ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.09.2015
ძალის დაკარგვა 12.11.2015
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.105.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2015 წლის 15 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონიs „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი და მე-13 პუნქტების და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გეოგრაფიული ობიექტები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, სასაფლაო, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი;
ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, აეროპორტი, აეროდრომი;
გ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
დ) სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში.
მუხლი 3🔗.
სახელდების პრინციპები
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:
ა) მემკვიდრეობითობა;
ბ) ისტორიული ტოპონიმების მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებსა და საზოგადოებრივ აზრს;
გ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
დ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და მუნიციპალიტეტში ორიენტირების ხელშეწყობა;
ე) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;
ვ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
ზ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მონაწილეებს;
თ) საზოგადოებრივი (მოსახლეობის) ინტერესების გათვალისწინება.
2. რელიგიურ დღესასწაულებთან და სასულიერო მოღვაწეებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება შესაბამის კონფესიებთან.
მუხლი 4🔗.
გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება
1. სახელი ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (აბრაზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება დასაშვებია მიეთითოს სხვა ენაზეც.
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იცვლება საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული შემორჩენილი სახელწოდებები;
ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
გ) არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;
დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას;
ვ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია.
მუხლი 6🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში (ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების შეცვლისას) ან/და ქუჩაზე(ქუჩის სახელწოდების შეცლა/გადარქმევის შემთხვევაში) ან ქუჩაზე მცხოვრები სრულწლოვანი მოქალაქეების 70%-ის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში;
2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდებისას, მათი გვარ-სახელები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“).
3. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა”).
4. თუკი საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ. „მეფე დემეტრე თავდადებული”).
5. ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ., „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ., „26 მაისის მოედანი“).
6. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების დასახელებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტების დასახელებებთან.
7. დასაშვებია მოკლე ჩიხების, გასასვლელების თუ შესახვევების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი, გასასვლელი თუ შესახვევი (მაგ., დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში, სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც, გასასვლელსაც და შესახვევსაც.
8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის №109 ბრძანებულების შესაბამისად.
9. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერაციულად, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმებით.
10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით დაწერის ფორმას.
მუხლი 7🔗.
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებების შეზღუდვა
1. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას ისეთი სახელების გამოყენება, რომლებიც:
ა) აღვივებენ შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშობის მიხედვით;
ბ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.
2. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგ., „შ.რუსთაველი“, „დ.აღმაშენებელი“, „ი.გურჯი“).
3. დაუშვებელია ერთი და იმავე დასახელების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების გამოყენება სხვა, იმავე სახის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას.(მაგ., ქვემო დარჩელი, ზემო დარჩელი და .აშ.).
4. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება.
5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორაგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ ამ წესის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით.
მუხლი 8🔗.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტა
1. გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – განკარგულებით იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია: ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
დ) კონკრეტულ ქუჩაზე ან/და კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეთა 70%,
3. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წარედგინება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, რომელმაც განხილვისას უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება (არა მარტო სახელწოდების, არამედ მისი კავშირი კონკრეტულ ადგილთან);
ბ) ობიექტის აღწერა (მდებარეობა);
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ;
დ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით.
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივას დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში საკითხს განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცისა და სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია).
6. კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე და წარუდგდენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
7. საკრებულოს თავმჯდომარე დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრულ დოკუმენტებთან და საკრებულოს სამართლებრივი აქტის –
განკარგულების პროექტთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია).
9. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.
10. საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე განკარგულების მიღების შემთხვევაში განკარგულება შესაბამისი რეაგირებისთვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას,რომელმაც ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების, ცნობარების და ა.შ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულ დოკუმენტთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.