე უფლების დამდგენი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. შპს „მნათობი” არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ 2015 წლის 26 თებერვლის ცნობის მიხედვით, შპს „მნათობის” სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „მნათობს” უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

ამდენად, ვინაიდან შპს „მნათობს” არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მნათობის” (ს/ნ 200073320) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „მნათობის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                      ლაშა ქოჩიაშვილი