შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ
მიღების თარიღი 23.06.2015
ძალაში შესვლა 05.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №180/7
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016350
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის
ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი);
სურთ რა, გააუმჯობესონ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, აგრეთვე შეუმსუბუქონ და გაამარტივონ მოგზაურობასთან დაკავშირებული პროცედურები თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
თითოეული მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ თავიანთი მოქალაქეობის ქვეყნის ორდინალურ პასპორტებს, შეუძლიათ ვიზის გარეშე შევიდნენ, იმყოფებოდნენ და დატოვონ მეორე მხარის ტერიტორია შესვლის თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათ) დღემდე.
მუხლი 2🔗
წინამდებარე შეთანხმება არ ათავისუფლებს არცერთი მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ორდინალურ პასპორტებს მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ვალდებულებისაგან. ამ მოქალაქეებს არ შეუძლიათ დასაქმება –
იქნება ეს ანაზღაურებადი თუ არა, არც პროფესიული ან კომერციული საქმიანობის შესრულება მათი პირადი სარგებლობისთვის, თუ მასპინძელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ არ იქნება გაცემული შესაბამისი ნებართვა.
მუხლი 3🔗
მხარეებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით, უმოკლეს ვადაში ერთმანეთს უნდა აცნობონ შიდა კანონმდებლობაში ნებისმიერი ცვლილებების შესახებ, რომელიც ეხება უცხოელთა ქვეყანაში შესვლას, გასვლას და ყოფნას.
მუხლი 4🔗
1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ხსენებული თითოეული მხარის მოქალაქეები შევლენ და დატოვებენ მეორე მხარის ტერიტორიას მხოლოდ კანონიერად დადგენილი და აღიარებული სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით.
2. მხარეები ინარჩუნებენ უფლებას, უარი უთხრან მათ ტერიტორიაზე შესვლაზე, აგრეთვე შეუჩერონ ყოფნის ვადა მოქალაქეებს, რომელთაც persona non grata-დ მიიჩნევენ ან მათ, ვინც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან ეროვნულ უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს.
მუხლი 5🔗
თითოეულ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მთლიანად ან ნაწილობრივ. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერების ან ამგვარი შეჩერების გაუქმების შესახებ მეორე მხარეს წინასწარ უნდა ეცნობოს დიპლომატიური არხების საშუალებით. შეჩერება და მისი შემდგომი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების მიღების დღეს.
მუხლი 6🔗
მხარეები გაცვლიან შესაბამისი ორდინალური პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე შემოიღებს ახალ ან შეცვლილ შეთანხმებაში აღნიშნულ პასპორტებს, მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით ცვლილებების ძალაში შესვლამდე 60 (სამოცი) დღით ადრე და მიაწვდის შესაბამის ნიმუშებს.
მუხლი 7🔗
მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ამ შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომელიც ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე - 9 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება მეგობრულად, დიპლომატიური არხების მეშვეობით, კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის შეთანხების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი შეტყობინების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ.
მუხლი 10🔗
წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოქმედება შეუწყვიტოს შეთანხმებას დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ.
შესრულებულია 2015 წლის 23 ივნისს
ქ. ბუენოს-აირესში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების ან აღსრულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის არგენტინის რესპუბლიკის სახელით მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
(ხელმოწერილია)