განჩინება შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი“-ს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/16799-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
201 5 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი”
წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაციის” დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი ს“ მიმართ
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2015 წლის 19 აგვისტოს შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი ს” წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი ს” (ს/ნ 241557427) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს’’ 2015 წლის 29 ივლისის ცნობის მიხედვით, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი ს” საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით: ,,ყვარელი, აღმაშენებლის ქუჩა №22’’, ტექნიკური აღრიცხვის მასალის შესაბამის გრაფაში უძრავი ნივთის მფლობელად მითითებულია შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი”. ქ. ყვარელში, აღმაშენებლის ქ. №16-ს ძველი ნუმერაციით მინიჭებული ჰქონდა №22, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.12.2008 წლის ამონაწერით. ამჟამად, აღმაშენებლის ქ. №16-ში განთავსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №57.06.59.030) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტზე, რაც დასტურდება 2015 წლის 17 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერით. შესაბამისად, საწარმოს არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი” არ ფლობს არანაირ მოძრავ ქონებას. ორგანიზაციას საგადასახადო და უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ამავე ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომელი სერგო ჭონქაძე, რომლის მიმართ რიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს 320 (სამას ოცი) ლარს. შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრს” დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. ორგანიზაციას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ლიბერთი ბანკსა’’ და სს ,,საქართველოს ბანკში’’. საწარმოს არც საბანკო ანგარიშზე და არც სალაროში თანხა არ ერიცხება. შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრი” გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.
სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ 2015 წლის 29 ივლისის ცნობის მიხედვით, შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის” სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს ,,ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრს” უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან შპს „ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრს” არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის” (ს/ნ 241557427) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს ,,ყვარლის დედათა და ბავშვთა ცენტრის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი